აგრარული და მემბრანული ტექნოლოგიების ინსტიტუტი

ღონისძიება „შავი ზღვის ლურჯი პოლიტიკა’’

სურათი

ბსუ-ს აგრარული და მემბრანული ტექნოლოგიების ინსტიტუტის მეცნიერებმა და ტექნოლოგებმა მონაწილეობა მიიღეს სამეცნიერო-საგანმანათლებლო ღონისძიებაში ,,შავი ზღვის ლურჯი პოლიტიკა’’. ინსტიტუტის მეცნიერები წლებია მუშაობენ შავი ზღვის გაჭუჭყიანების პრობლემებზე: ტარდება პერიოდული კომპლექსური მონიტორინგი შავი ზღვის აჭარის სანაპირო ზოლის (კვარიათიდან ქობულეთის ჩათვლით, 7-10 ლოკაციაზე) წყლების ეკოლოგიური მდგომარეობის შეფასებისთვის. შერჩეულ დაკვირვების წერტილებში სეზონურად განსაზღვრულია წყლების ძირითადი ხარისხობრივი პარამეტრები (შემსრულებლები: ნ. კიკნაძე, რ. გოცირიძე, ნ. ხარაზი,  ქ.ჯიბლაძე).
    
სამეცნიერო ინსტიტუტისთვის გამოყოფილ საგამოფენო პავილიონში წარმოდგენილი იყო  შავი ზღვის წყლის გაჭუჭყიანების მონიტორინგის შედეგები.  ზღვის წყლის ქიმიური და მიკრობიოლოგიური ანალიზის მონაცემებით განისაზღვრა დაბინძურების ადგილები და შემდგომ გასუფთავების მეთოდები. ანა ხახუტაიშვილმა (ბსუ-ს მაგისტრი) წარმოადგინა ჩატარებული სამუშაოები გაანალიზებისა და დასკვნების მაჩვენებლებით.
   
ჩამდინარე წყლებიდან ზღვაში მოხვედრილ გამჭუჭყიანებლებს შორის განსაკუთრებით საშიშია მძიმე მეტალები (სპილენძი, ქრომი, ნიკელი, თუთია). გამოფენაზე წარმოდგენილი იყო ინსტიტუტში დამზადებული საპილოტე ელექტროდიალიზური მოწყობილობა, რომლის დანიშნულებაა საწარმოო ჩამდინარე წყლების გასუფთავება მძიმე მეტალების იონებიდან.  თვალსაჩინოებისათვის ჩატარდა ექსპერიმენტი: ნიკელის/სპილენძის შემცველი წყლების გასუფთავება ელექტროდიალიზური მეთოდით.  ელექტროდიალიზური აპარატით ხდება  წყლის როგორც გასუფთავება, ასევე მეტალის იონის დაკონცენტრირებაც. შესაძლებელია დაკონცენტრირებული ნიკელის /სპილენძის რეკუპერიზაცია,  ანუ კვლავ წარმოებაში დაბრუნება. (შემსრულებლები რ. გოცირიძე, რ. დავითაძე, ნ. კურცხალიძე, ზ. კონცელიძე)
    
დიდი ინტერესი გამოიწვია  ექსპერიმენტმა, რომლის დროსაც  ნაჩვენები იყო, თუ  როგორ ხდება  შავი ზღვისა და მასში ჩამდინარე წყლების გასუფთავება ნავთობისა და ნავთობპროდუქტებისაგან.  შესაძლებელი იყო  ნავთობის შემცველი  წყლის სეპარაციის და შემდეგ ნავთობის სორბციის პროცესების თვალსაჩინოდ ნახვა.  სორბციულ სვეტებში ჩატვირთულ სორბენტებში (იაფფასიანი პოლიმერული მასალა (ნარჩენი), საწარმოო, აგრომრეწველობის ნარჩენი ბუნებრივი მასალა (ნახერხი, სიმინდის ღერო და ტარი)  და არაორგანული სორბენტები-ალუმინის ჟანგი, ცეოლიტი) გატარდა ნავთობპროდუქტების შემცველი წყალი. შედეგად  გაფილტრულ წყალში ნავთობპროდუქტების შემცველობა მცირდება ზღვრულად დასაშვებ კონცენტრაციებამდე (შემსრულებლები რ. დავითაძე, ნ. მეგრელიძე, რ გოცირიძე, ნ.  მხეიძე).      

ნინო მხეიძემ უნივერსიტეტში გამართულ ინტერდისციპლინარულ  კონფერენციაზე ,,შავიზღვისპირეთი ცივილიზაციათა გზაჯვარედინზე’’ კოლეგებთან გააკეთა მოხსენება ,,ეკოლოგიურად სუფთა, უნარჩენო ტექნოლოგიის შემუშავება ნავთობპროდუქტებით დაბინძურებული წყლების გაწმენდისათვის’’.

წარმოდგენილი იყო აგრეთვე კომპლექსური ტექნოლოგია, რომლის დანიშნულებაა ზედაპირული და მიწისქვეშა წყლებიდან კალიუმის იონების ამოღება  და შემდგომ ბუნებრივ ცეოლიტზე-კლინოპტილოლიტზე სორბციის გზით  კალიუმით გამდიდრებული სასუქის მიღება, რომლის გამოყენება აგრარულ მეურნეობაში  უზრუნველყოფს ადამიანებს ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტით. ტექნოლოგიაში გამოყენებულია ადგილობრივი ნედლეული -ზღვის წყალი და ძეგვის  და თეძამის კლინოპტილოლიტი  (შემსრულებლები: რ გოცირიძე, ლ.ლორია, ზ.კონცელიძე, ა. ცინცქილაძე, ლ. კონცელიძე)

დანადგარების, მოწყობილობებისა და მთლიანი ტექნოლოგიური სქემის დემონსტრირების პარალელურად მეცნიერები ესაუბრებოდნენ პავილიონის სტუმრებს და პასუხობდნენ მათ შეკითხვებს.

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა