ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის აგრარული და მემბრანული ტექნოლოგიების ინსტიტუტის კვლევითი თემატიკის შესაბამისად, სისტემატურად ხორციელდება სამეცნიერო კვლევითი ექსპედიციები სტუდენტების ჩართულობით. ექსპედიციების მიზანია ბუნებრივი (ზედაპირული და მიწისქვეშა) წყლების, აგრეთვე მათთან შეხებაში მყოფი ნიადაგების კვლევა, ასევე არსებული ეკოლოგიური მდგომარეობის დაფიქსირება, ბიომრავალფეროვნების გაცნობა და შეფასება.
2-9 ივლისს აგრარული და მემბრანული ტექნოლოგიების ინსტიტუტის მთავარი მეცნიერ–თანამშრომელი, ასოცირებული პროფესორი ნინო კიკნაძე და მთავარი მეცნიერ–თანამშრომელი ნინო მხეიძე ბსუ-ს საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის ბიოლოგიის დეპარტამენტის სტუდენტებთან ერთად (სტუდენტების პრაქტიკის ხელმძღვანელი პროფესორი ნანი გვარიშვილი) გასვლით კომპლექსურ ექსპედიციაში იმყოფებოდნენ.
კვლევითი და სასწავლო-საველე პრაქტიკა განხორციელდა შემდეგი მარშრუტით: ბათუმი, ქობულეთი (ისპანის ჭაობი), ფოთი (პალიასტომის ტბა, მდ. ფიჩორი, ეკოსისტემები), ენგურჰესი, მესტია (თეთნულდი, უშგული, ჰაწვალი), წყალტუბო (ვარციხის წყალსაცავი, ტბა ,,ცივი’’), ქუთაისი (სათაფლიას ეროვნული ნაკრძალი), ბაღდათი (აჯამეთის აღკვეთილი), საირმე (ზეკარის უღელტეხილი), აბასთუმანი (ფიჭვნარი ტყეები), ახალციხე (ქსეროფიტული ეკოსისტემები), ბორჯომი (ბორჯომის ტყე პარკი), ბათუმი.
სტუდენტებმა გაეცნენ საქართველოს ხმელეთისა და წყლის მრავალფეროვან ეკოსისტემებს, დაეუფლნენ ველზე მუშაობის მეთოდებს (წყლის და ნიადაგის სინჯის აღება კონსერვაცია), საველე ინვენტარის გამოყენების და გაზომვების ჩატარების უნარ–ჩვევებს.
ანალიზის ექსპრესს მეთოდის გამოყენებით ადგილზე განისაზღვრა წყლის ორგანოლეპტიკური მაჩვენებლები, ტემპერატურა, pH, სიმღვრივე, გახსნილი ჟანგბადის შემცველობა, მარილიანობა და სხვა პარამეტრები. ასევე ნიადაგის სინჯის pH, ტენიანობა, მარილიანობა. სტუდენტები გაეცნენ ანალიზის პორტატულ აპარატურას (მულტიმეტრულ კონდუქტომეტრს, ტურბიდიმეტრს, ნიადაგის pH მეტრს და სხვას). GPS ნავიგატორით დადგინდა სინჯის აღების კოორდინატები, მოხდა საინტერესო ობიექტების ფოტოგრაფირება.
უკან |