უნივერსიტეტში საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის წევრის, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის აგრარული და მემბრანული ტექნოლოგიების ინსტიტუტის მთავარი მეცნიერ-თანამშრომლის, აკადემიკოს გურამ პაპუნიძის დაბადებიდან 70 და სამეცნიერო-პედაგოგიური მოღვაწეობის 45 წლის იუბილე აღინიშნა. ღვაწლმოსილ მეცნიერს იუბილე მიულოცეს, სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს და მის ღვაწლზე ისაუბრეს უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ალიოშა ბაკურიძემ, აჭარის ა.რ. უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ავთანდილ ბერიძემ, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა გიორგი კვესიტაძემ, აჭარის ა.რ. განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა გიორგი თავამაიშვილმა, ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი ერმაკოვმა, ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარემ ირაკლი ჩავლეიშვილმა, კოლეგებმა, საზოგადოების წარმომადგენლებმა და მეგობრებმა. გურამ პაპუნიძეს რამდენიმე ათეული წელია მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ქართული მეცნიერების განვითარებასა და საუნივერსიტეტო ცხოვრებაში. იყო საქართველოს პარლამენტისა და აჭარის უზენაესი საბჭოს წევრი, ბათუმის საქალაქო საბჭოს დეპუტატი, სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი, არჩეულია საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის სამეცნიერო საბჭოს წევრად და მევენახეობა-მეღვინეობის დარგის მთავარ მეცნიერ-კონსულტანტად.
აკადემიკოსი გურამ პაპუნიძე დაიბადა 1944 წლის 2 აპრილს. საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა განაგრძო საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ტექნოლოგიური ფაკულტეტზე, რომელიც წარმატებით დაამთავრა და მუშაობა დაიწყო საქართველოს კვების მრეწველობის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში ლაბორანტის, უფროსი ინჟინრის, უმცროსი მეცნიერ მუშაკის და უფროსი მეცნიერ მუშაკის თანამდებობებზე.
1973 წელს ჩაირიცხა სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის მეღვინეობის კათედრის დაუსწრებელი სწავლების ასპირანტურაში, რომლის დამთავრების შემდეგ 1979 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე: ,,სუფრის იმერული ტიპის ღვინოების ტექნოლოგიის სრულყოფა” და მიენიჭა ტექნიკის მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხი. მის მიერ შემუშავებული ახალი ტექნოლოგიის საფუძველზე დამზადდა იმერული ტიპის ღვინო “დიმის” სახელწოდებით.
აკადემიკოსი გურამ პაპუნიძე კვების მრეწველობის სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტში ასრულებდა ფართო მასშტაბის კვლევით საქმიანობას სხვადასხვა მიმართულებით, კერძოდ, თბილისის საწარმოო კომბინატში, რომელიც ერთადერთი ქარხანა იყო და აწარმოებდა დეფიციტურ პროდუქტს, ღვინის მჟავას. მისი უშუალო მონაწილეობით წლების განმავლობაში მიმდინარეობდა მეცნიერულად დასაბუთებული პროგრესული ნორმების დადგენა, რომლის დანერგვის ეკონომიკური ეფექტიანობა საკმაოდ დიდი იყო.
ბატონ გურამ პაპუნიძისა და მეცნიერთა ჯგუფის მიერ წარმატებით შესრულდა სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოები თელავის რაიონის თელიანის ღვინის ქარხანაში სუფრის წითელი სამარკო ღვინოების ,,თელიანისა” და ,,მუკუზანის” ტექნოლოგიის სრულყოფის მიმართულებით. მიღწევა ითვალისწინებდა ღვინოების დაძველებას შედარებით პატარა ტევადობის მუხის კასრების მაგივრად დიდი ტევადობის მუხის ბუტებში, რაც უზრუნველყოფდა ხარისხის შენარჩუნების კვალდაკვალ შრომატევადი პროცესებისა და დანაკარგების შემცირებას.
1979 წელს აკადემიკოსი გურამ პაპუნიძე ინიშნება საქართველოს კვების მრეწველობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ბათუმის ფილიალის დირექტორად. 1981 წელს ბათუმში შეიქმნა სუბტროპიკული ნაყოფის შენახვისა და გადამუშავების სრულიად საკავშირო სამეცნიერო-კვლევითი და ექსპერიმენტულ-საკონსტრუქტორო ინსტიტუტი, რომლის მიმართულებები იყო სუბტროპიკული ხილის შენახვის, სასაქონლო და სამრეწველო გადამუშავების, ტექნოლოგიისა და ტექნიკის საცდელი ნიმუშებისა და ზოგ შემთხვევაში დარგის საჭიროების უზრუნველსაყოფად ცალკეული დანადგარებისა და ტექნოლოგიური ხაზების წვრილსერიული გამოშვება-მონტაჟი. ახლად გახსნილი ინსტიტუტის დირექტორმა ბატონმა გურამ პაპუნიძემ დაიწყო კვლევითი ინსტიტუტის თანამედროვე დონის სამეცნიერო და ექსპერიმენტული კომპლექსის გეგმის შედგენა. გეგმა ითვალისწინებდა ინსტიტუტის სამეცნიერო და ექსპერიმენტული კომპლექსის მშენებლობას, მათ შორის ინსტიტუტის ექსპერიმენტულ მექანიკური საწარმოს მშენებლობას 50 მეტალსაჭრელ ჩარხზე, ექსპერიმენტულ ტექნოლოგიურ საწარმოს 10,0 ათას ტონა სუბტროპიკული და სხვა ხილის სასაქონლო და სამრეწველო გადამუშავების საწარმოს და საკუთრივ ინსტიტუტის საინჟინრო-ლაბორატორიული ხუთსართულიანი 8500 კვ.მ. საერთო ფართობის თანამედროვე დონის შენობის დაპროექტებას, აშენებას და ექსპლოატაციაში გაშვებას.
პროცესის დაჩქარების მიზნით და იმის გათვალისწინებით, რომ პარალელურ რეჟიმში ინსტიტუტის საქმიანობა არ უნდა გაჩერებულიყო, დაიწყო ექსპერიმენტული კომპლექსის ეტაპობრივი დაპროექტება და მშენებლობა ბათუმის ერთ-ერთ ახალ დასახლებაში 5 ჰა მიწის ნაკვეთზე. აშენდა ექსპერიმენტულ მექანიკური ქარხანა. სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის საინჟინრო ლაბორატორიული კორპუსი და ექსპლოატაციაში შევიდა 1987 წელს. ამის შემდეგ დაიწყო ექსპერიმენტული კომპლექსის მესამე რიგის მშენებლობა, რაც შეჩერდა მშენებლობა საბჭოთა კავშირის დაშლის გამო.
ბათუმის ფილიალის ბაზაზე დამოუკიდებელი ინსტიტუტის გახსნის შემდეგ დაიწყო ბატონ გურამ პაპუნიძის, როგორც მეცნიერ-ორგანიზატორის, საქმიანობის სრულიად ახალი ეტაპი. პარალელურ რეჟიმში ხდებოდა, როგორც ექსპერიმენტული კომპლექსის დაპროექტებისა და მშენებლობის პროცესი, ასევე სამეცნიერო და ექსპერიმენტულ-საკონსტრუქტორო თემატიკური გეგმების 10-15-ჯერ ზრდა. აქედან გამომდინარე აუცილებელი გახდა ახალგაზრდა სპეციალისტების მოზიდვა, მათი პროფესიონალური, სამეცნიერო დონის ამაღლება და დარგის წინაშე მდგარი პრობლემების გადაწყვეტა.
მომავალი თაობის კადრების აღზრდისათვის აქტიურად გამოიყენებოდა ყოფილი საბჭოთა კავშირის მსხვილ სამეცნიერო ცენტრებში მიზნობრივ ასპირანტურაში სწავლების პრაქტიკა, ასევე ბევრი ახალგაზრდა სპეციალისტი თავის საკვალიფიკაციო სამეცნიერო თემებზე მუშაობდნენ ინსტიტუტის ცნობილი მეცნიერებისა და კონსტრუქტორების დახმარებით. ინსტიტუტის გახსნიდან მოკლე ხანში ათობით ახალგაზრდა სპეციალისტმა დაიცვა საკანდიდატო დისერტაციები, რომლებიც დამოუკიდებლად ასრულებენ სამეცნიერო საქმიანობას, როგორც აღნიშნულ ინსტიტუტში, ასევე ქვეყნის სხვადასხვა კვლევით თუ სასწავლო დაწესებულებებში.
ინსტიტუტის დირექტორისა და ინსტიტუტში მომუშავე ცნობილი მეცნიერებისა და სპეციალისტების მონაწილეობით მოხერხდა თანამედროვე ტექნოლოგიების შემუშავება, რაც უზრუნველყოფდა სუბტროპიკული ნაყოფის სამრეწველო გადამუშავების მოცულობის მკვეთრ ზრდას. კერძოდ, ინსტიტუტის მიერ შეთავაზებული ტექნოლოგიის საფუძველზე საქართველოს საკონსერვო მრეწველობის გაერთიანებაში შესაძლებელი 100,0 ათასობით ტონა მანდარინის ნედლეულის გადამუშავება ნატურალური წვენების კონცენტრატებად. მანდარინის ნატურალური წვენების კონცენტრირების ბაზაზე დამუშავდა ტექნოლოგიები, რომელიც ითვალისწინებდა რეალიზაციას ადგილებზე აღდგენილი ნატურალური წვენების, მსუბუქი გაზირებული სასმელების და სხვადასხვა დასახელების ნახევარფაბრიკატების გამოყენებას რძისა და ნაყინის წარმოებაში.
დიდი რაოდენობით მანდარინის ნედლეულის ნატურალური წვენების კონცენტრატებად გადამუშავების ტექნოლოგიის დანერგვამ დღის წესრიგში დააყენა წვენების გადამუშავების ნარჩენების ე. წ. მეორადი ნედლეულისაგან გამოყენების აუცილებლობა, რომელიც შეადგენდა გადამუშავებული მანდარინის ნედლეულის 60 პროცენტს.
ბატონ გურამ პაპუნიძისა და ინსტიტუტის სპეციალისტების სასახელოდ უნდა ითქვას, რომ შემჭიდროებულ ვადებში დამუშავდა ახალი ტექნოლოგია, რომელიც ითვალისწინებდა მეორადი ნედლეულისაგან სამედიცინო პრეპარატი ვიტამინ ”პ”-ს და პექტინის კომპლექსურ მიღებას, ასევე საწარმოო გამოცდა გაიარა ისეთმა ახალმა ტექნოლოგიამ და ისეთმა პროდუქტმა, როგორიცაა შაქარში გაჯერებული ხორხოშელა (კრუპკა), რომელიც გამოიყენებოდა რძისა და ნაყინის წარმოებაში და თავისუფლად ცვლიდა ისეთ ძვირადღირებულ პროდუქტს, როგორიცაა ყურძნის ქიშმიში.
ერთერთი პრობლემა, რომელიც ხელს უშლიდა დარგის განვითარებას იყო ის, რომ ნედლი მანდარინის შენახვის უნარიანობა იყო დაბალი. დღის წესრიგში დადგა ნედლი მანდარინის შენახვის უნარიანობის გაზრდის მიზნით აპრობირებული თანამედროვე მეთოდების გამოყენებისა და ახალი მეთოდების დამუშავების აუცილებლობა. ამ მიზნით თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქიმიის კათედრის პროფესორთან ერთად შემუშავებულ იქნა ცვილის სამამულო კომპოზიცია, რომლის გამოყენებით მანდარინის შენახვის უნარიანობა იზრდება ერთი თვის ვადით. ასევე ლიტვის რესპუბლიკის მეცნიერებთან ერთად წარმატებით იქნა გამოცდილი მიკრობგაუმტარი ქაღალდის საშუალებით მანდარინის შენახვის უნარიანობის გაზრდა.
წლების განმავლობაში ციტრუსის დამკალიბრებელ ხაზებად გამოიყენებოდა უნგრული წარმოების ვაშლის დამკალიბრებელი მანქანები. ინსტიტუტის კონსტრუქტორებმა შექმნეს დანადგარი, რომელიც ითვალისწინებდა მანდარინის დაკალიბრებას ოთხ სტანდარტულ ჯგუფად, ამასთან ერთად უნდა აღინიშნოს ის გარემოება, რომ ინსტიტუტის ექსპერიმენტულ-მექანიკურ საწარმოში აღნიშნული ტიპის ხაზები დამზადდა სერიულად დარგისათვის საჭირო რაოდენობით. ასევე წარმატებით დამზადდა საცდელი ნიმუში, რომელიც ითვალისწინებდა მანდარინის ორიენტირებული ნაყოფის (ყუნწში მაღლა) რობოტის ტიპის დანადგარის მიერ ყუთებში დიაგონალური მჭიდრო ჩაწყობას და გაფცქვნას. ასეთი ტიპის დანადგარის გამოყენება უზრუნველყოფდა ტარის სატრანსფორმატორო და სასაწყობო საშუალებების გამოყენების მარგი ქმედების კოეფიციენტის 15-16 პროცენტით გაზრდას.
აკადემიკოსმა გურამ პაპუნიძემ და ინსტიტუტის სპეციალისტებმა დღის წესრიგში დააყენს ციტრუსის ყვავილის, როგორც არატრადიციული ნედლეულის გამოყენების შესაძლებლობა. ცნობილია ისიც, რომ ციტრუსის მთლიანი ყვავილის 10 პროცენტამდე გვაძლევს მოსავალს, დანარჩენი იკარგება. მეცნიერების წინაშე დაისვა პრობლემა დაუმტვერავი ყვავილის გამოყენების შესახებ. შემუშავდა ყვავილების შეგროვების, ტრანსპორტირების, შენახვისა და სამრეწველო გადამუშავების სრულიად ადვილი და მოსახერხებელი მეთოდი მანდარინის ყვავილის ნედლეულისაგან სპეციფიკური არომატის მქონე წყლიანი ექსტრაქტის მიღების, რომლის ბაზაზე მზადდება განუმეორებელი გემური თვისებების მქონე ვაჟინი, უალკოჰოლო გაზირებული სასმელები, ხელოვნური თაფლი, ლიქიორი და ა.შ.
მეციტრუსეობის საკითხებში პირველადი ნათლობა გ. პაპუნიძემ ინსტიტუტის ცნობილ მეცნიერ გ. ფიშმანთან ერთად მიიღო სამეცნიერო-პრაქტიკულ კონფერენციებზე, რომელიც გაიმართა 1980 წელს ქ. მოსკოვში ეკონომიკური ურთიერთდახმარების ქვეყნების ხელმძღვანელებისა და ცნობილი მეცნიერების მონაწილეობით. ამ შეხვედრაზე მიღებული თეორიული და პრაქტიკული გადაწყვეტილებები საფუძვლად დაედო ქ. ბათუმში სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტის გახსნას.
მნიშვნელოვანი წარმატება იყო ვაშლის გულობის ამომღები მაქსიმალურად მექანიზებული ხაზის ექსპერიმენტული ნიმუშის შექმნა. ხაზი ითვალისწინებდა ვაშლის მიწოდებას მის მექანიკურ ორიენტაციას ყუნწით მაღლა სპეციალური მრგვალი დანით გულობის ამოღებას, დარჩენილი ვაშლის დაჭრას კუბიკებად, მის მექანიკურ გათლას. ასეთი ტიპის ხაზის წარმოებაში გამოყენება საშუალებას იძლეოდა მკვეთრად გაზრდილიყო ვაშლისაგან კომპოტის დამზადების მოცულობა და სამუშაო ძალის მნიშვნელოვანი გამოთავისუფლება.
90-იანი წლების დასაწყისში ინსტიტუტს ნაწილობრივ შეეცვალა სტატუსი და ეწოდა სამეცნიერო-კვლევითი და სასწავლო ინსტიტუტი, დამტკიცა შესაბამისი წესდება. 1992 წელს, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, ინსტიტუტის ხელმძღვანელობამ დამატებით მიიღო ლიცენზია, გაიარა აკრედიტაცია და განახორციელა აბიტურიენტების მიღება, სტუდენტების სწავლება და დიპლომის გაცემა ინსტიტუტის ძირითადი პროფილის მიხედვით. ეს იყო პირველი და ბოლო პრეცედენტი, როცა ქვეყანაში სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ბაზაზე მის ძირითად კვლევით საქმიანობასთან პარალელურად ამოქმედდა სასწავლო მიმართულება.
ბატონი გურამის ინიციატივით 2002 წელს დამუშავდა აჭარაში მევენახეობა-მეღვინეობის აღორძინების ვრცელი პროგრამა. პროგრამა ითვალისწინებდა ვაზის უნიკალური ჯიშების ჩხავერის, ცოლიკოურის, ალადასტურის, ოჯალეშის და ა.შ. ნერგების გამოყვანას და მის უსასყიდლოდ მიწოდებას მოსახლეობაზე. რამდენიმე წლის განმავლობაში ინსტიტუტის მეცნიერებისა და სპეციალისტების ძალისხმევით მოხერხდა ასი ათასობით ვაზის სტანდარტული ნერგების გამოყვანა.
პარალელურად მიმდინარეობს ინტენსიური მუშაობა იმისთვის, რომ აჭარაში გავრცელებული უნიკალური ვაზის ჯიშებიდან დამზადდეს ცქრიალა, სუფრის და ბუნებრივად ნახევრად ტკბილი ღვინოები.
ბატონმა გურამ პაპუნიძემ 1996 წელს წარმატებით დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე “ ციტრუსის ნედლეულის კომპლექსური გადამუშავებისა და სამრეწველო ათვისების ტექნოლოგია” და მიენიჭა ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორის სამეცნიერო ხარისხი.
1997 წელს გ. პაპუნიძე არჩეული იქნა საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტად, ხოლო 2013 წელს ამავე აკადემიის ნამდვილ წევრად – აკადემიკოსად. ამასთან ერთად გ. პაპუნიძე არჩეულია აკადემიის სამეცნიერო საბჭოს წევრად და მევენახეობა-მეღვინეობის მთავარ მეცნიერ-კონსულტანტად.
1990 წელს გ. პაპუნიძე პირველ მრავალპარტიულ არჩევნებში იყო ქედის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი და უზენაესი საბჭოს წევრი – ხელი აქვს მოწერილი საქართველოს დამოუკიდებლობის აქტზე. ის მრავალგზის იყო არჩეული ქ. ბათუმის საქალაქო საბჭოს დეპუტატად.
ბატონი გურამი დღესაც აქტიურ სამეცნიერო-პედაგოგიურ საქმიანობას აგრძელებს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში, არის აგრარული და მემბრანული ტექნოლოგიების სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის მთავარ მეცნიერ-თანამშრომელი.
უკან |