სამეცნიერო პროექტის დასახელება: ,,ოსმალურენოვანი დოკუმენტები აჭარის საოჯახო არქივებში“
გრანტის დაფინანსების წყარო: ბათუმის შოთა რუსთველის სახელმწიფო უნივერსიტეტი
სამეცნიერო პროექტის ხელმძღვანელი: ასოც./პროფ. ზაზა შაშიკაძე
სამეცნიერო პროექტის შემსრულებელი: პროფ. ნუგზარ მგელაძე (ძირითადი პერსონალი), აკა. დოქტ. თემურ ტუნაძე (მოწვეული სპეციალისტი), მარინა შავაძე (სტუდენტი).
სამეცნიერო პროექტის განხორციელების ვადა: 02/15/2020-12/15/2020.
პროექტის მიზანი, ამოცანები და აქტუალობა: 1877-1878 ომის შემდეგ, აჭარაში საუკუნეების განმავლობაში შექმნილი ოფიციალური - სახელმწიფო თუ სხვა სახის დოკუმენტების დიდი ნაწილი ოსმალთა მთავრობამ სტამბოლში წაიღო, დარჩენილი ნაწილი, რუსეთის ხელისუფლებამ ჯერ გუბერნიის ცენტრში - ქუთაისში დააბინავა, ხოლო შემდეგ სანკტ-პეტერბურგში გაიტანა. შედეგად აჭარაში ოფიციალური ხელნაწერი დოკუმენტი და, მით უმეტეს, ნარატიული წყარო შეიძლება ითქვას, რომ არ დარჩენილა.
პროექტში დასმული პრობლემა აბსოლუტურად განსხვავებული ტიპის დოკუმენტების კვლევას ეხება. კერძოდ, აჭარის მრავალ ოჯახში დღესაც ინახება ისეთის ხელნაწერი დოკუმენტები, რომლებიც ამ მხარის რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში ყოფნის დროს შეიქმნა. ფაქტია, რომ 1878 წლის შემდგომ საქმისწარმოების ოფიციალურ ენად რეგიონში რუსული მკვიდრდებოდა, მაგრამ გარკვეული დროის განმავლობაში, ადგილობრივი მოსახლეობის დიდ ნაწილში სამწერლობო, ზოგჯერ კი - სასაუბრო ენად, ოსმალური გამოიყენებოდა. ეს აიხსნება იმით, რომ მოსახლეობა სხვა სამწერლობო ენას ვერ ფლობდა და, შესაბამისად, ოსმალური მათთვის ხელსაყრელი იყო. ასე შეიქმნა უამრავი სხვადასხვა ტიპის დოკუმენტი, რომლებიც უკვე საუკუნეზე მეტია ოჯახებში ინახება.
დაცული დოკუმენტებისათვის, გარკვეული მიზეზების გამო, ბოლო პერიოდამდე არავის მიუქცევია ყურადღება. პროექტში გათვალისწინებული სამუშაოები გახლავთ პირველი მცდელობა მათი კომპლექსური შესწავლისა.
პროექტი ითვალისწინებს ზემოხსენებული ტიპის დოკუმენტების მცირე ნაწილის ქართულ ენაზე თარგმანს და დამუშავებას, თანმხლები ისტორიულ-ეთნოლოგიური, ტოპონიმიკური, სფრაგისტიკული თუ სხვა სახის მასალების მეცნიერულ კვლევას, გაანალიზებას და შედეგების სამეცნიერო მომოქცევაში ჩართვა.
სამეცნიერო პროექტის მოსალოდნელი შედეგები: პროექტის შედეგები რამდენიმე მიმართულებით შეიძლება განისაზღვროს: ისტორიული, ეთნოლოგიური, მთარგმნელობითი და ლინგვისტური. გათვალისწინებული სამუშაოები ჰუმანიტარულ მეცნიერებებში საფუძველს ჩაუყრის სრულიად ახალ მიმართულებას. გამოცემული მონოგრაფია, რომელსაც თან დაერთვება დოკუმენტებში გავრცელებული ტერმინოლოგიური ლექსიკონი, იქნება ერთგვარი სახელმძღვანელო მომავალში მსგავსი ტიპის სამუშაოებისათვის.
სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს წარსულის კვლევის თვალსაზრისით პროექტის განხორციელება ძალზე მნიშვნელოვანი და სასარგებლო იქნება. იგი ხელს შეუწყობს რეგიონში ცალკეული სოფლისა თუ საგვარეულოს ისტორიასთან დაკავშირებული რიგი საკითხების დაზუსტებას. მათ შორის გამოიკვეთება გვართა გენეალოგია, განსახლების ისტორია, ტოპონიმიკა, ტერიტორიული საზღვრები, ბეჭდებისა და საბეჭდავების თავისებურებები. ამ სახის დოკუმენტების არათუ კვლევა, არამედ, მოძიება, ტექნიკური დამუშავება და მიღებული შედეგების პუბლიკაცია ჰუმანიტარულ მეცნიერებაში მნიშვნელოვან წინგადადგმულ ნაბიჯს წარმოადგენს. უპირველესად დაკარგვას გადაურჩება ხელნაწერები, როგორც კულტურული მემკვიდრეობის ნიმუშები და ისინი დამუშავებული სახით შემოგვენახება.
უკან |