ბსუ-ს მკვლევრებთან ერთად, ჰარვარდის უნივერსიტეტის საქართველოს შემსწავლელი პროგრამის დირექტორი, ცნობილი ამერიკელი ისტორიკოსი, პროფესორი სტივენ ჯონსი ეწვია. რექტორთან, მერაბ ხალვაშთან, რექტორის მოადგილეებთან, თამარ სირაძესთან, ანზორ ბერიძესთან და პროფესორ-მასწავლებლებთან გამართულ შეხვედრაზე პროფესორი სტივენ ჯონსი ბსუ-ს ქართველოლოგიის ცენტრის სამეცნიერო კვლევა-ძიების შედეგებს გაეცნო და ჰარვარდის უნივერსიტეტისა და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამომავლო თანამშრომლობის მიმართულებებზე ისაუბრა. მხარეთა შეთანხმებით, დაიგეგმა უნივერსიტეტების ერთობლივი საგანმანათლებლო-სამეცნიერო პროექტების შემუშავება და განხორციელება.
შეხვედრის დასრულების შემდეგ პროფესორმა სტივენ ჯონსმა ბსუ-ს სტუდენტებს, პროფესორ-მასწავლებლებს და მკვლევრებს პროექტის „წარსული, როგორც დემოკრატიული ზრდის რესურსი აწმყოში (ისტორიის პოლიტიკა საქართველოში)“ შედეგები წარუდგინა. კვლევითი პროექტი მიზნად ისახავს მე-20 საუკუნის 80-90-იან წლების პოლიტიკურ მოვლენებზე ზეპირი ისტორიების ჩაწერას და ჰარვარდის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის საარქივო განყოფილებაში თავისუფალი წვდომით განთავსებას. პროექტი ასევე ითვალისწინებს ახალ თაობაში აღნიშნული პერიოდის მოვლენების შესახებ ცნობიერების ამაღლებას - პროექტის პრიორიტეტებს შორისაა საქართველოს სკოლებისა და უმაღლესი სასწავლებლების კურიკულუმებისთვის ზეპირი ისტორიების კომპონენტის შემუშავება.
აღნიშნულ ეპოქაში მოღვაწე და მცხოვრები საჯარო ფიგურების, პოლიტიკოსებისა და სხვა მოქალაქეების ზეპირ ისტორიებში მოთხრობილია ეროვნული მოძრაობის, საბჭოთა კავშირის დაშლის, სამოქალაქო ომის, კონფლიქტებისა და დამოუკიდებელი საქართველოს ფორმირების რიგი დრამატული ეპიზოდების შესახებ.
აშშ-ის საელჩოს 2023 წლის დემოკრატიის კომისიის მცირე გრანტების (DemCom) კონკურსის ფარგლებში მხარდაჭერილი პროექტი ხორციელდება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეხსიერების კვლევების ცენტრის, ჰარვარდის უნივერსიტეტის დევისის ცენტრის საქართველოს შემსწავლელი პროგრამისა და საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის (სოვლაბი) თანამშრომლობით.
უკან |