ქართველოლოგიის ცენტრი

მუდმივმოქმედმა სამეცნიერო სემინარმა მუშაობა განაახლა

სურათი

საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართველთა დასახლებებისა და ყოფის კვლევის პროგრამის ,,მუჰაჯირობის (გადასახლების) ისტორია და ქართველ მუჰაჯირთა შთამომავლები თანამედროვე თურქეთში“ ფარგლებში მუშაობა განაახლა შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის მუდმივმოქმედმა სამეცნიერო სემინარმა. სხდომაზე პროფესორმა მამია ფაღავამ მოხსენება წარმოადგინა თემაზე: ,,საერთოქართველური ლექსიკა სამხრულ კილოებში“. სემინარი ყოველი თვის ბოლო პარასკევს, 37–ე კაბინეტში, 13 საათზე ჩატარდება და მის მუშაობაში მონაწილეობას მიიღებენ უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები, თურქეთში მცხოვრები მეცნიერები, სტუდენტები, დოქტორანტები, საქართველოს სამეცნიერო ცენტრებიდან და უცხოეთიდან მოწვეული სპეციალისტები.

მუდმივმოქმედი სამეცნიერო სემინარის სამეცნიერო ხელმძღვანელია პროფ. მამია ფღავა, სპიკერი – ასოცირებული პროფესორი მალხაზ ჩოხარაძე, საერთაშორისო ურთიერთობათა კოორდინატორი – ასოცირებული პროფესორი ზაზა შაშიკაძე. სემინარი შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს სამეცნიერო-კვლევითმა ცენტრმა 2003 წელს დაარსა და 2006 წლამდე მუშაობდა.

ფართომასშტაბიანი პროექტის ,,მუჰაჯირობის (გადასახლების) ისტორია და ქართველ მუჰაჯირთა შთამომავლები თანამედროვე თურქეთში“ ამოცანაა ისეთი საკითხების კვლევა, როგორიცაა მუჰაჯირობის (გადასახლების) ისტორია და ქართველ მუჰაჯირთა შთამომავლები თანამედროვე თურქეთში. პროექტის კონცეფცია ეფუძნება ქართველთმცოდნეობის მნიშვნელოვან საკითხს - საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართველთა ყოფისა და სულიერი მემკვიდრეობის შესწავლას, კერძოდ, თურქეთში მცხოვრებ ქართველთა ისტორიის, თანამედროვეობის, თვითშემეცნების პრობლემათა კვლევას.

თურქეთის ქართველობა, მეტადრე უფროსი თაობა, დღემდე ახერხებს ნაციონალური იდენტობის შენარჩუნებას. ამასთან, ახალი თაობა თანდათან ივიწყებს წინაპართა ენას და ტრადიციებს. შექმნილი რეალობიდან გამომდინარე განუზომლად იზრდება ამ მიმართულებით წარმოებული კვლევების მნიშვნელობა. პროექტის აქტუალობას განაპირობებს აგრეთვე თანამედროვე ეპოქის ხასიათი, კულტურათა დიალოგის დაჩქარებული ტემპი და მისი სპეციფიკური ხასიათი...

პროექტის მიზანია აჭარიდან, აგრეთვე ისტორიული სამხრეთ საქართველოს სხვა რეგიონებიდან გახიზნული მუჰაჯირების შთამომავალთა ყოფის, ისტორიის, ეთნოგრაფიის, ფოლკლორის... შესახებ მასალების მოძიება და მეცნიერული კვლევა, საბოლოოდ მომზადება მონოგრაფიისა ქართველ მუჰაჯირთა შთამომავლების შესახებ. პროგრამის განხორციელება ითვალისწინებს ერთი მხრივ ექსპედიციების ფარგლებში შეკრებილი მასალების საფუძველზე მუჰაჯირთა ყოფის, ცნობიერების, ფოლკლორის, მეტყველების ანალიზს, მეორე მხრივ, ქართული და უცხოური წყაროების მიხედვით მუჰაჯირობის ისტორიის შესწავლას. საკითხის დასამუშავებლად ასევე გამოყენებული იქნება ზეპირსიტყვიერი მასალა, რომელიც შემოინახა მუჰაჯირთა შთამომავლების ხსოვნამ. მართალია, ამ მიმართებით გარკვეული კვლევები ქართულ ისტორიოგრაფიაში არსებობს, მაგრამ თურქული ისტორიოგრაფიის მონაცემები საკითხთან დაკავშირებით ნაკლებადაა გათვალისწინებული.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა