დღევანდელი საქართველოს საბაჟო შეიქმნა საქართველოს, როგორც სუვერენული ქვეყნის აღორძინებასთან ერთად და მიზეზთა გამო ის არ არის და ვერ იქნებოდა საბჭოთა კავშირის საბაჟო ორგანოების მემკვიდრე თუნდაც სამართლებრივი ბაზის თვალსაზრისით. უპირველეს ყოვლისა, იმიტომ, რომ დღევანდელი საქართველო არის და ყალიბდება არა მარტო სუვერენულ ქვეყნად, არამედ სახელმწიფოდ, რომლის პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სოციალურ საფუძველს წარმოადგენს საბჭოურისაგან პრინციპულად განსხვავებული, საპირისპირო სოციალურ-ეკონომიკური უფლებები, თავისუფლებები, წყობა, სისტემა და სახელმწიფო პოლიტიკა.
დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან, საქართველომ დაიწყო საბაჟო სამსახურის შენება. 1991 წელს მიღებულ იქნა პირველი საკანონმდებლო აქტი - „კანონი საქართველოს საბაჟოს შესახებ.“ 1992 წელს საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭომ მიიღო საქართველოს პირველი საბაჟო კოდექსი, მან საფუძველი დაუდო ქვეყნის ეროვნულ საბაჟო პოლიტიკას, ეროვნულ საბაჟო სამსახურს და ამით შეასრულა უდიდესი ისტორიული მისია.
საქართველოს საბაჟო კოდექსის სრულყოფის, მისი ცალკეული დებულებების გამარტივების, იურიდიულად და აზრობრივად გამართვის, საბაჟო საქმიანობის მარეგულირებელ სხვა საკანონმდებლო აქტებთან შესაბამისობისა და სამართლებრივი ხარვეზების აღმოფხვრის მიზნით, აგრეთვე საქართველოში მიმდინარე დინამიკური ცვლილებების პარალელურად, სულ მალე საჭირო გახდა ახალი კოდექსის შექმნა, რასაც დასაბამი მიეცა 1993 წლიდან და დაგვირგვინდა 1997 წელს საქართველოს რესპუბლიკის ახალი საბაჟო კოდექსის მიღებით.
თუმცა კანონმდებლობის სრულყოფა ამით არ დამთავრებულა, 1997 წელს მიღე-ბულ საბაჟო კოდექსში ასეულობით ცვლილება შევიდა, მაგრამ კვლავ დღის წესრიგში დადგა მისი სიღრმისეული ტრანსფორმაცია და 2007 წელს მიღებული იქნა მესამე საბაჟო კოდექსი, მასთან ერთად ორმოცამდე კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი, ხოლო 2011 წლიდან საბაჟო კოდექსი საერთოდ გაუქმდა და შეუერთდა საგადასახადო კოდექსს. საქონლის, სატრანსპორტო საშუალებების გაფორმებისა და ფიზიკური პირის მიერ საბაჟო საზღვრის კვეთის რეგულაციისათვის კი შემუშავებული იქნა საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანება №290 საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე.
საქართველოში მოქმედებს შემდეგი სავაჭრო რეჟიმები:
1)უპირატესი ხელშეწყობის რეჟიმი(Most-Favored Nation);
2)პრეფერენციათა განზოგადებული სისტემა (Generalized System of Preferences);
3)თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი.
,,საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმებას’’ ოფიციალურად ეწოდება ,,ასოცირების შესახებ შეთანხმება ერთის მხრივ, ევროკავშირის და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებსა და მეორე მხრივ საქართველოს შორის’’.
საქართველოსა და ევროკავშირს შორის ,,ასოცირების შესახებ შეთანხმება’’ ამბიციური და ინოვაციური ე.წ ,,ახალი თაობის შეთანხმებაა’’, რამდენადაც მანამდე გაფორმებული მსგავსი შეთანხმებებისგან განსხვავებით, მოიცავს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის კომპონენტს (Deep and Comprehensive Free Trade Area-DCFTA) და ითვალისწინებს ევროკავშირთან დაახლოების მნიშვნელოვან კონკრეტულ მექანიზმს.
საბაჟო-სავაჭრო პოლიტიკის ეფექტიანად რეალიზების მხრივ, ასევე მნიშვნელოვანია საბაჟო სფეროში, კანონმდებლობის დაახლოება ევროკავშირის კანონმდებლობასთან. ყოველივე ამის შედეგად, საქართველოს საბაჟო რეგულაციები დაუახლოვდება ევროკავშირის პროგრესულ რეგულაციებს. განხორციელდება მჭიდრო თანამშრომლობა საქართველოსა და ევროკავშირის საბაჟო ადმინისტრაციებს შორის, რაც ხელს შეუწყობს საქართველო-ევროკავშირს შორის ექსპორტ-იმპორტის პროცედურების გამარტივებას, გამჭვირვალე და პროგნოზირებული გარემოს შექმნას. ასევე საბაჟო ვაჭრობის ნაწილია მომსახურებით ვაჭრობაც, ამ მიმართულებით კანონმდებლობის დაახლოება შესაძლებლობას იძლევა განხორციელდეს მომსახურების ბაზრების შემდგომი ლიბერალიზაცია, რაც ითვალისწინებს ქართული კომპანიებისათვის ევროკავშირის ბაზარზე დაშვების უკეთეს პირობებს.
საგადასახადო და საბაჟო კანონმდებლობის დახვეწისა და ევროკავშირის კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციის მიზნით, რიგი საკანონმდებლო ცვლილებები განხორციელდა. აღსანიშნავია ახალი საბაჟო კოდექსის ამოქმედება, რაც აერთიანებს ახალ მიდგომებსა და პროცედურებს საბაჟო საქმიანობასთან დაკავშირებით. ახალი საბაჟო კანონმდებლობა ითვალისწინებს მნიშვნელოვან სიახლეებს, საბაჟო პროცედურების გამარტივების მიმართულებით:
- დანერგილია გაფორმების ახალი წესები და დეკლარირების ფორმები;
- შექმნილია გადახდილი იმპორტის გადასახადის დაბრუნების შესაძლებლობა;
- საბაჟო გადაწყვეტილების მიღების დროს, მაქსიმალურადაა გათვალისწინებული მეწარმის ინტერესები;
- შექმნილია მნიშვნელოვანი წინაპირობა, ბიზნესმა გამარტივებული საბაჟო ფორმალობებით ისარგებლოს ევროკავშირსა და სხვა ქვეყნებში.
„საგადასახადო კანონმდებლობის ევროკავშირის დღგ-ის დირექტივასთან დაახლოების მიზნით, ცვლილებები შევიდა საგადასახადო კოდექსში და დღგ-ის მარეგულირებელი დებულებები ჩამოყალიბდა ახალი რედაქციით. საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკაზე დაფუძნებული დღგ-ის რეფორმა აუმჯობესებს საინვესტიციო გარემოს, ამცირებს სადავო შემთხვევებს და ამარტივებს საგადასახადო ვალდებულებების შესრულებას. რეფორმის შედეგად:
- ფართოვდება მომსახურებების ჩამონათვალი, რაც საქართველოს ფარგლებს გარეთ არ დაიბეგრება;
- ფართოვდება და ზუსტდება საქონლის ტრანსპორტირებასთან დაკავშირებული დღგ-ისგან ჩათვლის უფლებით გათავისუფლებული ოპერაციები;
- საქონლის დროებითი შემოტანა აღარ განიხილება დასაბეგრ ოპერაციად;
- სამედიცინო და საგანმანათლებლო საქმიანობასთან ერთად დაბეგვრისგან თავისუფლდება მასთან უშუალოდ დაკავშირებული და დამხმარე მომსახურების ან საქონლის მოწოდება;
- არ დაიბეგრება ორგანიზაციის მიერ სახსრების მოზიდვის მიზნით სამედიცინო საგანმანათლებლო და ცალკეული სოციალური ხასიათის საქმიანობა;
- არ დაიბეგრება საქონლის ნიმუშის ან მცირე ღირებულების საჩუქრის გადაცემა;
- მარტივდება საქონლის უსასყიდლოდ მიწოდების დღგ-ით დაბეგვრასთან დაკავშირებული რეგულაციები;
- დღგ-ის გადამხდელ ფიზიკურ პირს აღარ ექნება შეზღუდვა აღრიცხვა აწარმოოს საკასო მეთოდით.“ (შემოსავლების სამსახურის ანგარიში, 2020:24)
2019 წელს განისაზღვრა 4 პრიორიტეტული მიმართულება. განხორციელებული და დაგეგმილი აქტივობები უზრუნველყოფდა, როგორც საბაჟო კონტროლის ეფექტურობის ზრდას, ასევე, ბიზნესის ფუნქციონირებისთვის კომფორტული გარემოს შექმნას.
2019 წელს მნიშვნელოვანი ძალისხმევა იქნა გაწეული საბაჟო ფორმალობების გაციფრულების, მონაცემთა ელექტრონული მიმოცვლის და მატერიალურად წარსადგენი დოკუმენტების ელექტრონული ვერსიებით ჩანაცვლების მიმართულებით. აღსანიშნავია სხვა ქვეყნის შესაბამის უწყებებთან, საერთაშორისო ვაჭრობასთან დაკავშირებული მონაცემების ელექტრონული გაცვლის კუთხით წარმატებული თანამშრომლობა. ციფრული საბაჟო უზრუნველყოფს გადამხდელებისათვის ფორმალობების გამარტივებას, საბაჟო ფორმალობებისთვის საჭირო დროის შემცირებას, ბიზნესისათვის კომფორტული გარემოს შექმნას და რისკზე დაფუძნებული საბაჟო კონტროლის გაძლიერებას.
საბაჟო კანონმდებლობის დახვეწა და მისი ჰარმონიზება საერთაშორისო სტანდარტებთან მუდმივი პროცესია. ამ მხრივ, 2019 წელი განსაკუთრებულად წარმატებული იყო სხვა საკანონმდებლო ცვლილებებთან ერთად. ძალაში შევიდა ახალი საბაჟო კოდექსი, რომელიც სრულ შესაბამისობაშია ევროკავშირის სტანდარტებთან და უზრუნველყოფს საბაჟო რეგულირების მნიშვნელოვნად გაუმჯობესებულ გარემოს.
საქართველოს პარლამენტმა ერთხმად დაამტკიცა ახალი საბაჟო კოდექსი. საქართველო გახდა პირველი ქვეყანა რეგიონში, რომელიც თანამედროვე საბაჟო ინფრასტრუქტურასთან ერთად, ახალი საბაჟო კანონმდებლობითაც სრულად პასუხობს ევროსტანდარტებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, რითაც მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს საერთაშორისო ვაჭრობის განვითარებაში.
ახალი საბაჟო კანონმდებლობა, რომელიც ძალაში შევიდა 2019 წლის პირველი სექტემბრიდან, სრულად პასუხობს ევროკავშირის სტანდარტებს, რაც მნიშვნელოვანი სტიმული გახდება ევროკავშირიდან ინვესტიციების მოსაზიდად და ხელს შეუწყობს ქართული ბიზნესის ინტეგრაციას ევროკავშირის ბაზარზე.
ახალი საბაჟო კოდექსით გამარტივებულია საქართველო-ევროკავშირს შორის საბაჟო პროცედურები, კერძო სექტორს შეუმცირდება საგარეო ვაჭრობასთან დაკავშირებული დანახარჯები, საქართველოსა და ევროკავშირის ბიზნესის წარმომადგენლებისთვის, შექმნილია ერთნაირი საბაჟო რეგულირების გარემო, მარტივი და სამართლიანი წესები.
ახალი საბაჟო კანონმდებლობა ითვალისწინებს მნიშვნელოვან სიახლეებს საბაჟო პროცედურების გამარტივების მიმართულებით:
• შემოსულია მარტივი გაფორმების ახალი წესები და დეკლარირების ფორმები;
• შექმნილია გადახდილი იმპორტის გადასახადის დაბრუნების შესაძლებლობა;
• საბაჟო გადაწყვეტილების მიღების დროს, მაქსიმალურადაა გათვალისწინებული მეწარმის ინტერესები;
• შესაძლებელია გარანტიის ახალი სახის (თავდებობა) გამოყენება;
• შექმნილია მნიშვნელოვანი წინაპირობა, ბიზნესმა გამარტივებული საბაჟო პროცედურებით ისარგებლოს ევროკავშირსა და სხვა ქვეყნებში;
ამასთან, საბაჟო კანონმდებლობაში შენარჩუნებულია ყველა ის პოზიტიური ცვლილება, რაც რეფორმების შედეგად განხორციელდა საგადასახადო და საბაჟო ვალდებულებების ერთიანი/გამარტივებული ადმინისტრირების მიმართულებით, მათ შორისაა: გადასახადის გადამხდელის ერთიანი ბარათი (საგადასახადო და საბაჟო), „სივრცეში“ და „საზღვარზე“ არსებული ზედმეტობის ურთიერთჩათვლა, ერთიანი სახაზინო კოდი საგადასახადო/საბაჟო ვალდებულების შესასრულებლად, გასაჩივრებისა და საგადასახადო შეთანხმების ერთიანი სისტემა.
საბაჟო უპირველეს ყოვლისა გვევლინება ქვეყნის ეკონომიკის ინტერესების დამცველად. მისი მიზანია დადგენილი საბაჟო კონტროლის, დათვალიერება-ზედამხედველობის ღონისძიებებით საბაჟო საზღვრის კვეთის კანონიერ ჩარჩოებში მოქცევა, შესაბამისი საგადასახადო ადმინისტრირება და ფისკალური აგენტის როლის შესრულება, სახელმწიფოს მიერ დადგენილი წესებით საქონლის მოძრაობის მოქცევა იმ რეჟიმში, რომელსაც ტვირთის მფლობელი ითხოვს. საბაჟო კონტროლის, უსაფრთხოების მთავარი მიზანია საბაჟო მართვის სისტემის სრულყოფა უცხოეთში ადაპტირებული საბაჟო ზედამხედველობისა და დათვალიერების ტექნიკური საშუალებების, თანამედროვე ინფორმაციული ტექნოლოგიების მეშვეობით. ბოლო პერიოდში საბაჟო კანონმდებლობის ევროკავშირის სტანდარტებთან მისადაგების ფონზე მოხდა საბაჟო კანონმდებლობის სიღრმისეული ტრანსფორმაცია, რამაც კიდევ უფრო უნდა შეუწყოს ხელი საქართველოს ინტეგრაციას ერთიან ბაზრის სივრცეში.
მას შემდეგ, რაც ოფიციალურად ამოქმედდა ხელშეკრულების ყველა დებულება და საქართველოს პოლიტიკური ასოცირებისა და ეკონომიკური ინტეგრაციის პროცესი, უკვე ევროპული პოლიტიკური, სავაჭრო-ეკონომიკური, სოციალური და სამართლებრივი სტანდარტების დანერგვას გულისხმობს, რაცშეუქცევადად და სრულმასშტაბიანად წარიმართება. აქ კი თავისი წილი საბაჟო კანონმდებლობას ეკუთვნის.
გამოყენებული ლიტერატურა:
- იმედაშვილი გულნარა, „საბაჟო საქმე,“ თბ. 2009 წ.;
- ინსტრუქცია საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ, თბილისი 2012 წ.;
- ლორთქიფანიძე ვიქტორ, „საბაჟო საქმის საფუძვლები,“ თბ. 2002 წ.;
- ურიდია გონერ , რუხაია ფრიდონ „საბაჟო საქმის თეორია,“ თბილისი 2009 წ.;
- საქართველოს საბაჟო კოდექსი, თბ. 2019 წ.;
- ქარუმიძე ვახტანგ ,,საბაჟო საქმე” თბ. 2002 წ.;
- შემოსავლების სამსახურის ანგარიში 2020წ;
- შემოსავლების სამსახურის ანგარიში 2019წ;
zoom შეხვედრის ლინკი: https://us02web.zoom.
უკან |