2022 წლის 27 მაისი 17:00
ბეტონისა და რკინაბეტონის კონსტრუქციების დატვირთვის ქვეშ მუშაობის კანონზომიერება განისაზღვრება მრავალი ფაქტორით. მათგან ყველაზე მნიშვნელოვანია: დატვირთვის სიჩქარე, ბეტონის ასაკი, ტენიანობის პირობები და გარემოს ტემპერატურა და სხვა. ამიტომ, საექსპლუატაციო პირობებში ბეტონის დაძაბულ-დეფორმირებული მდგომარეობის შესაფასებლად საჭიროა დატვირთვის მთელ დიაპაზონზე ცნობილი იყოს ბეტონის ძაბვებსა და დეფორმაციებს შორის დამოკიდებულება. ამ თვალსაზრისით ექსპერიმენტულ-თეორიული კვლევის საფუძველზე შეფასებულია მონოლითურ მშენებლობაში გამოყენებული მძიმე ბეტონის დაძაბულ-დეფორმირებული მდგომარეობა, შესწავლილია ბეტონის ძაბვებსა და დეფორმაციებს შორის დამოკიდებულება მისი სიმტკიცის, ასაკის, გამყარების პირობებსა და დატვირთვის სიჩქარის გათვალისწინებით. შემოთავაზებულია თვისობრივად ახალი ანალიზური დამოკიდებულებები საექსპლუატაციო პირობებში მოქმედი ძირითადი ფაქტორების გათვალისწინებით.
მიღებული დამოკიდებულების საფუძველზე დადგენილია, რომ ერთნაირი ტემპერატურისა და ტენიანობის პირობებში გამყარებისას მძიმე ბეტონის ზღვრული დეფორმაცია იზრდება ბეტონის კლასის გადიდებით. გარემოს ტენიანობის შემცირებით, რომელშიც მყარდება ბეტონი, ზღვრული დეფორმაციის სიდიდე მცირდება.
აღნიშნული გამოკვლევების მნიშვნელოვანი შედეგი არის ის, რომ ბეტონისა და რკინაბეტონის კონსტრუქციების ექსპლუატაციის დროს შესაძლებელია შევაფასოთ დაძაბულ-დეფორმირებული მდგომარეობის ხარისხი და განვსაზღვროთ წინასწარ მოცემული დეფორმაციის შესაბამისი ძაბვა. აღნიშნული დამოკიდებულება მიყვანილია იმ სტადიამდე, რომ შესაძლებელია განხორციელდეს კონკრეტული საინჟინრო ამოცანების რეალიზაცია. მიღებული დამოკიდებულების საფუძველზე შესაძლებელია გადაწყდეს შებრუნებული ამოცანაც - განვსაზღვროთ წინასწარ მოცემული ძაბვის შესაბამისი დეფორმაცია. მიღებული დამოკიდებულებების პრაქტიკული მნიშვნელობის თვალსაჩინოების მიზნით განხილულია რიცხობრივი მაგალითი.
საკვანძო სიტყვები: ბეტონის სიმტკიცე, ძაბვები და დეფორმაციები, დატვირთვის სიჩქარე, ბეტონის ასაკი, გამყარების პირობები.
სემინარის ჩატარება იგეგმება ონლაინ რეჟიმში ZOOM-ის ლინკი: https://us04web.zoom.us/j/3902969505
უკან |