სემინარები

ფილოსოფიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორის ვარდო ბერიძე 31 მაისს ჩაატარებს სემინარს თემაზე: "ფილოსოფოსის ვახტანგ ერქომაიშვილის კვლევები ლოგიკურ პოზიტივიზმში"

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის

ფილოსოფიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორის ვარდო ბერიძის

სამეცნიერო სემინარი თემაზე:

ფილოსოფოსის ვახტანგ ერქომაიშვილის კვლევები ლოგიკურ პოზიტივიზმში

წარმოდგენილ ნაშრომში შესწავლილი და განხილულია XX საუკუნის  ქართველი ფილოსოფოსის ვახტანგ ერქომაიშვილის კვლევები ლოგიკურ პოზიტივიზის მიმართულებით.

ვახტანგ ერქომაიშვილი XX საუკუნის მეორე ნახევრის იმ ფილოსოფოსთა ელიტის წარმომადგენელია, რომელმაც სხვა ქართველ ფილოსოფოსებთან ერთად  (მ. გოგიბერიძე, ზ. კაკაბაძე, გ. თევზაძე და სხვ.) მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა საქართველოში პოზიტივისტური ფილოსოფიის შესწავლის საქმეში. მიუხედავად იმისა, რომ ვახტანგ ერქომაიშვილის კვლევითი ინტერესები ფილოსოფიის ფართო პრობლემატიკას მოიცავდა, როგორიცაა შემეცნების თეორია, დეტერმინიზმის პრობლემები, ადამიანის თავისუფლებისა და პასუხისმგებლობის პრობლემა, ერისა და იდეოლოგიის ურთიერთმიმართების საკითხები და სხვ. მისი ფილოსოფიის უმთავრესი კვლევის საგანს მეცნიერული და ფილოსოფიური ცოდნის სტატუსის დადგენა წარმოადგენდა. გამომდინარე აქედან, ვახტანგ ერქომაიშვილი  ყურადღებას სწორედ ამ პრობლემებით დაინტერესებულ ფილოსოფიური მიმდინარეობების კრიტიკულ ანალიზს უთმობდა, რასაც მიუძღვნა სპეციალური ნაშრომი „ლოგიკური პოზიტივიზმი“ (1974). ნაშრომში ავტორი განიხილავს, ერთ-ერთი ფილოსოფიური მიმდინარეობის - ლოგიკური პოზიტივიზმის თავისებურებას, ყურადღებას ამახვილებს მის წარმოშობა-გავრცელების პირობებზე, ფილოსოფიური რაობის გაგებაზე ლოგიკურ პოზიტივიზმში, მეტაფიზიკის უარყოფასა და ლოგიკური პოზიტივიზმის ემპირიზმზე. აჩვენებს ამ მიმდინარეობის ცალმხრივობას, მისი მიზნის მიუღწევლობას და მეთოდოლოგიურ პრობლემებს, კრიტიკულად აფასებს ფილოსოფიის საგნისა და მეცნიერების ბუნების ლოგიკურ-პოზიტივისტურ ინტერპრეტაციას.  

XX საუკუნის 30-იან წლებში პოზიტივიზმი აღორძინდა პოსტპოზიტივიზმის სახელწოდებით. ზოგადად, პოზიტივისტური ფილოსოფია მეცნიერების ფილოსოფიის საკვანძო საკითხებს, მეცნიერების რაობისა და მისი ცოდნის ზრდის თავისებურებებს ეხება. ერქომაიშვილი იზიარებს პოზიტივისტურ ფილოსოფიაში არსებულ პოზიციას, რომლის თანახმადაც არსებობს მხოლოდ სინამდვილის კონკრეტული სფეროს შემსწავლელი მეცნიერებები, რომლებიც ობიექტურ ცოდნას გვაძლევენ.

პოზიტივიზმი ფილოსოფიას აიგივებს მეცნიერებასთან, ოღონდ მეცნიერება ესმის როგორც მხოლოდ კერძო მეცნიერება, რადგან მიაჩნია, რომ სხვა ტიპის მეცნიერება საერთოდ არ არსებობს. პოზიტივისტური ფილოსოფია უარყოფს კონკრეტული მეცნიერებებისაგან განსხვავებულ და მათზე მაღლა მდგომ ფილოსოფიური ცოდნის შესაძლებლობას. ამიტომ ფილოსოფიამ უნდა დააკმაყოფილოს ის მოთხოვნები, რაც კონკრეტულ მეცნიერებებს წაეყენება და ვერავითარი განსაკუთრებული ფილოსოფიური მეცნიერება ვერ იარსებებს. ერქომაიშვილი თვლის, რომ ლოგიკურ პოზიტივიზმში ეს პრინციპი შენარჩუნდა. მათთვის დამახასიათებელია გამოიკვეთოს თავისი საგანი და შექმნას მეცნიერული კვლევისათვის დამახასიათებელი მეთოდოლოგია. თავდაპირველად, მართალია, ფილოსოფიას ანიჭებდნენ მხოლოდ მეთოდის ფუნქციას, მაგრამ შემდეგ შეიცვალა მიდგომა და ფილოსოფიამ შეიძინა კვლევის საგანი მეცნიერების ენის სახით. „ლოგიკურმა პოზიტივიზმმა ფილოსოფია გააიგივა მეცნიერების ლოგიკურ ანალიზთან, ამიტომ განსაზღვრა ასე: ფილოსოფია არის მეცნიერების ლოგიკა. იგი არ იკვლევს სინამდვილეს, რადგან ეს კერძო მეცნიერებათა საქმეა, მისი საგანია მეცნიერებათა ლოგიკური სტრუქტურა, ხოლო მეთოდი - ლოგიკური ანალიზი [ერქომაიშვილი, 1997: 91].

 წიგნში „ლოგიკური პოზიტივიზმი“ ერქომაიშვილი ცდილობს უჩვენოს პოზიტივიზმის  ცალმხრივობა, თუმცა ამასთანავე იგი აკრიტიკებს სხვადასხვა მცდარ მოსაზრებებს, რომელიც გამოიყენებოდა აღნიშნული ფილოსოფიის საწინააღმდეგოდ. ერქომაიშვილი თავის შრომაში  ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ლოგიკური პოზიტივისტები საერთოდ არ განიხილავენ საკითხს - მატერიალისტურია  ესა თუ ის ფილოსოფია თუ იდეალისტური  - როგორც ფილოსოფიურ პრობლემას. მათთვის მსგავსი საკითხი იყო მეტაფიზიკური და უსაზრისო. ისინი ცდილობდნენ მეტაფიზიკის გადალახვას, რომელშიც გულისხმობდნენ მთელ ტრადიციულ ფილოსოფიას და სრულიად ახლებურად აყალიბებდნენ ფილოსოფიის საგანს.

ვახტანგ ერქომაიშვილის აზრით, ფილოსოფია მეცნიერება კი არ არის, არამედ „მსოფლმხედველობა და სუბიექტის მიერ დანახული სამყაროს ხედვა და მოაზრება“. იგი მიიჩნევს, რომ ეს ვითარება ფილოსოფიის თავისებურებაა და არა ნაკლი, რადგან ფილოსოფია ინარჩუნებს მნიშვნელობას თეორიულ სფეროში.

ლოგიკურ პოზიტივიზმში ერთ-ერთი ძირითადი საკითხია აგრეთვე მეცნიერების ერთიანობის დაფუძნების პრობლემა, რომელსაც ერქომაიშვილი გადმოგვცემს კარნაპის შრომების მაგალითზე, რადგან ერქომაიშვილი თვლის, რომ კარნაპის შეხედულებები ამ საკითხზე ასე თუ ისე ადექვატურად ასახავენ იმ ფაქტიურ ვითარებას, რომელიც შეიქმნა ლოგიკურ პოზიტივიზმში. კარნაპი აღნიშნავს, წერს ერქომაიშვილი, რომ მისი კონცეფცია მეცნიერების ერთიანობის შესახებ მიმართულია ტრადიციული მეტაფიზიკური ფილოსოფიის წინააღმდეგ. ამ უკანასკნელის მიხედვით, ფილოსოფიისა და მეცნიერებების განსხვავებას საფუძვლად უდევს შემეცნების ობიექტებისა და მეთოდების განსხვავებულობა. ერთი მეცნიერება მეორისგან განსხვავდება საგნითა და მეთოდით. ამ ტრადიციულ თვალსაზრისს კარნაპი უპირისპირებს მეცნიერების ერთიანობის თეზისს. მისი დებულება მეცნიერების ერთიანობის შესახებ ეხება მხოლოდ რეალურ მეცნიერებებს. კარნაპი ამტკიცებს რეალურ მეცნიერებათა და არა რეალურ და ფორმალურ მეცნიერებათა ერთიანობის თეზისს.

საბოლოოდ ვახტანგ ერქომაიშვილი ასკვნის, რომ ტრადიციული პოზიტივიზმის თანახმად, ლოგიკური პოზიტივიზმი ანტიკური სკეპტიციზმის ძირითადი პრინციპების გაგრძელება და განვითარებაა. იგი სკეპტიციზმის უახლესი ფორმაა XX საუკუნის ფილოსოფიაში. მისი თქმით, იგი შეეცადა გაეთვალისწინებინა „ის დადებითი და უარყოფითი, რაც მარქსისტულ ფილოსოფიურ ლიტერატურას ლოგიკური პოზიტივიზმის კრიტიკის საქმეში მოეპოვებოდა და დადებითი შედეგების გათვალისწინებით დაეძლია ის გაუგებრობანი, რაც ლოგიკური პოზიტივიზმის კრიტიკას თან ახლდა“ .

 

  პრეზენტაცია

უკან

პოპულარული სიახლეები

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა