სემინარები

ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტის ასისტენტ პროფესორი ნათია აბაშიძე 2024 წლის 22 ივლისს 12 საათზე 408-ე ოთახში წარმოადგენს სამეცნიერო სემინარს თემაზე: სასწავლო ხარაჩოების გამოყენება უცხოური ენის შესწავლისას

სწავლებაში ხარაჩოების კონცეფცია (ინგლ. Scaffolding / ფრ. Étayage) ვიგოტსკის თეორიების შემდეგ არაერთმა მკვლევარმა განავითარა : ბრუნერი (1978), სტოუნი (1998), ბუშტონი (2009), მანშეკი (2010), ვალატი (2012), რომლებიც მიიჩნევდნენ, რომ სასწავლო პროცესში ხარაჩოები/ სოციალური ინტერაქციის ჩარჩოების შექმნა შეუცვლელ რესურს წარმოადგენდა საკომუნიკაციო უნარ-ჩვევების, კოგნიტური უნარებისა და სტუდენტის ავტონომიურობის განვითარებისთვის.

დეფინიციათა სიმრავლის მიუხედავად, ამ მეტაფორის მთავარ არსს წარმოადგენს კონკრეტული დავალების შესრულებისას ლექტორის/მასწავლებლის სტრატეგიული ჩართულობა/დახმარება, რომლის გარეშეც  სტუდენტი/მოსწავლე ვერ ახერხებს პრობლემის გადაჭრას. 

სასწავლო ხარაჩოები ლექტორის/მასწავლებლის ასისტირებით ენის შემსწავლელს პრობლემის გადაჭრაში ეხმარება. ის ეყრდნობა გარკვეულ ენობრივ მოდელებს, კითხვარს, აქტივობებს, ხელს უწყობს მასალის სიღრმისეულ გაანალიზებას, მეტი ყურადღება ეთმობა უნარ-ჩვევების განვითარებას, პრიორიტეტულია აზროვნების მაღალი დონის პროცესები: ანალიზი, შეფასება, შექმნა. მასთან შეიძლება ინტეგრირდეს როგორც დიფერენცირებული მიდგომა, ისე კომუნიკაციური მეთოდი. ლექტორის მიერ სტუდენტის გამხნევების, პროგნოზირებისა და  სასწავლო რიტუალების წყალობით  ხარაჩოები ავსებენ ცოდნის ხარვეზებს, რის შედეგადაც სტუდენტი აანალიზებს და აცნობიერებს დავალებას, შეიმუშავებს საკომუნიკაციო სტრატეგიებს, გამოიმუშავებს ახალ უნარ-ჩვევებს.   

ამრიგად, სასწავლო ხარაჩო წარმოადგენს მიზანმიმართულ პროფესიულ ჟესტს, ეყრდნობა ინტერაქციას, ვითარდება სხვადასხვა სტრატეგიის შესაბამისად, აღემატება სტუდენტის ცოდნას/გამოცდილებას, თანამშრომლობის პირობებში ხელს უწყობს გადაწყვეტილების მიღებას, საშუალებას აძლევს სტუდენტს/მოსწავლეს განახორციელოს ინდივიდუალური შემეცნებითი ქმედება, ახდენს ახალი ცოდნის კონსტრუირებას. სწავლების ამ მოდელის მნიშვნელოვანი პირობაა სტუდენტთა ინტერაქცია, დავალების მიზანშეწონილობა, თანამშრომლობითი სწავლება, გამხნევება და პასუხისმგებლობის გაზიარება.

სემინარში მიმოვიხილავთ აღნიშნული მეთოდის ძირითად პრინციპებს, განვიხილავთ რამდენიმე მაგალითს და გავაანალიზებთ პრაქტიკულ მეცადინეობებში  ხარაჩოების ინტეგრირების ეფექტიანობას.

 


უკან

პოპულარული სიახლეები

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა