სემინარი თემაზე: კოლხური თეთრი პეტრა-ციხისძირიდან
(ინტერდისციპლინური კვლევა)
პეტრა-ციხისძირის ნუმიზმატიკური ძეგლები გასული საუკუნიდან იქცევდა მეცნიერთა ყურადღებას. აქ სხვადასხვა დროს შემთხვევითი თუ არქეოლოგიური გათხრების დროს გამოვლენილია: პირველი ქართული ფულის – კოლხური თეთრის მცირე ნომინალი - ნახევარდრაქმები (138 ცალი), ანტიკური ხანის უცხოური მონეტები, პართული დრაქმები, რომაული ვერცხლისა და სპილენძის მონეტები, სასანური ირანის დრაქმები, ბიზანტიური სპილენძის, ვერცხლისა და ოქროს მონეტები, ქუფური დირჰემები, საქართველოს მეფის თამარის სახელით მოჭრილი სპილენძის მონეტები, მცირე აზიის სახელმწიფო კონიის-რუმის სასულთნოს, ილდეგიზიდების საფასეები, ტრაპიზონის ასპრები, მისი ქართული მინაბაძი კირმანეულები და ოსმალური მონეტები.
ამჯარად, ჩვენი მიზანია ციხისძირის სამაროვანზე არქეოლოგიური გათხრების დროს გამოვლენილი კოლხური ჰემიდრაქმების ინტერდისციპლინური კვლევა. პეტრას აკროპოლისისა და ძველკოლხური ნამოსახლარის ჩრდილო-დასავლეთით, დაახლოებით 500 მეტრის დაშორებით, ძველი დიუნების ზოლის (ახალშავზღვური ტერასა) გასწვრივ გადაჭიმულ დაბლობ სანაპირო ზონაში აღმოჩენილია სამაროვანი, რომელიც სამხრეთიდან ჩრდილოეთისკენ ვრცელდება. ციხისძირის სამაროვანზე აღმოჩენილია 315 სამარხი, რომელთა უმეტესობა (305 სამარხი) კლასიკურ და ელინისტურ პერიოდებს მიეკუთვნება. სწორედ აქ გამოვლინდა კოლხური ჰემიდრაქმები.
პირველად შევისწავლეთ ციხისძირის სამაროვანზე აღმოჩენილი კოლხური ჰემიდრაქმები XRF (x-ray fluorescence) ანუ რენტგენული ფლუორესცენციის მეთოდით. ანალიზისთვის შევარჩიეთ 36 ერთეული, რომელთაც კვლევა ჩაუტარდათ ივანე ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აჯ. ჯანელიძის სახ. გეოლოგიის ინსტიტუტში. დადგინდა. რომ მონეტები მოჭრილია მაღალი ხარისხის ვერცხლისაგან. მასალას შორის იყო 2 გვერდებჩამოტეხილი ერთეული, რომელის შესწავლამ აჩვენა, რომ ისინი არ წარმოადგენენ სუბერატიულ მონეტებს, და მთლიანად მაღალი სინჯის ვერცხლისგან არის მოჭრილი.
| უკან |
