სემინარები

2026 წლის 19 ივნისს 14:00 საათზე N32 აუდიტორიაში ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის, ქართული ფილოლოგიის დარგობრივი დეპარტამენტის ასისტენტ პროფესორი მარიამ კორინთელი ჩაატარებს სემინარს თემაზე: "ქალაქის პოეტიკა გერტრუდ სტაინის `სამ სიცოცხლეში`"

ქალაქის პოეტიკა გერტრუდ სტაინის „სამ სიცოცხლეში“

აბსტრაქტი

მხატვრული ნაწარმოების სამოქმედო არეალს, სივრცეს, რომელშიც პერსონაჟები მოქმედებენ და სიუჟეტი ვითარდება, უდიდესი მნიშვნელობა აქვს ნაწარმოებისთვის.  ზოგჯერ ისეც ხდება, რომ სივრცეები პერსონაჟებადაც გვევლინებიან. გარდა ქალაქების ცხოვრების ლიტერატურულ პრიზმაში გამოტარებისა, ისტორიული თვალსაზრისითაც საინტერესო დასაკვირვებელია სამოქმედო სივრცეთა, ქალაქების სახეთა ცვლა მხატვრულ ლიტერატურაში, რადგან ამ ცვლილებების პროცესზე დაკვირვება მრავალფეროვანი ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევა. ისტორიული ასპექტების გათვალისწინებით, ეს ქვეყნის განვითარებაა, რადგან ურბანული გარემო პირდაპირ კავშირშია ლიტერატურის განვითარებასთან, რაც მსოფლიო ლიტერატურის ისტორიამაც დაადასტურა.

თუკი ამოვალთ იმ მოცემულობიდან, რომ ქალაქი არ არის მხოლოდ მატერია, და, მატერიის გარდა, მისი არსი მდგომარეობს იმ გავლენებში, რომელსაც იგი ახდენს ისტორიულ რეალობაზე, სოციალურ მოცემულობაზე, სახელმწიფოს კურსსა და ინდივიდთა ცხოვრებაზე, მაშინ შეიძლება, ლიტერატურული ნაწარმოებებიც ამ გავლენებთან მიმართებაში განვიხილოთ.

ამერიკელი რომანისტი, დრამატურგი, პოეტი, მოდერნიზმის გამორჩეული წარმომადგენელი, კოლექციონერი, მეცენატი გერტრუდ სტაინი 1874 წელს, პიტსბურგში დაიბადა. 1903 წლიდან ის პარიზში გადავიდა საცხოვრებლად და იმ დროიდან მოყოლებული, საფრანგეთი მის მეორე სამშობლოდ იქცა. სტაინის მრავალმხრივმა შემოქმედებამ, მისმა ინოვაციურმა, რევოლუციურმა წერის სტილმა დიდი გავლენა მოახდინა არა მხოლოდ მის თანამედროვე ავტორებზე, არამედ სტაინის შემდგომ ლიტერატურულ პროცესებზე.

მისი 1905-1906 წლებში დაწერილი რომანი, „სამი სიცოცხლე“ წერის სხვადასხვა ტექნიკის შერევით, სტილური მრავალფეროვნებით, რთული სტრუქტურითა და განუმეორებელი სამწერლო ენით გამოირჩევა, რომელსაც ქმნის თავისებური სინტაქსი და პუნქტუაცია, ცნობიერების ნაკადის ტექნიკით ექსპერიმენტები და გერტრუდ სტაინის კულტურული, ეთნიკური, თუნდაც, პოლიტიკური მიკუთვნილობა.

„სამი სიცოცხლის“ სამივე ნაწილის, „კარგი ანას“, „მელანქტასა“ და „თვინიერი ლენას“ მოქმედება ბალტიმორის გამოგონილ ქალაქში, ბრიჯპოინტში ხდება. ისევე, როგორც შერვუდ ანდერსონის ვაინსბურგი, ან უილიამ ფოლკნერის ჯეფერსონი, ბრიჯპოინტსაც სახელი აქვს გამოგონილი, გარემო, სოციალური ქსოვილი და ქალაქის სხეული კი სრულიად რეალური და ძალიან ამერიკულია, კონკრეტულად კი - სამხრეთული. ბრიჯპოინტი აირეკლავს ყველაფერს, რასაც სტაინი პიტსბურგში ოდესმე შესწრებია - ჩაგვრას, ემიგრანტების ცხოვრებას, აფროამერიკელების ყოფას, უთანასწორობას. ბრიჯპოინტი ერთგვარად არის მე-19 საუკუნის სამხრეთის შტატების მინი-მოდელი და ამავე დროს - დამოუკიდებლად განვითარებადი, მუდმივად მოძრავი ორგანიზმი, რომელიც, როგორც ორგანიზმის თვისებაა, ყველაფერს აკეთებს უცხო სხეულების განსადევნად. ბრიჯპოინტზე დაკვირვება ერთგვარად შესაძლებელს ხდის ისტორიის რეკონსტრუქციას.


უკან

პოპულარული სიახლეები

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა