სემინარები

2026 წლის 26 ივნისს 12.00 საათზე, N 56 აუდიტორიაში ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტის, პედაგოგიკურ მეცნიერებათა დარგობრივი დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი ნატო შეროზია, პროფესორი ლელა თავდგირიძე და ასისტენტ პროფესორი მაია ბოლქვაძე ჩაატარებენ სემინარს თემაზე: "პედაგოგიური რეფლექსია: თავს მოხვეული ვალდებულება თუ პროფესიული საჭიროება?“

“პედაგოგიური რეფლექსია: თავს მოხვეული ვალდებულება თუ პროფესიული საჭიროება?“

თანამედროვე ზოგადი განათლების სისტემაში სწავლების ხარისხი უკავშირდება არა მხოლოდ ცოდნის გადაცემას, არამედ ისეთი უნარებისა და დამოკიდებულებების განვითარებას, რომლებიც უზრუნველყოფს მოსწავლეთა და პედაგოგთა უწყვეტ პროფესიულ ზრდას. ამ კონტექსტში განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს რეფლექსია, როგორც გამოცდილების გააზრების, შეფასებისა და განვითარების მექანიზმი. მიუხედავად იმისა, რომ რეფლექსიის მნიშვნელობა ფართოდ არის აღიარებული, პრაქტიკაში იგი ხშირად ფორმალურ მოთხოვნად აღიქმება, რომელიც დაკავშირებულია ანგარიშგებასა და პროფესიულ ვალდებულებებთან. თუმცა კვლევები აჩვენებს, რომ ავთენტური რეფლექსია წარმოადგენს პროფესიული თვითგანვითარების, კრიტიკული აზროვნებისა და სწავლების ხარისხის გაუმჯობესების მნიშვნელოვან ინსტრუმენტს.

კვლევის მიზანია რეფლექსიის პედაგოგიურ-ფსიქოლოგიური საფუძვლების გააზრება და მისი როლის ანალიზი პედაგოგის პროფესიული განვითარების პროცესში.

ანალიზმა აჩვენა, რომ რეფლექსია თანამედროვე განათლების ერთ-ერთი ფუნდამენტური კატეგორიაა, რომელიც გამოცდილების ცოდნად გარდაქმნას და პროფესიული პრაქტიკის გააზრებულ განვითარებას უწყობს ხელს. იგი არ შემოიფარგლება მხოლოდ წარსული ქმედებების შეფასებით, არამედ წარმოადგენს აქტიურ და უწყვეტ პროცესს, რომელიც აერთიანებს აზროვნებას, ემოციებს, ღირებულებებსა და მოქმედებას. რეფლექსიური პრაქტიკა მოიცავს დაკვირვებას, ანალიზს, დაგეგმვასა და ცვლილებების განხორციელებას. ამ პროცესში რეფლექსია გვევლინება არა თვითკრიტიკის, არამედ კონსტრუქციული თვითშეფასებისა და პროფესიული ზრდის საშუალებად. მისი სისტემური ინტეგრაცია ხელს უწყობს სწავლების ხარისხის გაუმჯობესებას, პროფესიული კომპეტენციების გაღრმავებასა და დემოკრატიული საგანმანათლებლო გარემოს ჩამოყალიბებას.

შესაბამისად, რეფლექსია უნდა განვიხილოთ არა როგორც გარედან თავს მოხვეული ვალდებულება, არამედ როგორც თანამედროვე პედაგოგის პროფესიული კულტურისა და უწყვეტი განვითარების აუცილებელი კომპონენტი.


უკან

პოპულარული სიახლეები

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა