სემინარები

2026 წლის 21 ივლისს 12:00 საათზე N56 აუდიტორიაში ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტის, პედაგოგიურ მეცნიერებათა დარგობრივი დეპარტამენტის პროფესორი ნანა მაკარაძე და ასოცირებული პროფესორი ქეთევან შოთაძე ჩაატარებენ სემინარს თემაზე „კვლევის ეთიკის სტანდარტები თანამედროვე აკადემიურ სივრცეში“;

კვლევის ეთიკის სტანდარტები თანამედროვე აკადემიურ სივრცეში

ანოტაცია

კვლევის ეთიკის სტანდარტების დაცვა თანამედროვე აკადემიური სივრცის ერთ-ერთი ფუნდამენტური პრინციპია, რომელიც განსაზღვრავს სამეცნიერო საქმიანობის სანდოობას, გამჭვირვალობასა და საზოგადოებრივ ღირებულებას. ტექნოლოგიური პროგრესის, ხელოვნური ინტელექტის განვითარებისა და საერთაშორისო კვლევითი თანამშრომლობის გაფართოების პირობებში განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ეთიკური სტანდარტების განახლება და მათი ეფექტიანი ინტეგრირება კვლევით პრაქტიკაში.

ნაშრომის მიზანია თანამედროვე აკადემიურ გარემოში კვლევის ეთიკის სტანდარტების, პასუხისმგებლიანი კვლევის პრინციპებისა და აკადემიური კეთილსინდისიერების უზრუნველყოფის მექანიზმების ანალიზი. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა კვლევის ეთიკის ინსტიტუციური უზრუნველყოფის თანამედროვე მიდგომებს, ეთიკის კომიტეტების როლს, მონაცემთა დაცვისა და  მკვლევართა პასუხისმგებლობის საკითხებს, ასევე ხელოვნური ინტელექტის გამოყენებასთან დაკავშირებულ თანამედროვე ეთიკურ გამოწვევებს. ამასთან, ხაზგასმულია საერთაშორისო სტანდარტების ეროვნულ აკადემიურ სივრცეში ინტეგრირების მნიშვნელობა, როგორც კვლევის ხარისხისა და საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელოვანი წინაპირობა.

ერაზმუს+ პროექტის „კვლევის პასუხისმგებლიანად წარმართვა – კვლევის კეთილსინდისიერება და ეთიკა ქართულ უნივერსიტეტებში“ (Responsible Conduct of Research – Research Integrity and Ethics in Georgian Universities - ETHICS) ფარგლებში მიღებული გამოცდილების გათვალისწინებით, ნაშრომში გაანალიზებულია საერთაშორისო ეთიკური ჩარჩოები და რეკომენდაციები, რომლებიც განსაზღვრავს პასუხისმგებლიანი კვლევის განხორციელების ძირითად პრინციპებს და წარმოაჩენს კვლევის ეთიკის კომიტეტების მნიშვნელობას კვლევის ხარისხის, სანდოობისა და ეთიკური სტანდარტების უზრუნველყოფაში.

აკადემიურ სივრცეში ეთიკური სტანდარტების ეფექტიანი დანერგვა მხოლოდ მარეგულირებელი ნორმების არსებობით არ მიიღწევა. იგი მოითხოვს ეთიკური კულტურის დამკვიდრებას, კვლევის მონაწილეთა უფლებების დაცვას, გამჭვირვალე გადაწყვეტილებების მიღებას, მკვლევართა პროფესიული პასუხისმგებლობის გაძლიერებასა და ეთიკური კომპეტენციების უწყვეტ განვითარებას.

დასკვნის სახით აღინიშნება, რომ კვლევის ეთიკის თანამედროვე სტანდარტების დანერგვა წარმოადგენს არა მხოლოდ სამართლებრივ და ინსტიტუციურ მოთხოვნას, არამედ სამეცნიერო ხარისხის ამაღლების, აკადემიური სივრცის მდგრადი განვითარებისა და საერთაშორისო აკადემიურ საზოგადოებაში წარმატებული ინტეგრაციის მნიშვნელოვან საფუძველს.

საკვანძო სიტყვები: კვლევის ეთიკა, კვლევის კეთილსინდისიერება, აკადემიური კეთილსინდისიერება, პასუხისმგებლიანი კვლევა, კვლევის ეთიკის კომიტეტი, ხელოვნური ინტელექტის ეთიკა.

 


უკან

პოპულარული სიახლეები

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა