სემინარები

2026 წლის 21 ივლის 13:00 საათზე N56 აუდიტორიაში ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტის, პედაგოგიურ მეცნიერებათა დარგობრივი დეპარტამენტის პროფესორი ნანა მაკარაძე; ასოცირებული პროფესორი ნანი მამულაძე; ასოცირებული პროფესორი მარინე გურგენიძე და ბსუ-ს მოწვეული მასწავლებელი, დოქტორანტი ცირა კაპანაძე ჩაატარებენ სემინარს თემაზე „ჯანმრთელობის ხელშემწყობი სკოლის საერთაშორისო მოდელი - ბრაშოვის გამოცდილება და პრაქტიკული რეკომენდაციები საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებისთვის“.

ჯანმრთელობის ხელშემწყობი სკოლის საერთაშორისო მოდელი

ბრაშოვის გამოცდილება და პრაქტიკული რეკომენდაციები საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებისთვის

მარინე გურგენიძე - ბსუ-ს ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტის პედაგოგიურ მეცნიერებათა დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი

ნანი მამულაძე - ბსუ-ს ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტის პედაგოგიურ მეცნიერებათა დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი

ნანა მაკარაძე - ბსუ-ს ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტის პედაგოგიურ მეცნიერებათა დეპარტამენტის  პროფესორი

ცირა კაპანაძე - ბსუ-ს მოწვეული მასწავლებელი, დოქტორანტი

ანოტაცია

ჯანმრთელობის ხელშემწყობი სკოლის კონცეფცია თანამედროვე განათლების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა, რადგან სკოლა განიხილება არა მხოლოდ როგორც ცოდნის გადაცემის სივრცე, არამედ როგორც გარემო, რომელიც ხელს უწყობს მოსწავლეთა ფიზიკურ ჯანმრთელობას, ფსიქოლოგიურ კეთილდღეობასა და სოციალურ განვითარებას. სწორედ ამ მიდგომას ეფუძნება შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტი „სასკოლო გარემოსა და სასწავლო პროცესის გავლენა მოსწავლეთა ჯანდაცვის კომპეტენციებზე: პრობლემების იდენტიფიკაცია და ინტერდისციპლინური ინტერვენციის გზები“.

პროექტის ფარგლებში რუმინეთის ქალაქ ბრაშოვში განხორციელდა კვლევა, რომლის მიზანი იყო ჯანმრთელობის ხელშემწყობი სკოლის (Health Promoting School - HPS) საერთაშორისო მოდელის პრაქტიკული განხორციელების შესწავლა, ეფექტიანი გამოცდილების იდენტიფიცირება და იმ მიდგომების გამოვლენა, რომელთა გამოყენებაც შესაძლებელია საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო სისტემაში. კვლევა ინტერდისციპლინურ ხასიათს ატარებდა და ეფუძნებოდა განათლების მეცნიერების, ფსიქოლოგიის, საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და სოციალური მეცნიერებების მიდგომებს. კვლევის ფარგლებში შესწავლილ იქნა ბრაშოვის ოთხი განსხვავებული ტიპის საგანმანათლებლო დაწესებულება. ანალიზი განხორციელდა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) და გაეროს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციის (UNESCO) ჯანმრთელობის ხელშემწყობი სკოლის გლობალური სტანდარტების საფუძველზე. შეფასდა სასკოლო ლიდერობა, ფიზიკური და ფსიქოსოციალური გარემო, ჯანმრთელობის განათლების ორგანიზება, მოსწავლეთა მხარდაჭერის მექანიზმები, მულტიდისციპლინური გუნდების საქმიანობა, ინკლუზიური პრაქტიკა, აგრეთვე ოჯახისა და თემის ჩართულობა. მონაცემები შეგროვდა ნახევრად სტრუქტურირებული ინტერვიუების, სისტემური დაკვირვებისა და დოკუმენტების ანალიზის საშუალებით, რამაც სკოლების პრაქტიკის მრავალმხრივი შეფასების შესაძლებლობა შექმნა.

კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ ჯანმრთელობის ხელშემწყობი სკოლის წარმატება არ არის დამოკიდებული ცალკეული პროგრამების არსებობაზე. იგი განისაზღვრება სკოლაში ჩამოყალიბებული ერთიანი სისტემით, რომელიც აერთიანებს უსაფრთხო და მხარდამჭერ გარემოს, ჯანმრთელობასთან დაკავშირებული კომპეტენციების განვითარებას, ფსიქოლოგიურ მხარდაჭერას, ფიზიკური ჯანმრთელობის დაცვის ღონისძიებებს, პროფესიულ თანამშრომლობასა და აქტიურ პარტნიორობას ოჯახთან და თემთან. სწორედ ამ კომპონენტების ურთიერთკავშირი ქმნის მოსწავლის ჰოლისტური განვითარების, კეთილდღეობისა და აქტიური ჩართულობის აუცილებელ წინაპირობებს.

მოხსენებაში გაანალიზებულია ბრაშოვის სკოლების გამოცდილება და კვლევის შედეგების საფუძველზე წარმოდგენილია პრაქტიკული რეკომენდაციები, რომლებიც შეიძლება გამოყენებული იქნას საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში ჯანმრთელობის ხელშემწყობი პოლიტიკის, სასკოლო გარემოსა და ინტერდისციპლინური თანამშრომლობის განვითარებისა და გაძლიერებისათვის.

საკვანძო სიტყვები: ჯანმრთელობის ხელშემწყობი სკოლა, სასკოლო კეთილდღეობა,  ინტერდისციპლინური თანამშრომლობა, საერთაშორისო გამოცდილება, ზოგადსაგანმანათლებლო სკოლა.

 


უკან

პოპულარული სიახლეები

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა