სამეცნიერო სემინარის დასახელება: ნეოლითური ხანის კვება და კვების რაციონი ჭოროხის ხეობაში (ინტერდისციპლინური კვლევა)
სემინარის ჩატარების თარიღი: 24.07.2026.
სემინარის ჩატარების დრო: 12:00 სთ.
სემინარის ჩატარების ადგილი: ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოლოგიის დეპარტამენტი, N 48
ანოტაცია:
უძველესი ადამიანის კვების და კვების რაციონის რეკონსტრუქცია უკანასკნელ პერიოდში მეტად საინტერესო საკითხთაგანია, რომელზეც აქტიურად მუშაობენ მეცნიერები. ეს თემა თავისი მასშტაბიდან და სპეციფიკიდან გამომდინარე სცილდება არქეოლოგიას და ექცევა საბუნებისმეტყველო მეცნიერებების ინტერესში. პალინოლოგს, არქეოლოზოოლოგს და არქეობოტანიკოსს ნიმუშების შესწავლის საფუძველზე შეუძლია გარკვეული ინფორმაცია მოგვაწოდოს პირველყოფილი ადამიანის მიერ საკვებად გამოყენებულ მცენარეებსა და ცხოველებზე. თუმცა, ყველა ნამოსახლარზე არ ხდება სრული არქეოლოგიური კომპლექსის დაფიქსირება. სამწუხაროდ, აჭარის რეგიონის სუბტროპიკული კლიმატური პირობებისა და ნიადაგის თავისებურებების გამო, ძვლოვანი მასალა ღია ტიპის ნამოსახლარებზე არ შემორჩენილა. კვების რეციონის შესახებ გარკვეულ ინფორმაციას იძლევა მხოლოდ პალინოლოგიური ანალიზი, სადაც მიწის ნიმუშებში დიდი რაოდენობით არის დაფიქსირებული თხილი, კაკალი, სოკო, მარცვეულის ნაშთები და სხვ. მიღებული ინფორმაცია საინტერესოა, მაგრამ მყარი სამეცნიერო დასკვნების გასაკეთებლად მეტად ღარიბია.
სწორედ ამ ინფორმაციული სიცარიელის შესავსებად გამოვიყენეთ კერამიკული ნიმუშების ორგანული ნაშთების ანალიზი, რომელიც კერამიკაში არსებული ცხიმების საფუძველზე გვაძლევს უძველესი საკვები რაციონის რეკონსტრუქციის შესაძლებლობას.
2025 წ. მახვილაურის კოლექციიდან შერჩეული 2 ნიმუშის კვლევამ, რომელიც ბრისტოლის უნივერსიტეტის ლაბორატორიაში ჩატარდა დააფიქსირა არარუმინანტული ცხოველის ცხიმები. როგორც ჩანს, დაახლ. 8 000 წლის წინ მახვილაურში მცხოვრები ნეოლითელი ადამიანის საკვებ რაციონში არარუმინანტული ცხოველების ხორცი შედიოდა.
ინტერდისციპლინური კვლევები ნეოლითური კერამიკის ორგანული ნაშთების მიმართულებით აქტიურ ფაზაში მიმდინარეობს, რაც საბოლოო ჯამში შესაძლებლობას მოგვცემს სრულად/ნაწილობრივ აღვადგინოთ ჭოროხის ხეობის ნეოლითური ხანის საკვები რაციონი.
| უკან |
