იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი

ბსუ-ში USAID-ის დაფინანსებით ახალი პროექტი განხორციელდება

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამართლის მიმართულებით ახალი პროექტი განხორციელდება. ბსუ გახდა ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროგრამის - „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ (PROLoG) - მიერ გამოცხადებული კონკურსის „ადამიანის უფლებათა სამართლის მიმართულება“ გამარჯვებული სულხან-საბა პორბელიანის უნივერსიტეტის ერთ-ერთი პარტნიორი. 

პროექტი განხორციელდება სულხან-საბა ორბელიანის სასწავლო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტების პარტნიორობით. ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის მხრიდან პროექტის კოორდინატორია იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი მალხაზ ნაკაშიძე.

პროექტი უნიკალურია თავისი არსით, რადგან შეიქმნება სამი ახალი სასწავლო საგანი: „შშმ პირების სამართალი“, „ანტიდისკრიმინაციული სამართალი“ და „თანასწორობის უფლებათა დაცვა“. ამათგან პირველი ორი საგანი გათვალისწინებული იქნება სამართლის საბაკალავრო პროგრამაში, ხოლო მესამე - სამართლის სამაგისტრო პროგრამაში. საგნები ჯერ დაიტესტება საბაუნიში, ხოლო შემდეგ შევა დანარჩენი ორი პარტნიორი უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამებში. შესაბამისად, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი სტუდენტებს შესთავაზებს თანამედროვე გამოწვევებზე ორიეტირებულ ახალ პრაქტიკულ საგნებს:

  • „შშმ პირების სამართალი“
  • „ანტიდისკრიმინაციული სამართალი“
  • „თანასწორობის უფლებათა დაცვა“.

პროექტი მრავალკომპონენტიანია, რომლის ფარგლებშიც შეიქმნება:

  • 3 ახალი სასწავლო საგნის სილაბუსი
  • ერთი სახელმძღვანელო სტუდენტებისთვის
  • ერთი სახელმძღვანელო ლექტორებისთვის
  • ერთი სტატიათა კრებული
  • ვიდეოლექციები და ვიდეორგოლები შშმ პირების უფლებებისა და თანასწორობის უფლებებთან დაკავშირებული. ამასთანავე, ვიდეოლექციები და ვიდეორგოლები ადაპტირებული იქნება სმენადაქვეითებულთათვის

ჩატარდება:

  • 6 ვორქშოფი სამივე უნივერსიტეტში პროფესორ-მასწავლებლების მონაწილეობით
  • 6 საჯარო დისკუსია თბილისში, აჭარასა და ახალციხეში
  • ერთი საჯარო ლექცია თბილისში
  • დასკვნითი საჯარო შეხვედრა თბილისში

პროექტში მონაწილეობას მიიღებს ჰარვარდის უნივერსიტეტის (აშშ) პროფესორი ჟანეტ ლორდი (Janet Lord), რომელიც იქნება „შშმ პირების სამართლის“ მთავარი ავტორი. იგი ასევე ეწვევა საქართველოს და ჩაატარებს საჯარო ლექციას.

პროექტი დაიწყო 2020 წლის მაისში და მისი განხორციელების ვადა მოიცავს 14 თვეს.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა