იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი შეიქმნა 2019 წელს უნივერსიტეტში განხორციელებული რეორგანიზაციის შედეგად. მასში გაერთიანდა იურიდიული ფაკულტეტი და სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი.
ამჟამად, ფაკულტეტზე მოქმედებს ხუთი საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა: სამართალმცოდნეობა, საერთაშორისო ურთიერთობები, ევროპისმცოდნეობა, ფსიქოლოგია და საჯარო მმართველობა. ასევე ხორციელდება სამი სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა: საჯარო სამართალი, სისხლის სამართალი და კლინიკური ფსიქოლოგია. მიმდინარეობს მუშაობა ახალი სამაგისტრო და უცხოენოვანი პროგრამების დანერგვის მიმართულებით.
იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ძირითადი მიზანია მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მომზადება, რომლებსაც ექნებათ შესაბამისი თეორიული ცოდნა და პრაქტიკული უნარ-ჩვევები, რაც მათ საშუალებას მისცემს, იყვნენ კონკურენტუნარიანი როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზარზე. იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტებს ემსახურება იურიდიული კლინიკა, საიმიტაციო სასამართლო დარბაზი, კრიმინალისტიკის კაბინეტ-ლაბორატორია, ფსიქოლოგიის კლინიკა, სოციალური კვლევების ცენტრი, ევროპული კვლევების ცენტრი და საჯარო მმართველობის პრობლემების კვლევების ცენტრი. არსებული კაბინეტ-ლაბორატორიები ხელს უწყობს თეორიული ცოდნის ნაყოფიერად გამოყენებასა და სასწავლო პროცესის ეფექტურად წარმართვას.
იურიდიულ კლინიკაში კონკურსის წესით შერჩეული სტუდენტები სტაჟირებას გადიან. მომავალი იურისტები კლინიკაში ეუფლებიან პროფესიულ უნარ-ჩვევებს, ეწევიან საადვოკატო საქმიანობას და მოქალაქეებს აქტიურ დახმარებას უწევენ სხვადასხვა სამართლებრივი პრობლემის მოგვარებასა თუ იურიდიული დოკუმენტების მომზადებაში.
ფსიქოლოგიის კლინიკაში კი ბსუ-ს ფსიქოლოგები ფსიქოლოგიის პროგრამის სტუდენტებთან ერთად, ფსიქო-სოციალურ დახმარებას უწევენ ძალადობის მსხვერპლ ან რისკის ქვეშ მყოფ ბავშვებს, ახალგაზრდებს, მათი ოჯახის წევრებს, შშმ და გსსმ პირებს. კლინიკის ბაზაზე გახსნილია სპეციალურად აღჭურვილი ზრდასრულთა ინდივიდუალური და ჯგუფური თერაპიის ოთახები.
იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი აერთიანებს სამ დეპარტამენტს: სამართლის დეპარტამენტი, საზოგადოებრივ და პოლიტიკურ მეცნიერებათა დეპარტამენტი, სოციალურ მეცნიერებათა დეპარტამენტი.
სამართლის დეპარტამენტი დაარსდა 2006 წელს კონსტიტუციური სამართლის, საერთაშორისო სამართლის, სისხლისა და სამოქალაქო სამართლის კათედრების ბაზაზე. 2011წელს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის აკრედიტაციის საბჭოს გადაწყვეტილებით ბსუ-ს სამართალმცოდნეობის საბაკალავრო, ხოლო 2012 წელს სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამებს სახელმწიფო აკრედიტაცია მიენიჭა. დეპარტამენტს ჰყავს 14 აკადემიური პირი, მათგან 2 პროფესორი, 5 ასოცირებული პროფესორი და 7 ასისტენტი, ასევე დეპარტამენტთან თანამშრომლობენ მოწვეული მასწავლებლები და სპეციალისტები.
სოციალურ მეცნიერებათა დეპარტამენტი 1935 წელს დაარსებული ბათუმის სამასწავლებლო ინსტიტუტის პედაგოგიკა-ფსიქოლოგიის კათედრის ფსიქოლოგიის მიმართულების მემკვიდრეა. 2006 წელს პედაგოგიკა-ფსიქოლოგიის დეპარტამენტი დაჯილდოვდა დიმიტრი უზნაძის საიუბილეო მედლით, რითაც აღინიშნა ბსუ-ში ფსიქოლოგიის მიმართულების მრავალწლიანი ნაყოფიერი მუშაობა. დეპარტამენტი ახორციელებს ფსიქოლოგიის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებს. სოციალურ მეცნიერებათა დეპარტამენტს ჰყავს 7 აკადემიური პირი, მათგან 1 პროფესორი, 3 ასოცირებული პროფესორი, 1 ასისტენტ-პროფესორი და 2 ასისტენტი.
2015 წელს, ფაკულტეტის რეორგანიზაციის შედეგად სოციალურ მეცნიერებათა დეპარტამენტი გაიყო და შეიქმნა საზოგადოებრივ და პოლიტიკურ მეცნიერებათა დეპარტამენტი, რომელიც ახორციელებს ორ საბაკალავრო პროგრამას: საერთაშორისო ურთიერთობები და ევროპისმცოდნეობა. დეპარტამენტს ჰყავს 9 აკადემიური პირი, მათგან 6 ასოცირებული პროფესორი, 3 ასისტენტ-პროფესორი.
ფაკულტეტს მჭიდრო ურთიერთობები აქვს დამყარებული ავსტრიის ქალაქ გრაცის „კარლ ფრანცის უნივერსიტეტთან“, ლიტვის „მიკოლას რომერის უნივერსიტეტთან”, უკრაინის მეცნიერებათა აკადემიის კიევის სამართლის უნივერსიტეტთან, თურქეთის ქალაქ სტამბულის იედიტეპეს უნივერსიტეტთან, ყაზახეთის ასტანის „ჰუმანიტარულ-იურიდიულ უნივერსიტეტთან“, ესტონეთის, „ტარტუს უნივერსიტეტთან“, უკრაინის ტერნოპოლის უნივერსიტეტი და სხვ. ამჟამად გაფორმებული აქვს თანამშრომლობის მემორანდუმი 30-მდე სახელმწიფო და კერძო ორგანიზაციასთან.
უკან |