2012 წლის საგრანტო კონკურსში გამარჯვებული სამეცნიერო პროექტები

სურათი

შოთა რუსთაველის ეროვნულმა სამეცნიერო ფონდმა ფუნდამენტური და გამოყენებითი კვლევებისთვის სახელმწიფო გრანტების კონკურსის შედეგები გამოაქვეყნა. 2012 წლის საგრანტო კონკურსში გამარჯვება მოიპოვა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებისა და მკვლევრების სამმა სამეცნიერო პროექტმა: „კლარჯეთი“ (სამეცნიერო პროექტის ხელმძღვანელი, სრული პროფესორი მამია ფაღავა), „გარემოს რადიო სპექტრალური დიაგნოსტიკა სიგნალისა და გარემოს დისპერსიულ მახასიათებლებს შორის კორელაციური ურთიერთკავშირის საფუძველზე“ (სამეცნიერო ხელმძღვანელი, ასისტენტ პროფესორი იზოლდა ჯაბნიძე) და „მცენარეთა პათოგენური მიკროორგანიზმების კულტურათა ეროვნული კოლექციის შექმნა“(სამეცნიერო ხელმძღვანელი ზოია სიხარულიძე).

პროექტი „კლარჯეთი“ (FR/558/1-10/12) ითვალისწინებს ისტორიული სამხრეთ საქართველოს ერთ-ერთი პროვინციის, კლარჯეთის ისტორიის, მატერიალური კულტურის ძეგლების, ეთნოგრაფიის, დიალექტისა და ფოლკლორის მონოგრაფიულ შესწავლას. ისტორიული კლარჯეთის უმეტესი ნაწილი ამჟამად თურქეთის რესპუბლიკის შემადგენლობაშია და, ბუნებრივია, იქაურთა ყოფა, მეტყველება, ფოლკლორი უცხო კულტურის გავლენას განიცდის. თურქეთის რესპუბლიკის სხვა ქართული პროვინციების მსგავსად, კლარჯეთიც სხვადასხვა კულტურათა დიალოგის ასპარეზია. ზემოთქმულიდან გამომდინარე, კლარჯეთის ისტორიულ-ფილოლოგიური შესწავლა ქართული მეცნიერების მნიშვნელოვანი ამოცანაა. კვლევის შედეგად ქართველოლოგიას დარჩება ასიმილაციისათვის განწირული კუთხის შესახებ დაწერილი მონოგრაფია, ვიდეოდოკუმენტები, ფოტომასალა და ა.შ.

საგრანტო პროექტი წარმოადგენს ნაწილს თემისა ,,ჭოროხის აუზი“. თემის პირველი ნაწილი მეცნიერთა ამავე ჯგუფმა განახორციელა შოთა რუსთაველის ეროვნული ფონდის კონკურსში 2009-2010 წლებში გამარჯვებული პროექტის ,,შავშეთის“ (A-39-09) ფარგლებში და გამოსცა კომპლექსური მონოგრაფია ,,შავშეთი“ (გამოკვლევა და მასალები ლექსიკონითურთ, 2011 წ. გვ. 5-617).

პროექტის სამეცნიერო ხელმძღვანელია სრული პროფესორი მამია ფაღავა, მენეჯერი ასოცირებული პროფესორი მალხაზ ჩოხარაძე. პროექტში მოწვეული არიან ერთი მხრივ, ცნობილი მეცნიერები, მეორე მხრივ, ახალგაზრდა სპეციალისტები. გარდა ამისა, გათვალისწინებულია მუშაობის პროცესში დოქტორანტებისა და მაგისტრანტების ჩართვა.

საგრანტო პროექტი „გარემოს რადიო სპექტრალური დიაგნოსტიკა სიგნალისა და გარემოს დისპერსიულ მახასიათებლებს შორის კორელაციური ურთიერთკავშირის საფუძველზე“ (FR/640/6-110/12). პროექტის მიზანია შეისწავლოს დისპერსიული გარემოს გავლენა ზემაღალი სიხშირის დიაპაზონის მზიდი სიგნალის სტატისტიკური მახასიათებლების სივრცე–დროით ევოლუციაზე. პროექტის ფარგლებში აგებული იქნება ზემაღალი სიხშირის მიმღებ-გადამცემი სისტემა ფსევდო შემთხვევითი მოდულაციის იმპულსური სიგნალების გენერირების მიზნით, რომლითაც იგეგმება გარემოს რადიოსპექტრალური დიაგნოსტიკის საკითხებთან დაკავშირებული ამოცანების გადაწყვეტა „სიგნალისა“ და „ხმაურის“ სტატისტიკურ მახასიათებლებს შორის კორელაციური ურთიერთკავშირის საფუძველზე.

პროექტის ხელმძღვანელია შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის დეპარტამენტის ასისტენტ პროფესორი იზოლდა ჯაბნიძე. პროექტის ძირითადი შემსრულებლები არიან: ფიზიკის დეპარტამენტის სრული პროფესორი ნუგზარ ღომიძე, სრული პროფესორი ჟუჟუნა დიასამიძე, ასოცირებული პროფესორი ლალი კალანდაძე. საგრანტო პროექტის მიხედვით დამხმარე პერსონალის სახით მონაწილეობას მიიღებს 10 მეცნიერ–თანამშრომელი და სპეციალისტი.

ბათუმის უნივერსიტეტის ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტის პროექტი „მცენარეთა პათოგენური მიკროორგანიზმების კულტურათა ეროვნული კოლექციის შექმნა“ (FR/329/10–101/12).
მსოფლიოს მრავალ ქვეყანაშია მიკროორგანიზმების კოლექციათა ქსელი, მათ შორის - ფიტოპათოგენთა კოლექციებიც. განსაკუთრებული მნიშვნელობის მატარებელია ფიტოპათოგენთა კოლექციები სასურსათო უსაფრთხოების თვალსაზრისით. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ფიტოპათოგენების კულტურათა კოლექციის გამოყენება იმ კვლევებში, რომლის მიზანია ფიტოსანიტარული სიტუაციის მართვა, მცენარეთა დაცვის ეფექტური ბიოლოგიური, ქიმიური საშუალებების სკრინინგი, სელექცია დაავადებებისადმი გამძლეობაზე, სხვადასხვა ეკოლოგიური პრობლემის გადაჭრა და ა.შ.

პროექტის მიზანია ინსტიტუტში არსებული კოლექციის მონიტორინგი საკოლექციო ნიმუშების სიცოცხლისუნარიანობის და პათოგენური თვისებების შეფასების გზით, კოლექციის შევსება-გაფართოება ახალი შტამებით; კულტურების სტაბილიზაცია, მათი გენეტიკური ერთგვაროვნების შენარჩუნება, საკოლექციო კულტურების დაცერებულ აგარზე შენახვა სამუშაო კოლექციიებისთვის. პროექტი ასევე ითვალისწინებს თეორიული და პრაქტიკული მნიშვნელობის მქონე შტამების ხანგრძლივი დროით შენახვა ლიოფილიზაციის მეთოდით და საბოლოოდ, ფიტოპათოგენთა ეროვნული კოლექციის შექმნა. პროექტი ხელს შეუწყობს უნივერსიტეტის ფიტოპათოლოგიური მიმართულების სამეცნიერო საქმიანობის წინსვლას და თანამედროვე სტანდარტების დონეზე აყვანას, რაც მას შეუქმნის მყარ საფუძველს საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარებაში მონაწილეობის მიღებისა და შესაბამის სამთავრობო სამსახურებთან, ამავე დარგში მოღვაწე ქართველ და სხვა ქვეყნის მეცნიერებთან თანამშრომლობისათვის.

პროექტის განხორციელების შედეგად მომზადდება კულტურათა კოლექციის სრული კატალოგი და მეთოდური მითითებები სოკოვან ფიტოპათოგენთა გამოყოფასა და იდენტიფიკაციაზე.

პროექტის სამეცნიერო სიახლე იქნება ახალი, მათ შორის, საქართველოში დაურეგისტრირებელი, საკარანტინო მიკროორგანიზმების იდენტიფიკაცია, მათი გამოვლენის შემთხვევაში და ფიტოპათოგენთა კულტურების პირველი ეროვნული კოლექციის შექმნა.

პროექტის სამეცნიერო ხელმძღვანელია ზოია სიხარულიძე, რომელშიც ჩართული იქნება ასევე რვა მკვლევარი.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა