ბათუმის სამეცნიერო პიკნიკი

28 სექტემბერს, 14:00 საათზე, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის წინ გაიხსნება ბათუმის სამეცნიერო პიკნიკი. ღონისძიება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით იმართება და მიზნად ისახავს  სამეცნიერო კვლევებისა და ინოვაციების პოპულარიზაციას. სამეცნიერო პიკნიკი ასევე ითვალისწინებს ქართველ და უცხოელ მკვლევართა მიღწევების გაცნობას ფართო საზოგადოებისათვის, საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავებას, მკვლევართა მოტივაციის ზრდას, ახალგაზრდების, სტუდენტებისა და სკოლის მოსწავლეების დაინტერესებას სამეცნიერო კვლევებითა და ინოვაციებით, განათლების, მეცნიერებისა და კულტურის დაახლოებას.


ბათუმის სამეცნიერო პიკნიკის პროგრამა

ბათუმის შოთა რუსთველის სახელმწიფო უნივერსიტეტი

საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტი:

ქიმიის მიმართულებით  - ვულკანი ჯამში (ან ვულკანი ჭიქაში), ოქროს წვიმა, ქიმიური გველები, ეგვიპტის წყვდიადი (ეგვიპტის ღამე), საიდუმლო მელანი, ჯადოსნური რძე; ქიმიური ორთქლმავალი, იისფერი კვამლი, ლითონის  ,,გახსნა“  წყალში, ,,ჯინი“  ფაიფურის ჭიქაში.

ბიოლოგიის მიმართულებით - მცენარის აგებულების დემონსტრირება, ნიადაგის მჟავიანობის და ტენიანობის განსაზღვრა, მცენარეული უჯრედის დემონსტრირება.

მედიცინის მიმართულებით - ადამიანის ორგანოების დათვალიერება დასაშლელი (ტორსი) მულაჟის დახმარებით, თავის ქალაზე სტომატოლოგიური მანიპულაციების სიმულირება

ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტი

ფიზიკა-მათემატიკის მიმართულებით - განახლებადი ენერგიის წყაროები, დაბალი და მაღალი სიხშირის ელექტრომაგნიტური ველის მონიტორინგი და შეფასება,  ელექტრომაგნიტური ველი - „მოჩვენება“ თუ რეალობა? გამზომი ხელსაწყოების დემონსტრირება: გარემოს ტემპერატურის გაზომვა დისტანციურად, მეტეოროლოგიური პარამეტრების განსაზღვრა (ატმოსფერული წნევა, ტემპერატურა, ტენიანობა, სიმაღლე ზღვის დონიდან). როგორი უნდა იყოს განათებულობა ჩვენს ირგვლივ? (წარმოდგენილი იქნება ლუქსმეტრი, სინათლის წყაროს გამოსხივების სპექტული ანალიზატორი). როგორი უნდა იყოს ხმაურის დონე? რეალობა და სტანდარტები (წარმოდგენილი იქნება ხმაურმზომი). ქარის სიჩქარისა და მიმართულების დადგენა (წარმოდგენილი იქნება ციფრული ანონიმეტრი). რობოტოტექნიკა და მართვის ავტომატიზირებული მოწყობილობები: ულტრაბგერითი მეგზური უსინათლოებისათვის,  პროგრამირებადი მიკროკონტროლების მართვა QR კოდებით, ჭკვიანი ნაგვის ყუთი, წყალში შეტივტივებულ ნაწილაკებზე სინათლის გაბნევის გამზომი ხელსაწყო.

მოეწყობა მათემატიკის მეცნიერების  სიახლეებისა და  მიღწევების გამოფენა.

განათლების მიმართულებით - ,,სკოუნის“ ფარგლებში ჩატარებულ მოსწავლეთა და სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენციების  მასალების გამოყენებით წარმოდგენილი  იქნება ოთხი სექცია, თავისი ,,ცოცხალი სურათებით“ და შესაბამისი ფოტო-მასალით. დაიდგმება გაკვეთილები (მოკლე აქტივობების სახით) სწავლების თანამედროვე მეთოდების გამოყენებით: ლიტერატურის გაკვეთილი, სახალისო მათემატიკა, ადამიანის გენების მოლეკულური ანალიზი:  რა მოხდა 500, 100 ან 60 ათასი წლის წინ და როგორ ვიგებთ ამის შესახებ? ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება: სპორტი ჩვენს ცხოვრებაში.

ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი:

გაცოცხლებული არქეოლოგია: ბათუმის არქეოლოგიურ მუზეუმთან ერთად მოეწყობა არქეოლოგიის კუთხე, ექსპონატებით, „საბავშვო არქეოლოგია“.

ქართველოლოგიის ცენტრის კომპლექსური სამეცნიერო ექსპედიციების ამსახველი ფოტომასალის გამოფენა.

იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი

იურიდიული მიმართულება:

კრიმინილასტიკის ლაბორატორია - ადამიანის ხელის კვალის ანაბეჭდის აღება მინის  ან პლასტმასის ბოთლის ზედაპირიდან, რაც გამოიხატება კვალის აღმოჩენაში, მის დამუშავებასა და შესაბამისი წესით ამოღებაში. აღნიშნული პროცედურის განხორციელება მოხდება შესაბამისი კრიმინალისტიკური ტექნიკური საშუალებების გამოყენებით;

ადამიანის ხელის კვალისა და მიკრონაწილაკების აღება ქაღალდიდან, რაც მოხდება შესაბამისი ინგრედიენტების გამოყენებით;

ადამიანის ფეხის კვალის აღება, როგორც მყარი, ასევე ფხვიერი ზედაპირიდან შესაბამისი ტექნიკური საშუალებების გამოყენებით.

დანაშაულის ადგილის დათვალიერების დროს ფოტოგრაფირების მეთოდები და სახეები.
სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა მიმართულება:

სახალისო ვიქტორინა #1 - კარავში განთავსებული იქნება გლობუსი. მოსულ სტუმარს/დამთვალიერებელს სურვილის შემთხვევაში გლობუსზე    შეუძლია იპოვოს  მითითებული ქვეყნის დედაქალაქი/სახელმწიფო/ისტორიული და პოლიტიკური მოვლენის ადგილი. გამარჯვებული იქნება, ვინც 5 წამზე ნაკლებ დროში შეძლებს ამას.  გამარჯვებული დასაჩუქრდება.

სახალისო ვიქტორინა  # 2 - კარავში განთავსებული იქნება  ევროპის ქვეყნების დროშები, მოსული სტუმარი/დამთვალიერებელი სურვილის შემთხვევაში გამოიცნობს მითითებული დროშის  კუთვნილებას კონკრეტულ  სახელმწიფოზე  გამარჯვებული იქნება, ვინც 3 წამზე ნაკლებ დროში შეძლებს ამას.  გამარჯვებული დასაჩუქრდება.

სახალისო ვიქტორინა # 3 - წარმოდგენილი იქნება ფსიქოლოგიური ამოცანები, გამარჯვებული დასაჩუქრდება.
მოხდება პიროვნების სტრუქტურის დადგენა ფსიქოლოგიური ტესტების საშუალებით.

ტურიზმის ფაკულტეტი:

ტურიზმის ფაკულტეტზე შექმნილი  „გეოსაინფორმაციო და ტურიზმის ტექნოლოგიების ცენტრი“ გეოსაინფორმაციო ტექნოლოგიების პროგრამის საშუალებით მოახდენს კულტურულ მემკვიდრეობასა და ტურიზმში, არქიტექტურული და ისტორიული  ძეგლების ვირტუალურ წარმოჩენას. თანამედროვე გეოვიზუალური ტექნოლოგიების გამოყენება უზრუნველყოფს კულტურული ტურიზმის, საექსკურსიო საქმის,  კულტურული მემკვიდრეობის მენეჯმენტის  განვითარებას.  ახალგაზრდებისთვის საინტერესო და მიმზიდველია ტურისტული დანიშნულების ადგილების ვირტუალურად დათვალიერება.

ტექნოლოგიური ფაკულტეტი:

სამრეწველო ინოვაციური ლაბორატორიის ინოვაციური პროექტების, კონსტრუქციების გამოფენა. დამთვალიერებლებს საშუალება ექნებათ უნივერსიტეტის სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორიაში სტუდენტების მიერ დამზადებულ შენობა-ნაგებობების კონსტრუქციებს, სხვადასხვა ნაკეთობებს ადგილზევე გაეცნონ და მონაწილეობა მიიღონ მაკეტების დამზადების პროცესში. სკოლის მოსწავლეები მონაწილეობას მიიღებენ ნაკეთობების მოხატვისა და მაკეტების აწყობის პროცესში. ნაჩვენები იქნება ფაბლაბის ლაბორატორიაში დამზადებული სამშენებლო კონსტრუქციების კარკასების მოდელები, რეზერვუარი/რეზერვუარები და ჭაბურღილების საბურღი მოწყობილობები, სატელეკომუნიკაციო  კოშკები;

მოხდება სატელეკომუნიკაციო სიგნალების გატარების პროცესის დემონსტრირება თანამედროვე ელექტრონული მოწყობილობებით; წარმოდგენილი იქნება არქიტექტურული და კლასიკური ნამუშევრების ასლების სადემონტრაციო სტენდი.

ბსუ-ს მეცნიერ-მკვლევართა აქტუალური კვლევებისა და მიღწევების გამოფენა
(აგრარული და მემბრანული  ტექნოლოგიების, ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების, ნიკო ბერძენიშვილის კვლევითი ინსტიტუტები):

1. მიკროფილტრაციული აპარატი, რომელიც გამოიყენება თხევადი კვების პროდუქტების ფილტრაციისთვის მათთვის გამჭირვალობის და მიკრობიოლოგიური სტაბილურობის მისანიჭებლად. მიკროფილტრაციულ აპარატზე მოვახდენთ ინსტიტუტში  დამზადებული ღვინის ფილტრაციას.

2. ელექტროდიალიზური აპარატი, რომელიც გამოიყენება  მეტალთა იონების შემცველი  წყლების დაწმენდა-გაუვნებელყოფისთვის და ღირებული იონების რეკუპერაციისთვის ჩატარდება სპილენძის სულფატის ხსნარის ფილტრაცია-კონცენტრირება.

წყლის გაფილტვრის სისტემები- დემონსტრირებული იქნება სასმელი წყლის მემბრანული ფილტრები და სხვადასხვა ფილტრაციული სისტემები.

აკვაპონურ და ჰიდროპონური სტენდი - დემონსტრირებული იქნება აკვაპონურ-ჰიდროპონური ტექნოლოგია.

მცენარეთა ჯანმრთელობის კლინიკა - კლინიკის დანიშნულებაა მცენარეთა დაავადებებისა და მავნებლების დიაგნოსტიკა და ბრძოლის რეკომენდაციების გაცემა. ნებისმიერი დაინტერესებული პირი წარმოადგენს სასოფლო-სამეურნეო და სხვა მნიშვნელოვანი მცენარეული კულტურების დაავადებულ ნიმუშებს. სპეციალისტთა მიერ იქვე ადგილზე მოხდება სოკოვანი და ბაქტერიული დაავადებების, მავნებლების დიაგნოსტიკა, მათ წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებების განსაზღვრა. დაავადებული ნიმუშები გროვდება და შემდგომი ღრმა კვლევისთვის გადაეცემა ინსტიტუტის მოლეკულური ბიოლოგიის ლაბორატორიას, რის შემდგომაც დამატებით ხდება  ინფორმირება წინასწარ ჩანიშნულ მისამართზე.

გამოიფინება ბსუ-ს სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების პატენტები, გამოგონებები და  მონოგრაფიები.  დამსწრე საზოგადოების, ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებისა და ჟურნალისტების წინაშე მოხდება ინოვაციური სამეცნიერო კვლევების შედეგების  გაცნობა.

საზოგადოებას მიეწოდება ინფორმაცია კოლხეთის მსოფლიო უნიკალური ჰაბიტატების, რელიქტური და ენდემური, გლობალური წითელი ნუსხის სახეობების შესახებ, რომელთაც, როგორც მსოფლიო ბენებრივი მემკვიდრეობის უბანს,  UNESCO დაიცავს. მსურველები  მიიღებენ ინფორმაციას სამკურნალო ღირებულების მცენარეების შესახებ, გაეცნობიან იმ სამეცნიერო კვლევის შედეგებს, რომლებიც საფუძვლად დაედება ეკოლოგიურად და ეკონომიკურად მომგებიანი პროექტების განხორციელებას კოლხეთში.

წარმოდგენილი იქნება ინფორმაცია იაპონური კამელიის აჭარის ზღვისპირეთში ინტროდუცირებული უნიკალური ჯიშების მრავალფეროვნებისა და ასევე, აჭარის რეგიონში გავრცელებული ხეხილის პერსპექტიული ჯიშების შესახებ.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი - წარმოდგენილი იქნება  ახალი ტიპის მიკროპროცესორული ხელსაწყოები, SCADE -ს სისტემები და მოძრავი რობოტები, ნაჩვენები  იქნება  ქიმიური ექსპერიმენტები რომელიც გამოიყენება სპეცეფექტების შექმნაში.

გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი - იმიტირებული არქეოლოგიური ველი;
შ.პ.ს აი თი აკადემია სტეპი - რამდენი შესაძლებლობა აქვს კომპიუტერს უჩვენებენ ბავშვებს.
ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრი - სსიპ ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრი პიკნიკზე  წარმოადგენს ბიოსამედიცინო სფეროში ცენტრის უახლეს სამეცნიერო მიღწევებს. ასევე ჩატარდება სახალისო ექსპერიმენტები და გამოკითხვები სხვადასხვა ასაკის ბავშვებისათვის. ბავშვებს შესაძლებლობა ექნებათ ჩაერთონ და თავად მიიღონ მონაწილეობა სახალისო ექსპერიმენტებში.

ათასწლეულის გამოწვევის ფონდი-საქართველო - ათასწლეულის გამოწვევის ფონდის ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის ფინალისტები (13 – 18 წლის მოსწავლეები), გუნდურად წარადგენენ თავიანთ ინოვაციურ გამოგონებებს, დამთვალიერებლებს გააცნობენ პროექტების არსს, შემადგენლობას, მიზანს. გამოფენა იქნება ინტერაქტიული, დამთვალიერებლებს შესაძლებლობა ექნებათ, სურვილისებრ, გამოსცადონ პროექტების ფუნქციები, ადგილზე ამუშაონ ისინი.
გარდა ამისა, მოსწავლეების ნაწილი, დამთვალიერებლებთან ერთად, მონაწილეობას მიიღებს საინტერესო, სახალისო და უსაფრთხო ექსპერიმენტების ჩატარებაში. მოსწავლეები  შეასწავლიან დამთვალიერებლებს STEM-ის ელემენტარულ საფუძვლებს.

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი - სამკურნალო საშუალებების დამზადება, გარემოს ხარისხის კონტროლის ექსპერიმენტები; „დიზაინისა და ტექნოლოგიის“  დეპარტამენტის თანამშრომელთა და სტუდენტთა ნამუშევრების გამოფენა; ქიმიური ექსპერიმენტები.

კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი -
ინტერაქტიული პროგრამა: როგორ იქმნებოდა ხელნაწერი წიგნი შუა საუკუნეების საქართველოში? (ქაღალდის დამზადება, დამზადებულ ქაღალდზე ტექსტის გადაწერა ძველი ქართული კალიგრაფიული ნიმუშების მიხედვით, ხელნაწერი წიგნის  აკინძვა და მისი შემკობა) შენიშვნა: მსურველებს შეუძლიათ მიიღონ მონაწილეობა როგორც მთლიანად პროგრამაში, ისე ცალკეულ აქტივობებში აქტივობა 1. ქაღალდის დამზადება  შუა საუკუნეების ტექნოლოგიით; აქტივობა 2. ტექსტის გადაწერა ძველი ქართული კალიგრაფიული ნიმუშების მიხედვით („ვეფხისტყაოსნის“ აფორიზმების კალიგრაფიული გადაწერა, საკუთარი სახელის კალიგრაფიული შესრულება);

აქტივობა 3. ქაღალდისა და ძაფის  ღებვა ძველი ტრადიციული ქართული ტექნოლოგიითა და მცენარეული საღებავების გამოყენებით;

აქტივობა 4. წიგნის აკინძვა. ყდის მხატვრული გაფორმება ოქრომელნითა და ძვირფასი ქვების იმიტაციით.

აქტივობა 5. „როგორ იქმნებოდა ხელნაწერი წიგნი“ - კომპიუტერული შემეცნებითი პროგრამა ანიმაციის ელემენტებით და ტესტით რესტავრაციის ვორქშოფი - აქტივობის ფარგლებში მონაწილეები აღდგენენ დაზიანებულ ფურცელს. პატარებისთვის: „ვეფხისტყაოსნის მზეთუნახავები და რაინდები“ - გასაფერადებლის გაფერადება.

 

ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრი - 12:00 სთ, 328-ე აუდიტორია - თანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმება ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრს  შორის;

12:00 სთ, 328-ე აუდიტორია - ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრის დირექტორი, ბიოლოგიის დოქტორი დავით ნადარეიშვილი და ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრის დირექტორის მოადგილე, ბიოლოგიის დოქტორი თამარ დომიანიძე ჩაატარებენ ლექციას თემაზე: „დელფინები - ზღვის უნიკალური ძუძუმწოვრები“

სამეცნიერო-პოპულარული ხასიათის ლექცია მიეძღვნება დელფინების ქცევას, დელფინების სასიცოცხლო, ბიოლოგიური   და თავის ტვინის სტრუქტურულ და ნეირობიოლოგიურ თავისებურებებს, რითაც ისინი გამოირჩევიან და განსხვავდებიან, როგორც ხმელეთის ასევე ზღვის სხვა მაღალგანვითარებული ძუძუწოვრებისაგან.  

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა