ბათუმის სამეცნიერო პიკნიკი - 2018

სურათი

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით „ბათუმის სამეცნიერო პიკნიკი“ მეორედ გაიმართა. სამეცნიერო პიკნიკი ბსუ-ს რექტორმა მერაბ ხალვაშმა, აჭარის ა.რ. მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ, ქალაქ ბათუმის მერმა ლაშა კომახიძემ,  აჭარის ა.რ. განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა ინგა შამილიშვილმა, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების განვითარების დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ ვალერიან გობრონიძემ და ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრის დირექტორმა დავით ნადარეიშვილმა გახსნეს. ღონისძიება მიზნად ისახავდა სამეცნიერო კვლევებისა და ინოვაციების პოპულარიზაციას, ქართველ და უცხოელ მკვლევართა მიღწევების გაცნობას ფართო საზოგადოებისათვის, საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავებას, მკვლევართა მოტივაციის ზრდას, ახალგაზრდების, სტუდენტებისა და სკოლის მოსწავლეების დაინტერესებას სამეცნიერო კვლევებითა და ინოვაციებით, განათლების, მეცნიერებისა და კულტურის დაახლოებას.

ბათუმის სამეცნიერო პიკნიკზე წარმოდგენილი 26 კარავი დაეთმო ბათუმის შოთა რუსთველის სახელმწიფო უნივერსიტეტს, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს, გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტს, შ.პ.ს აი თი აკადემია სტეპს, ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრს, ათასწლეულის გამოწვევის ფონდ საქართველოს, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს.

ღონისძიების მონაწილე ორგანიზაციებმა ჩაატარეს ექსპერიმენტები და მოაწყვეს ინტერაქციული გამოფენები.

სამეცნიერო პიკნიკის ფარგლებში აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ საპატიო სიგელი გადასცა მეცნიერთა ჯგუფს, პროფესორებს: მამია ფაღავას, მალხაზ ჩოხარაძეს, †ემერიტუს-პროფესორ მერი ცინცაძეს, თინა შიოშვილს, შოთა მამულაძეს, რამაზ ხალვაშს, ნუგზარ მგელაძეს,  ასოცირებულ პროფესორებს: ზაზა შაშიკაძეს, მაია ბარამიძეს, ჯემალ კარალიძეს საქართველოს ისტორიის, ფილოლოგიის, არქეოლოგიის და ეთნოლოგიის დარგში გამოცემული საუკეთესო მონოგრაფიისათვის „კლარჯეთი“. საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულმა აკადემიამ მკვლევართა ჯგუფს საქართველოს ისტორიის, ფილოლოგიის, არქეოლოგიის და ეთნოლოგიის დარგში გამოცემული საუკეთესო მონოგრაფიისათვის  „კლარჯეთი“  მიანიჭა ივანე ჯავახიშვილის სახელობის აკადემიური პრემია.

მეცნიერების განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის ბსუ-ს რექტორმა მერაბ ხალვაშმა საპატიო სიგელით დააჯილდოვა ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტის მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი იზოლდა მაჭუტაძე, აგრარული და მემბრანული ტექნოლოგიების ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი იამზე ჩხარტიშვილი და ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი ოლეგ ჯიბაშვილი.

ბათუმის სამეცნიერო პიკნიკი ,,მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო ფესტივალი 2018"-ის ფარგლებში ჩატარდა.

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
ნინოშვილის/რუსთაველის ქ. 35/32
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა