კამპანია „ბსუ ბორჯომის ტყის აღსადგენად“

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტმა, ბორჯომში, კამპანიის „ბსუ ბორჯომის ტყის აღსადგენად“ ფარგლებში, განადგურებული ტყის ხელახალი განაშენიანების აქცია გამართა. ბსუ-ს ტექნოლოგიური ფაკულტეტის სტუდენტებმა, უნივერსიტეტის რექტორმა და პროფესორ-მასწავლებლებმა ბორჯომის პლატოს ტერიტორიაზე, რომელიც მავნებლებითაა დაზიანებული და მიმდინარეობს აღდგენითი პროექტი,  უნივერსიტეტის სათბურში გამოყვანილი ნაძვის, ფიჭვის, სოჭისა და ქართული მუხის 800-მდე ნერგი დარგეს.

ბორჯომის ტყის მწვანე საფარის აღსადგენად ტექნოლოგიური ფაკულტეტის ბაზაზე არსებულ სათბურში სტუდენტებმა პროფესორ-მასწავლებლებთან ერთად ნერგების გამოყვანა ერთი წლის წინ დაიწყეს.

კამპანიის ფარგლებში, სტუდენტებმა ბორჯომის ხეობაში, სოფელ დაბაში, 2008 და 2017 წლის აგვისტოს თვეში ხანძრით დაზიანებულ ტერიტორიაზე მეტყევე-სპეციალისტების ზედამხედველობით, ეროვნული სატყეო სააგენტოს სანერგეებში გამოყვანილი წიწვოვანი სახეობის 50-მდე ნერგი დარგეს. ასევე, ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსის მოადგილემ, ნათია იორდანიშვილმა სტუდენტებს ნახანძრალი ტყის აღდგენის პროექტი გააცნო.

კამპანია, რომელიც სტუდენტებისა და საზოგადოების ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლებას ემსახურება, სამომავლოდაც გაგრძელდება. ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველოს ტერიტორიაზე არსებული ნაკრძალების მწვანე საფარის შენარჩუნების მიზნით ეტაპობრივად სხვადასხვა ეკოლოგიურ პროექტს განახორციელებს.

2008 წლის აგვისტოს ომის დროს რუსი ოკუპანტების მიერ ბორჯომის დაბომბვის შედეგად 950 ჰექტარი ტყის მასივი დაიწვა, ხოლო 2017 წლის ხანძრისას - 943 ჰექტარი.

 

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა