ბსუ-ში ახალი სასწავლო წელი დაიწყო

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ახალი სასწავლო წელი დაიწყო.  პირველკურსელებს სასწავლო წლის დაწყება უნივერსიტეტის რექტორმა მერაბ ხალვაშმა, აჭარის ა.რ. მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ, აჭარის ა.რ. განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე დავითაძემ, ბსუ-ს კურსდამთავრებულმა, საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის დირექტორმა თამაზ დარჩიძემ და პროფესორ-მასწავლებლებმა მიულოცეს. უნივერსიტეტის ეზოში მოეწყო ფოტოგამოფენა, რომლის საშუალებით სტუდენტები გაეცნენ არსებულ სიახლეებსა და მიღწევებს. ახალი სასწავლო წლის გახსნა მუსიკალურად ბსუ-ს ბენდმა გააფორმა.

2019-2020 სასწავლო წელს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში  1273 პირველკურსელი ჩაირიცხა, რომელთაგან სასწავლო გრანტი 100-მდე სტუდენტმა მიიღო, ხოლო 400 სტუდენტი 10 პრიორიტეტულ პროგრამაზე ისწავლის, რომელიც  სახელმწიფოს მიერაა სუბსიდირებული. მობილობის ფარგლებში სხვა უნივერსიტეტებიდან ბსუ-ში 140 სტუდენტი გადმოვიდა.

უნივერსიტეტი აბიტურიენტების მოთხოვნადობის მიხედვით, საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების სამეულშია. აბიტურიენტთა პირველადი განაცხადებით ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტზე მოთხოვნა 6 პროცენტით გაიზარდა. ბსუ-ს სამართალმცოდნეობის პროგრამა საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ყველაზე მოთხოვნადი პროგრამების ხუთეულშია. ბსუ-ს ათი მოთხოვნადი პროგრამაა: სამართალმცოდნეობა, მედიცინა, სტომატოლოგია, ფსიქოლოგია, კომპიუტერული მეცნიერებები, დაწყებითი განათლება, საერთაშორისო ურთიერთობები, არქიტექტურა, ქართული ფილოლოგია და ეკონომიკა.

გაცვლით პროგრამებში მონაწილეობის სტატისტიკით, ბსუ საქართველოს მასშტაბით მესამე ადგილზეა, ამოქმედდა ახალი გაცვლითი პროგრამები. ერასმუს+-ის ინსტიტუციური თანამშრომლობის პროექტების (CBHE) შერჩევის შედეგების მიხედვით, ქართული უნივერსიტეტების მონაწილეობით 6 პროექტი დაფინანსდა, აქედან ოთხი ბსუ-ს ჩართულობით.

ბსუ სასწავლო წელს განახლებული ლაბორატორიებითა და ინფრასტრუქტურით ხვდება. სტუდენტებს ახალი, 200 მობინადრეზე გათვლილი ევროპული სტანდარტების სტუდენტური საცხოვრებელი მოემსახურება, რომელიც უკვე მიიღებს სტუდენტების ახალ ნაკადს. ამჟამად მიმდინარეობს ახალი სასწავლო კორპუსის მშენებლობა, სადაც ტექნოპარკი განთავსდება. ასევე, ოქტომბერში გაიხსნება ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების სამეცნიერო ცენტრი.

უნივერსიტეტის 7 ფაკულტეტზე  7 000-მდე  სტუდენტი სწავლობს,  მათ  შორის 650 უცხოელი.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა