საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩი უნივერსიტეტს ეწვია

სურათი

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩი ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს ეწვია. მინისტრის მოადგილე ბსუ-ს რექტორს მერაბ ხალვაშს შეხვდა და  ახალი სასწავლო  წლის დაწყებამდე  დანერგილ სიახლეებს გაეცნო. ასევე, აკადემიური პერსონალისგან ყველა იმ პროექტის შესახებ მიიღო ინფორმაცია, რომელიც ბსუ-ში უკვე დაინერგა და ამჟამად განხორციელების პროცესშია.

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ნუნუ მიცკევიჩი ელექტრონული სწავლების იმ ახალი სერვისების შესახებ პრეზენტაციას დაესწრო, რომელიც სტუდენტთა ხელშეწყობისთვის უკვე დაინერგა და ეს პროცესი კვლავ გრძელდება. მინისტრის მოადგილემ დეტალური ინფორმაცია მოისმინა ასევე სტუდენტურ სერვისებზე – საქართველოში პირველად, ბსუ-ში შეიქმნა ინოვაციური სტუდენტური პორტალი portal.bsu.edu.ge, რომლის საშუალებით სტუდენტები ოპერატიულად იღებენ ინფორმაციას როგორც სტუდენტურ პროექტებზე, ასევე  ვაკანსიებზე, სტაჟირებაზე და ა.შ. პორტალი მოიცავს ბაზას, რომლის საშუალებით კომპანიები და ორგანიზაციები დასაქმების მიზნით მოკლე ვადაში უკავშირდებიან სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს.

ნუნუ მიცკევიჩმა  ადგილზე დაათვალიერა ბსუ-ს ქართველოლოგიის ცენტრი, სინქრონული თარგმანის ლაბორატორია, უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა, საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის ლაბორატორიები და სტომატოლოგიური კლინიკა. ასევე, თანამედროვე სტანდარტების ახალი სასწავლო კორპუსი და სტუდეტთა საცხოვრებელი. სასწავლო კორპუსის მშენებლობა უკვე დასრულდა და ამჟამად ინტერიერის მოწყობა მიმდინარეობს. შენობის პირველ სართულზე ტექნოპარკი, ხოლო მეორე და მესამე სართულზე პროფესიული პროგრამების მართვისა და უწყვეტი განათლების ცენტრი განთავსდება, რომელიც ფუნქციონირებას შემოდგომაზე დაიწყებს.

ევროპული სტანდარტების 200 მობინადრეზე გათვლილ ოთხსართულიან სტუდენტთა საცხოვრებელში განთავსებულია როგორც საკონფერენციო დარბაზი, ასევე თავისუფალი სივრცეები, ბიბლიოთეკა, ლიფტი, დაცვის ოთახი, სამრეცხაო-საშრობი და ა.შ. სპეციალური საჭიროების პირთათვის გათვალისწინებულია  ადაპტირებული ბლოკები.

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა