საერთაშორისო კონკურსი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მასწავლებელთა ჯილდოს მოსაპოვებლად

სურათი

ევროკომისიის მიერ დაფინანსებული PROFFORMANCE პროექტის კონსორციუმი აცხადებს საერთაშორისო კონკურსს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მასწავლებელთა ჯილდოს მოსაპოვებლად. კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ უმაღლესი განათლების საფეხურზე სასწავლო პროცესში ჩართულ  აკადემიურ, სამეცნიერო და მოწვეულ პერსონალის წევრებს შემდეგი ქვეყნებიდან: ავსტრია, ხორვატია, ჩეხეთი, საქართველო, უნგრეთი და სერბეთი.

უმაღლესი განათლების მასწავლებელთა ჯილდოს საერთაშორისო კონკურსის მიზანია უმაღლეს განათლებაში სწავლების საუკეთესო პრაქტიკების შეგროვება და მათი აღიარება, ასევე სწავლების საუკეთესო მაგალითების შესახებ ინფორმაციის გაზიარება და უმაღლესი განათლების ევროპული სივრცის დონეზე თანამშრომლობის წახალისება უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის.

კონკურსისთვის განაცხადების წარდგენა შეუძლიათ PROFFORMANCE პროექტის პარტნიორ ქვეყნებში (მათ შორის საქართველოში) მოქმედი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სასწავლო პროცესში ჩართულ პერსონალს. განაცხადის გაკეთება შესაძლებელია, როგორც ინდივიდუალურად, ასევე ჯგუფურად.

კონკურსით გათვალისწინებულია გამარჯვებულების გამოვლენა შემდეგ 4 ძირითად კატეგორიაში:
1. სტუდენტზე ორიენტირებული სასწავლო კურსების დიზაინი (Student-centred course design);
2. ინოვაციური სწავლება და სწავლა(Innovative teaching and learning);
3. სტუდენტთა შეფასება(Students’ learning assessment);
4. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მისიის განხორციელება და გავლენა საზოგადოების ჩართულობითა და საზოგადოების განვითარებისთვის (Impact and mission with and for society).

თითოეულ კატეგორიაში პრიორიტეტი მიენიჭება განაცხადებს, რომელთა ძირითადი მიმართულება იქნება:

  1. დიგიტალიზაცია
  2. ინტერნაციონალიზაცია
  3.  ინკლუზიურობა და მრავალფეროვნება
  4. მდგრადი განვითარება


კონკურსში მონაწილეობით უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესში ჩართული პერსონალი შეძლებს სწავლების საუკეთესო პრაქტიკების გაზიარებას 2022 წლის საერთაშორისო კონფერენციაზე. ასევე, კონკურსის მონაწილეები გახდებიან PROFFORMANCE ქსელის წევრები, რაც მათ საშუალებას მისცემთ გაიგონ სწავლების პრაქტიკის განვითარებისა და სტუდენტთა მოტივაციის ამაღლების ინსტრუმენტების შესახებ მეტი ინფორმაცია. კონკურსში მონაწილეობა პერსონალის წევრებისათვის შესაძლოა გახდეს კარგი შესაძლებლობა და საფუძველი, რომ განავითარონ  თანამშრომლობითი პროექტები, როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო დონეზე, მოახდინონ საერთაშორისო კონტექსტში სწავლების საუკეთესო პრაქტიკების გაზიარება და საკუთარი ცნობადობის ამაღლება.

დამატებით გაცნობებთ, რომ PROFFORMANCE პროექტის მიზანია უმაღლეს განათლებაში სწავლების ხარისხის განვითარების, თანამშრომლობისა და სასწავლო პერსონალის მხარდაჭერა როგორც ეროვნულ, ასევე ევროპული უმაღლესი განათლების სივრცის დონეებზე. პროექტის შესახებ მეტი ინფორმაციისთვის, გთხოვთ, ეწვიოთ პროექტის ვებგვერდს www.profformance.eu.

კონკურსში მონაწილეობისათვის აპლიკაციების წარდგენის ბოლო ვადაა 2021 წლის 15 დეკემბერი, ხოლო აპლიკაციების წარდგენა შესაძლებელია პროექტ PROFFORMANCE-ის ვებ-გვერდის - https://profformance.eu/call-for-application საშუალებით, სადაც ასევე სრულად არის მოცემული ინფორმაცია კონკურსისა და PROFFORMANCE პროექტის შესახებ.


პუბლიკაცია უმაღლესი განათლების მასწავლებელთა ჯილდოს კონკურსში მონაწილეობის მსურველი პერსონალისთვის - The landscape of higher education teachers’ performance publication: https://profformance.eu/benchmarking
 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა