გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის წარმომადგენლები პროგრამის ,,მომავალი პედაგოგი“ ფარგლებში ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს ეწვივნენ. ბსუ-ს რექტორთან, პროფესორ მერაბ ხალვაშთან, ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტის დეკანთან ლელა თურმანიძესთან და ფონდის სტიპენდიატებთან გამართულ შეხვედრაზე, სტუმრებმა ერთობლივ საგანმანათლებლო პროექტებსა და შემდგომი თანამშრომლობის გაღრმავებაზე ისაუბრეს.
ღონისძიების ფარგლებში, ფონდის დირექტორმა ზურაბ კერვალიშვილმა სტუდენტებს ის პროექტები გააცნო, რომელსაც კერძო ფონდი განათლების სექტორში ახორციელებს. ასევე სტუდენტებისთვის „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ დამფუძნებელმა ირინა ხანთაძემ, მასწავლებლის ჯილდოს მფლობელმა როლანდ შავაძემ, მასწავლებლის ჯილდოს ათეულის წევრებმა - ინგა მოსიძემ და მანანა მენაბდემ ვორქშოფი გამართეს მასწავლებლის როლისა და თანამედროვე პედაგოგის მნიშვნელობის შესახებ.
პროგრამა “მომავალი პედაგოგი” ფონდის მიერ ინიცირებული წახალისების სასტიპენდიო პროექტია. იგი 2020 წლიდან პარტნიორ სახელმწიფო უნივერსიტეტებში ხორციელდება და თითო უმაღლესი სასწავლებლიდან 10 წარმატებულ სტუდენტს აერთიანებს. მისი მიზანია ხელი შეუწყოს პედაგოგის პროფესიის პოპულარიზაციას, დამატებითი მოტივაცია გაუჩინოს განსაკუთრებით რეგიონში მცხოვრებ ახალგაზრდებს და პარტნიორ უნივერსიტეტებში შექმნას მაღალი აკადემიური მოსწრების აბიტურიენტების მოზიდვის მეტი შესაძლებლობა.
უნივერსიტეტსა და ფონდს შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში სტიპენდიას იღებს ბსუ-ს ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის ათი სტუდენტი. სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში ფონდი აგრძელებს წამახლისებელი სტიპენდიის გაცემას და მასში მონაწილება ბსუ-ს სტუდენტებს კვლავ შეუძლიათ.
უკან |