გარდაიცვალა ბსუ-ს ემერიტუს-პროფესორი შოთა მამულაძე

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ბსუ-ს ემერიტუს-პროფესორის, ცნობილი ქართველი არქეოლოგის, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორის, გონიო-აფსაროსის არქეოლოგიურ-არქიტექტურული კომპლექსის მმართველის  შოთა მამულაძის გარდაცვალების გამო.

ბატონი შოთა წლების მანძილზე წარმატებით ეწეოდა, როგორც სამეცნიერო, ისე პედაგოგიურ საქმიანობას. ქართულ თუ  უცხოურ გამოცემებში ჩვენი ქვეყნის ისტორიისა და არქეოლოგიის არაერთთ მნიშვნელოვან საკითხებზე გამოქვეყნებული აქვს უამრავი პუბლიკაცია. არის ავტორი 180-მდე სტატიის და 20-მდე მონოგრაფიის. სხვადასხვა დროს აქტიურად მონაწილეობდა საერთაშორისო თუ ადგილობრივ სამეცნიერო კონფერენციებში. იყო სხვადასხვა საგრანტო პროექტის მონაწილე. 1973 წლიდან ხელმძღვანელობდა აჭარისწყლის ხეობის შემსწავლელ არქეოლოგიურ ექსპედიციას, ხოლო 2005 წლიდან დღემდე გონიო-აფსაროსის ციხის ქართულ-გერმანულ, ქართულ-იტალიურ და ქართულ-პოლონურ საერთაშორისო არქეოლოგიურ ექსპედიციას. ნაყოფიერი სამეცნიერო საქმიანობის გამო დაჯილდოებულია ტბელ აბუსერისძის  და ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო პრემიებით.

სამეცნიერო საქმიანობის პარალელურად ბატონი შოთა ნაყოფიერ პედაგოგიურ საქმიანობას ეწეოდა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში. მისი ხელმძღვანელობით სტუდენტების მიერ მომზადდა არაერთი საკონფერენციო, საბაკალავრო, სამაგისტრო თუ სადოქტორო ნაშრომი. იყო 15 მაგისტრანტისა და 9 დოქტორანტის სამეცნიერო ხელმძღვანელი.

პედაგოგიურ საქმიანობასთან ერთად, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში მუშაობდა სხვადასხვა თანამდებობაზე, მათ შორის იყო არქეოლოგია-ეთნოლოგიის კათედრის გამგე, ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ფასიანი სწავლების დეკანი და ა.შ.

ბატონი შოთას გარდაცვალება დიდი დანაკლისია ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტისათვის, ვუსამძიმრებთ ოჯახის წევრებს, ახლობლებს, სტუდენტებს, კოლეგებსა და საქართველოს სამეცნიერო საზოგადოებას.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა