
ბათუმის შოთა რუსთაველის საელმწიფო უნივერსიტეტში საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან არსებულმა, გარემოს ეროვნულმა სააგენტომ INTERREG-ის პროექტის ფარგლებში ჩაატარა სამუშაო შეხვედრა ევროკავშირის მიერ დაფინასებული პროექტის - BS-SEOS დაინტერესებულ პირებთან. ევროკავშირის პროექტი „შავი ზღვის ჭკვიანი საზღვაო გარემოსდაცვითი შედეგების სისტემის“ მიზანია შავი ზღვის აუზის ქვეყნებს შორის ეკოლოგიური კავშირების გაძლიერება, რესურსების მდგრადი მართვის ხელშეწყობა და ადგილობრივი მოსახლეობის კეთილდღეობისათვის ზრუნვა.
აღნიშნული პროექტის წამყვანი პარტნიორია - ლითონის მრეწველობის თურქეთის დამსაქმებელთა ასოციაცია, თურქეთი (Turkish Employers’ Association of Metal Industries), პარტნიორები - გარემოს ეროვნული სააგენტო, საქართველო, სტამბულის უნივერსიტეტი, თურქეთი (Istanbul University);
საზღვაო კვლევისა და განვითარების ეროვნული ინსტიტუტი „გრიგორე ანტიპა“, (National Institute For Marine Research and Development).
პროექტის ფარგლებში განისაზღვრება შავი ზღვის მიმდინარე ეკოლოგიური სტატუსი, შეფასდება ძირითადი საფრთხეები, რაც მიიღწევა ინოვაციური ტექნოლოგიების გამოყენების საფუძველზე, ადამიანის ჩარევის გარეშე. გაზომვებისათვის საინტერესო წერტილებში ძირითადი გარკვეული პარამეტრების მონიტორინგი წარმოებს წინასწარ განსაზღვრული პროგრამის საფუძველზე და იქმნება სანდო ფაქტიურად უზუსტესი მონაცემები. გათვალისწინებულია ამ ინფორმაციის საფუძველზე მონაცემთა ბაზების შედგენა და მეტიც ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით გარკვეული მოდელირების წარმოება.
ეს საკითხი აქტუალურია, განსაკუთრებით კი თანამედროვე პერიოდში, რადგან შავი ზღვა, როგორც სასიცოცხლო მნიშვნელობის საზღვაო ეკოსისტემა და ჩვენი საარსებო გარემო, მნიშვნელოვანი გარემოსდაცვითი გამოწვევების წინაშე დგას დაბინძურების, გადაჭარბებული თევზჭერის და კლიმატის ცვლილების გამო.
სამუშაო შეხვედრას ესწრებოდნენ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ტიტე აროშიძე, პროექტის ხელმძღვანელი ანილ ოზგარი, პროექტის პარტნიორი ქვეყნების - რუმინეთისა და თურქეთის წარმომადგენლები, საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვისა და ტექნოლოგიური ფაკულტეტების აკადემიური პერსონალი, ეკოლოგიისა და გეოგრაფიის სპეციალობის სტუდენტები, თვით გარემოს ეროვნული სააგენტოს, ქ. ბათუმის მერიის, უმაღლესი საბჭოს, აჭარის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამსახურის და სხვა ორგანიზაციების წარმომადგენლები, საჯარო სკოლების მასწავლებლები.
შეხვედრის მონაწილეებს მიესალმა გარემოს ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი ვასილ გედევანიშვილი და ბსუ-ს რექტორი ტიტე აროშიძე. პროექტის შესახებ მოხსენებები გააკეთეს პროექტის ხელმძღვანელმა ანილ ოზგარმა, გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური სამსახურის უფროსის მრჩეველმა, პროექტის კოორდინატორმა საქართველოდან - გიორგი კორძახიამ, გარემოს ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა - ელინა ბაქრაძემ, ვიტალი მაჭავარიანმა, მარინა მგელაძემ, რამაზ მიქელაძემ. სულ ჩატარდა სამი სესია საინტერესო მოხსენებებით. ყველა სესიას თან ახლდა დისკუსის, დაინტერესებული მხარეების გამოხმაურება და მომავალი თანამშრომლობის სფეროების იდენტიფიცირება.
მნიშვნელოვანია, რომ პროექტის ფარგლებში შეძენილი იქნება ძვირადღირებული დრონი, რომლის გამოყენებითაც შეფასდება შავი ზღვის მიმდინარე ეკოლოგიური მდგომარეობა, განხორციელდება მონიტორინგის შედეგად მიღებული მონაცემების გაზიარება და ასევე, რაც განსაკუთრებით საყურადღებოა, შავი ზღვის კვლევით დაკავებულ მეცნიერებსა და ექსპერტებს მიეცემათ შექმნილი დაბინძურების მონაცემთა ბაზების გამოყენების შესაძლებლობა.
შეხვედრა ინტერაქტიულ ფორმატში წარიმართა. მონაწილეები აქტიურად ჩაერთვნენ დისკუსიებში, დააფიქსირეს საკუთარი მოსაზრებები, გაუზიარეს ერთმანეთს გამოცდილება და გამოკვეთეს შემდგომი თანამშრომლობის კონკრეტული შესაძლებლობები. აღსანიშნავია ახალგაზრდების – სტუდენტების და აკადემიური პერსონალის ჩართულობა, რაც მნიშვნელოვანად განამტკიცებს გარემოსდაცვით ცნობიერებას მომავალი თაობებისთვის.
პროექტის დაინტერესებულ მხარეებთან სამუშაო შეხვედრა დასრულდა საერთო შეთანხმებით, რომ მსგავსი ინიციატივები არა მხოლოდ შავი ზღვის ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებას, არამედ საზღვაო მეცნიერების განვითარების, საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერებისა და გარემოს მდგრადი მართვის პრინციპების დანერგვის ხელშეწყობას ემსახურება.
უკან |