ქართულ-ჩერქეზული საზაფხულო სკოლა გაიხსნა

სურათისაერთაშორისო ქართულ-ჩერქეზული საზაფხულო სკოლა გაიხსნა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ქართველი მეცნიერები ჩერქეზ საზოგადო მოღვაწეებთან ერთად ერთი კვირის განმავლობაში ჩერქეზ და ქართველ სტუდენტებს სემინარებს ჩაუტარებენ ორი ქვეყნის ისტორიის, კულტურის, ეთნოლოგიის, ენათმეცნიერებისა და ხალხური მედიცინის შესახებ. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია საგანმათლებლო-შემეცნებითი და კულტურული ღონისძიებების განხორციელება. ასევე იწარმოებს საველე ექსპედიციები ფიჭვნარში, გონიო-აფსაროსის მუზეუმ-ნაკრძალში, მაღალმთიან აჭარაში, ანაკლიასა და ქუთაისში. საზაფხულო სკოლაში მონაწილეობის მისაღებად ჩრდილოეთ კავკასიიდან 15 ეთნიკური ჩერქეზი ჩამოვიდა. სემინარები ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და „ჩერქეზული (ადიღეური) კულტურის ცენტრის ორგანიზებით იმართება. ქართულ-ჩერქეზული საზაფხულო სკოლა პირველად ტარდება და მომავალში ტრადიციულ სახეს მიიღებს.

ქართულ-ჩერქეზული საზაფხულო სკოლის ფარგლებში საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე გიორგი ვაშაძე ჩერქეზ მსმენელებს შეხვდა და საქართველოში განხორციელებული რეფორმების შედეგები გააცნო, შეკითხვებს უპასუხა და საჩუქრად სიმბოლური პასპორტები გადასცა.

ქართულ-ჩერქეზული საზაფხულო სკოლის მიზანი და ამოცანები

საზაფხულო სკოლის მიზანია ლექცია-სემინარებისა და სხვადასხვა საგანმანათლებლო-შემეცნებითი ღონისძიებების მეშვეობით ჩერქეზმა და ქართველმა ახალგაზრდებმა გაიცნონ საქართველოსა და ჩერქეზეთის ისტორია, ყოფა და ეთნოკულტურა, დაინტერესდნენ კავკასიური პრობლემატიკით და მომზადდეს საფუძვლები იმ სამეცნიერო კადრების მოსამზადებლად, რომლებიც გააგრძელებენ ამ ერების სამეცნიერო ტრადიციებს. სკოლის იდეური მიმართულებაა ქართული მაგალითის საფუძველზე აქცენტირებულ იქნას ჩერქეზი ერის კულტურული ექსკლუზიურობის მარკერები - ეთნოკულტურა, რომელიც კრავს ერს და იცავს მას დანაწევრებისაგან და, მეორე მხრივ, საერთო კულტურა, რომელიც ერთიანობის საფუძველს წარმოადგენს მთლიანი კავკასიის რეგიონისათვის. კავკასიაში მცხოვრები სხვადასხვა ეროვნების წარმომადგენელთა ტრადიციული და თანამედროვე ყოფის გააზრება მიზანმიმართულად უნდა მოხდეს დიაქრონულ პლანში, რითაც ცხადად გამოიკვეთება: საერთო ისტორიული ბედი, კულტურული ერთობის არგუმენტები ენათმეცნიერების, ეთნოლოგიის, მითოლოგიის, არქეოლოგიის მონაცემებზე დაყრდნობით, ეთნოკონფლიქტების არარსებობის მიზეზები, მიმდინარე სოციალურ-პოლიტიკურ რეალობაში ინტეგრაციული ქმედებების აუცილებლობა და სარგებლიანობა.
ჩერქეზი ერის წარმომადგენელთა შეხვედრა და ქართულ ეთნოკულტურულ გარემოსთან მათი დაახლოება მიზნად ისახავს მოხდეს მათი კულტურული მემკვიდრეობის გააზრება ისტორიულ პერსპექტივაში და, ასევე, გლობალური ეთნოკულტურული პროცესების გაანალიზება ნაციონალურ კონტექსტში. ნაყალბევ და დამახინჯებულ ისტორიას, რომელსაც ჩერქეზეთის სასწავლო-სამეცნიერო და ინტერნეტ-სივრცეში წარმატებით ავრცელებს რუსული პროპაგანდა, უნდა დაუპირისპირდეს ნამდვილი, რეალური ისტორია, რომელშიც კარგად ჩანს, რომ ერთიანი კავკასიური სახელმწიფოს ცენტრი - საქართველო არ იყო დამპყრობელი თავისი მეზობლებისა, არასდროს არ ახდენდა მათ ასიმილაციას ან ეთნიკურობის ნიველირებას, არამედ - ინტეგრაციას. ამის გააზრებით უნდა მოხდეს კავკასიაში კონფლიქტების მიზეზების გამოკვეთა და პრობლემების გადაჭრის გზების დასახვა. საბოლოო მიზანია სრულყოფილად გამოვიყენოთ საქართველოს ჰეროიკული ისტორია, ენისა და კულტურის მონაცემები სადღეისოდ აქტუალური კავკასიური იდეის პოპულარიზაციისთვის და ჩერქეზი ახალგაზრდა თაობიდან ქართველებისკენ მომართული ეთნიკური სენტიმენტები უფრო მეტად გავამძაფროთ.
პროექტის ამოცანაა დავაინტერესოთ ჩერქეზი ეროვნების აქტიური და პერსპექტიული ახალგაზრდები (თურქეთის რესპუბლიკა, ადიღე, ყარაჩაი-ჩერქეზეთი, ყაბარდო-ბალყარეთი) და შევუქმნათ მათ მიზანმიმართული საგანმანათლებლო-შემეცნებითი პროგრამა: ანალიტიკური ლექციები, ქართულ-ჩერქეზული ისტორიული, ეთნოგრაფიული, არქეოლოგიური, ხალხური მედიცინის გაკვეთილები, რომელიც გაშუქებული იქნება სრულად კავკასიურ მონაცემებზე დაყრდნობით და საველე სამუშაოების თანხლებით, ენათმეცნიერული გაკვეთილები კავკასიურ ენათა საერთო ლექსიკური და გრამატიკული პლასტების შესახებ და სხვ.

ქართულ-ჩერქეზული საზაფხულო სკოლის აქტუალობა

ჩერქეზი ახალგაზრდებისთვის ორგანიზებული ქართველოლოგიური საზაფხულო სკოლა აქტუალობას იძენს იმის ფონზე, რომ პოსტკომუნისტურ საზოგადოებაში მიმდინარე პოლიტიკურ-სოციალურ-ეკონომიკურმა პროცესებმა კავკასიელთა რელიგიური და ეთნიკური კონსტრუქციების ცვლილებები და სტერეოტიპების ჩამოყალიბება გამოიწვია.
დღეს, როცა იქმნება ტრანსკულტურული საზოგადოების თანამედროვე მოდელი, კავკასიაში მცხოვრები ერების ტრადიციული ყოფისა და კულტურის სინქრონული გააზრება (რაც საზაფხულო სკოლის უმთავრეს მიზანს წარმოადგენს), ერთი მხრივ წარმოაჩენს იმ თვითმყოფადობას, რაც ქმნის მათ ეთნიკურ სახეს, ხოლო მეორე მხრივ, დაგვეხმარება დავსახოთ გზები, რათა გარკვეული კულტურის მატარებელ ინდივიდს გამოუმუშავდეს ქართულ ტრადიციულ ყოფასა და კულტურასთან საერთოს, მონათესავეს განცდა. ეს კი, თავის მხრივ, დღევანდელ რეალობაში ქართული სახელმწიფოს სტრატეგიულ მიმართულებას ეთანხმება და ემსახურება, კავკასიაში მცხოვრები ერების მშვიდობიანი თანაცხოვრების, ინტეგრაციის, დეცენტრალიზაციის რღვევისა და საქართველოსთვის კავკასიის კულტურული ცენტრის ფუნქციის აღდგენას უწყობს ხელს.

ქართულ-ჩერქეზული საზაფხულო სკოლის მოსალოდნელი შედეგები, მათი გამოყენება და შეფასების მექანიზმები

საზაფხულო სკოლის კურსი არა მხოლოდ გააღრმავებს მსმენელების თეორიულ ცოდნას, გააფართოებს მათ თვალსაწიერს, არამედ ჩამოუყლიბებს მათ სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის უნარ-ჩვევებს, პრობლემების დასმის, კრიტიკული გააზრების, ლოგიკური ანალიზისა და შესაბამისი დასკვნების გამოტანის, წერილობითი და ზეპირი პრეზენტაციის უნარს. მსმენელებს ქართულ-ჩერქეზული კულტურის გაცნობა დაეხმარება, ერთი მხრივ, აღიქვან საკუთარი თავი ტრადიციული ეროვნული ღირებულებების მატარებლებად, ხოლო, მეორე მხრივ - გაუჩნდეთ ქართულ ტრადიციულ კულტურასთან საერთოს განცდა, რაც საბოლოო ჯამში განაპირობებს სწორი მსოფმხედველობრივი პოზიციის ჩამოყალიბებას, გაუჩენს სურვილს აქტიური მონაწილეობა მიიღონ ერთიანი კავკასიის იდეს განვითარებაში, ქართული და ჩრდილოკავკასიური ურთიერთობების სწორი სტრატეგიის გამომუშავებაში, აქცევს მათ მშვიდობისა და მეგობრობის პროქართველ დესპანებად ჩრდილოკავკასიაში.
ამ პროექტის განხორციელებით გაჩნდება შესაძლებლებლობა საფუძველი ჩაეყაროს მუდმივმოქმედ საერთოკავკასიურ საზაფხულო სკოლას, რომელიც ყოველ შემდგომ წელს მუშაობას გააგრძელებს კავკასიის სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში და კვალიფიკაციას მისცემს კავკასიის ხალხების ეთნოკულტურების შემსწავლელ ახალგაზრდა-მკვლევრთა არაერთ თაობას.

საზაფხულო სკოლის მონაწილეებს მიეცემათ შესაბამისი სერტიფიკატი.

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა