ნობელის პრემიის ლაურეატს აარონ ჩეხანოვერსა და აკადემიკოსს რევაზ სეფიაშვილს საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭათ

სურათიმედიცინის განვითარებისა და ქართული სამედიცინო მიღწვების საერთაშორისო ასპარეზზე გატანის საქმეში შეტანილი წვლილისთვის ნობელის პრემიის ლაურეატს, ბიოქიმიის დოქტორ აარონ ჩეხანოვერსა და საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსს რევაზ სეფიაშვილს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით, საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭათ. დაჯილოდოების ცერემონიამდე, ცნობილმა მეცნიერმა აარონ ჩეხანოვერმა სასტუმრო "შერატონში" გამართული კონგრესის "ჯანმრთელობა და წამალი" ფარგლებში, 21-ე საუკუნის მედიცინის ერთ-ერთი მთავარი მიმართულების, კიბოს მკურნალობის ახალი მეთოდის შესახებ ლექცია წაიკითხა. როგორც ნობელის პრემიის ლაურეატი თვლის, კიბოს განკურნებისას არსებითია არა ზოგადად დაავადების წინააღმდეგ ბრძოლა, არამედ ცალკეული პაციენტის მკურნალობის ინდვიდუალური სტრატეგიის შემუშავება.

დოქტორი აარონ ჩეხანოვერი დაიბადა 1947 წელს ქ.ხაიფაში. 1974 წელს დაამთავრა იერუსალიმის ებრაული უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი და მიენიჭა მაგისტრის ხარისხი. 1977-1981 წლებში ექიმად მუშაობდა ისრაელის თავდაცვით არმიაში. ქ. ხაიფას ტეხნიონთან არსებულ ბიოქიმიურ ლაბორატორიაში მუშაობდა ა. ხერშკოს ხელმძღვანელობით, სადაც 1981 წელს მიენიჭა დოქტორის ხარისხი. 1981-84 წლებში გაიარა პოსტდოქტორანტურა მასაჩუსეტის ტექნოლოგიური ინსტიტუტის (კემბრიჯი აშშ) ბიოლოგიის ფაკულტეტზე. მისმა გამოკვლევებმა უჯრედის ბიოქიმიაში მსოფლიო აღიარება მოიპოვა.

1986 წელს ა.ჩეხანოვერი მუშაობდა ტეხნიონის ბიოქიმიის კათედრაზე. მისი იდეები და გამოკვლევები ზოგიერთი დაავადების (კიბო, ასთმა) შესწავლისა და მკურნალობის ახალი მეთოდების შემუშავების საფუძველი გახდა. 1996 წელს სპეციალური მოწვევით იგი გახდა მოლეკულური ბიოლოგიის ევროპული ორგანიზაციის წევრი და აირჩიეს მის საბჭოში.

დოქტორის სამეცნიერო მიღწევები აღნიშნა შემდეგი პრემიებით: 1997 წელი - ხ.ტაუბას პრემია (ტეხნიონი); 1999 წელი- ვახტერის პრემია (ინსბრუკის უნივერსიტეტი, ავსტრია); 2000 წელი - ელკელესის პრემია (ებრაული ეროვნული ფონდი) და ა.ლასკერის პრემია საბაზისო გამოკვლევებისათვის მედიცინაში (ისრაელი); 2001 წელი - მ.ლანდაუს პრემია ბიოლოგიური გამოკვლევებისათვის (ისრაელი); 2002 წელი - მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის პრემია; 2003 წელი - ისრაელის სახელმწიფო პრემია ბიოლოგიაში.

2004 წელს მიენიჭა ნობელის პრემია.

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი რევაზ სეფიაშვილი არის იმუნოლოგიის მსოფლიო ორგანიზაციისა და დსთ-ს ალერგოლოგთა და იმუნოლოგთა კავშირის პრეზიდენტი, დსთ-ს ქვეყნების ფიზიოლოგთა საზოგადოების კავშირის პრეზიდენტი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ალერგოლოგიის, ასთმისა და კლინიკური იმუნოლოგიის ეროვნული ინსტიტუტისა და იმუნოფიზიოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი, რუსეთის ხალხთა მეგობრობის უნივერსიტეტის ალერგოლოგიისა და იმუნოლოგიის კათედრის გამგე, სამეცნიერო ჟურნალების: ალერგოლოგია და იმუნოლოგია, ასთმა, დსთ-ს ქვეყნების ფიზიოლოგიური საზოგადოებების კავშირის მაცნე, იმუნორეაბილიტაციის საერთაშორისო ჟურნალი, მსოფლიოს ალერგოლოგთა ორგანიზაციის ჟურნალის რუსული გამოცემის მთავარი რედაქტორი.

რ. სეფიაშვილი გახლავთ შვიდი სამედიცინო უნივერსიტეტის (კრასნოდარის, ნოვოსიბირსკის, როსტოვის, ტიუმენის, ალმაატას, თბილისისა და კიშინიოვის) საპატიო დოქტორი, ალერგოლოგიის, ასთმისა და იმუნოლოგიის ამერიკული აკადემიისა და ალერგიის, ასთმისა და იმუნოლოგიის ამერიკული კოლეჯის საპატიო წევრი.
აკადემიკოს რევაზ სეფიაშვილს 2012 წელს მიენიჭა უმაღლესი და ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული საერთაშორისო სამეცნიერო ორგანიზაციის, ალერგიის, ასთმისა და იმუნოლოგიის ამერიკული კოლეჯის, წამყვანი ჯილდო ,,გამორჩეული საერთაშორისო ჯილდო“. აღსანიშნავია, რომ მისი კანდიდატურა 9 გამოჩენილ მეცნიერთა შორის ფარული კენჭისყრით შეირჩა, რითაც აღიარეს მის მიერ მსოფლიოსა და მშობლიური ქვეყნის მეცნიერებაში შეტანილი წვლილი. ეს პირველი შემთხვევაა ასეთი საპატიო ჯილდოთი ეროვნული მეცნიერის დაჯილდოებისა, რომლის ცერემონიალი შედგება 2012 წლის ნოემბერში, ლოს-ანჟელესში ალერგიის, ასთმისა და იმუნოლოგიის ამერიკული კოლეჯის ყოველწლიური კონგრესის ფარგლებში.

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა