ტემპუსის პროექტის ფარგლებში ახალი სამაგისტრო პროგრამა ამოქმედდა

სურათი

Erasmus+ საქართველოს ეროვნული ოფისის კოორდინატორმა ლიკა ღლონტმა და ტემპუსის პროექტის ”MAHATMA”-ს მენეჯერმა, ბსუ-ს ასოცირებულმა პროფესორმა ლელა თურმანიძემ ევროკომისიის მიერ დაფინანსებული პროგრამა შეაფასეს და ორწლიანი მუშაობის ანგარიში წარმოადგინეს. პროექტის ფარგლებში შემუშავდა ახალი სამაგისტრო პროგრამა „განათლების მენეჯმენტი“, რომელმაც წარმატებით გაიარა აკრედიტაცია და მიმდინარე წელს ამოქმედდა. პროგრამა ინტერდისციპლინარულია: შეისწავლება სხვადასხვა მიმართულების არჩევითი და სავალდებულო კურსები, ხორციელდება სასწავლო პრაქტიკა უნივერსიტეტის სხვადასხვა განყოფილებაში, ტარდება პრაქტიკული და სამეცნიერო კვლევები. ახალი საგანმანათლებლო პროგრამა ითვალისწინებს ლიდერების აღზრდას უმაღლესი განათლების რეფორმისათვის. პროექტის ეგიდით უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას გადაეცა 19 300 ევროს ღირებულების კომპიუტერული ტექნიკა და სახელმძღვანელოები. დამონტაჟდა მულტიმედია პროექტორი და საკონფერენციო დარბაზები აღიჭურვა ვიდეო კონფერენციების ჩატარებისათვის საჭირო ტექნიკით.

პროექტი ითვალისწინებს სტუდენტთა მობილობას სომხეთსა და გერმანიის უნივერსიტეტებში.  აკადემიური პერსონალისთვის გაიმართება სემინარები ევროპაში, შეიქმნება განათლების ექსპერტთა საერთაშორისო ასოციაცია. ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი უმასპინძლებს ტრენინგებს „ხარისხის მენეჯმენტსა“ და „სწავლების მეთოდებში“.

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროექტის გუნდი წარმოდგენილია 5 წევრით: პროექტის კოორდინატორი - ასოცირებული პროფესორი ლელა თურმანიძე, პედაგოგიურ მეცნიერებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი გული შერვაშიძე, პროფესორი ლელა თავდგირიძე, ასისტენტ პროფესორი ნანა მაზმიშვილი, მასწავლებელი ნინო მიქელაძე. სამაგისტრო პროგრამის შემუშავების პროცესში აკადემიური პერსონალი გაეცნო ინგლისის, გერმანიის, საფრანგეთის და იტალიის გამოცდილებას. ასევე ევროპელი კოლეგებისაგან მიიღეს რეკომენდაციები პროგრამის სწავლის შედეგებზე, სწავლება/სწავლის მეთოდებსა და უმაღლესი განათლების მართვის საკითხებზე. 

ქვეყნის 4 უნივერსიტეტში შემუშავებული  ახალი სამაგისტრო პროგრამა უმაღლესი განათლების სფეროს შესთავაზებს მაღალკვალიფიციურ, თანამედროვე საერთაშორისო მოთხოვნების შესაბამის სპეციალისტებს.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა