ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორმა, ოქსფორდის უნივერსიტეტის პროფესორმა მაიკლ ვიკერსმა აჭარის ა.რ. განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დაფინანსებით უნივერსიტეტში საჯარო ლექციათა ციკლი დაიწყო ბერძნულ-რომაული და ბიზანტიური სამყაროს ისტორიის აქტუალურ საკითხებზე. ცნობილი მეცნიერი ხუთი დღის განმავლობაში მოხსენებებს წაიკითხავს შემდეგ თემებზე: „ვერცხლიდან კერამიკამდე: ოქრომჭედელთა გავლენა მეთუნეობაზე ძველ ათენში“, „რომაული მურინის ჭურჭელი: „დედამიწაზე არსებულ მასალათა შორის უძვირფასესი“, „კარიატიდები ათენის ერეხთეიონზე: ქრონოლოგიის და სიმბოლიკის საკითხისათვის“, „ლეპსის მაგნა: ქვიშაში აგებული რომაული ქალაქი და მოხეტიალე ქვები, მეორადი გამოყენება ანტიკურობაში“.
პროფესორ მაიკლ ვიკერსის კვლევის სფეროებია ბერძნულ-რომაული და ბიზანტიური სამყაროს არქეოლოგია, ისტორია და ლიტერატურა. იგი წლების მანძილზე აშმოლის მუზეუმის (ოქსფორდი) ბერძნულ-რომაული სიძველეების კურატორი იყო და კითხულობდა ლექციებს დუბლინის, ბენგაზის, ოსტინის, ბულდერის და პრინსტონის უნივერსიტეტებში.
უკან |