ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში რექტორის არჩევნები გაიმართა. უნივერსიტეტის საარჩევნო კომისიის ოქმის საფუძველზე, ვერცერთმა კანდიდატმა აკადემიური საბჭოს სიითი შემადგენლობის უმრავლესობის - 5 ხმა ვერ დააგროვა, არ გამოვლინდა საუკეთესო შედეგების მქონე 2 კანდიდატი და შესაბამისად არ ჩატარდა მეორე ტური. აკადემიურმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება რექტორის განმეორებითი არჩევნების გამოცხადების შესახებ. საარჩევნო კომისიაში 8 კანდიდატი იყო დარეგისტრირებული: რამაზ ხალვაში, ირაკლი ბარამიძე, მალხაზ ნაკაშიძე, მანუჩარ ლორია, ბესიკ ბერიძე, ანთაზ ქიქავა, მარინა გიორგაძე, როსტომ ბერიძე. კენჭისყრაში მონაწილეობა მხოლოდ 6-მა კანდიდატმა მიიღო. კონკურსანტმა როსტომ ბერიძემ 13 მარტს საარჩევნო კომისიას კანდიდატურის მოხსნის განცხადებით მიმართა, ხოლო ბესიკ ბერიძემ - არჩევნების დაწყებამდე.
ფარული კენჭისყრის შედეგად ანთაზ ქიქავამ 3 ხმა დააგროვა, ირაკლი ბარამიძემ - 2, მანუჩარ ლორიამ -2, მალხაზ ნაკაშიძემ - 1, მარინა გიორგაძემ - 0, რამაზ ხალვაშმა - 0.
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, ალიოშა ბაკურიძემ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გათავისუფლების შესახებ აკადემიურ საბჭოს 20 იანვარს მიმართა. რექტორის თანამდებობის დასაკავებლად არჩევნები 22 იანვარს გამოცხადდა.
უკან |