ინოვაციების ლაბორატორიის წარდგინება ჩატარდა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში. საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს წარმომადგენელმა მარიამ ლაშხმა მსოფლიო ბანკის თანამშრომლებთან ერთად პროფესორ-მასწავლებლებსა და სტუდენტებს ორგანიზაციის კონცეფცია და მიზნები გააცნო. საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო ინოვაციების ლაბორატორიების საგრანტო კონკურსის ეგიდით, ბსუ-ს ბაზაზე ინოვაციების ლაბორატორიას გახსნის, რაც ხელს შეუწყობს მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მომზადებასა და კურსდამთავრებულების დასაქმებას. პროექტის ფარგლებში ლაბორატორიები უკვე დაფუძნდა საქართველოს სამ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში: ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი - მობილური აპლიკაციების ლაბორატორია ჯეოლაბი, ილიას უნივერსიტეტი - კომპიუტერული თამაშების ლაბორატორია GameLab და ჯიპა - კომპიუტერული გრაფიკისა და ვიზუალური ეფექტების ლაბორატორია CG MULI LAB
2015 წელს საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო სულ 10-მდე ლაბორატორიას გახსნის. 2014 წლიდან ხორციელდება ტრენერთა მოსამზადებელი პროგრამა, რომლის ფარგლებშიც გადამზადდა 53 ტრენერი საინფორმაციო ტექნოლოგიების შემდეგი მიმართულებებით:
- ანდროიდი;
- iOS;
- ჯავა;
- ვებ დეველოპმენტი;
- IT პროექტების მართვა;
- ხარისხის მართვა და ტესტირება.
უკან |