მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო კვირეულის ეგიდით, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში საჯარო ლექციები ტარდება. სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლებისათვის ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტის გამძლეობის გენეტიკის განყოფილების უფროსმა ზოია სიხარულიძემ ლექცია წაიკითხა თემაზე: „ფიტოპათოლოგიური კვლევები - გუშინ, დღეს, ხვალ“, აგრარული და მემბრანული ტექნოლოგიების ინსტიტუტის დირექტორმა რაულ გოცირიძემ - „ფიტოპათოლოგიური კვლევები - გუშინ, დღეს, ხვალ“, ხოლო ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტის დირექტორმა როინ მალაყმაძემ და ინსიტუტის ფოლკლორისა და დიალექტოლოგიის განყოფილების უფროსმა შუშანა ფუტკარაძემ - „სტამბოლის ქართული კულტურის სავანე“. საჯარო ლექციები პროფესორ ალეკო კალანდიას მოხსენებით „საკვები-სარგებელი და საფრთხე“ დასრულდება.
საქართველოსა და კავკასიაში მეცნიერებისა და ინოვაციების კვირეული პირველად ტარდება, რომელიც 10 ნოემბერს, მეცნიერების საერთაშორისო დღეს გაიხსნა და 17 ნოემბერს, სტუდენტთა საერთაშორისო დღეს დასრულდება.
კვირეულის მიზნებია:
• სამეცნიერო კვლევებისა და ინოვაციების ხელშეწყობა;
• ქვეყნის სამეცნიერო პოტენციალის წარმოჩენა;
• საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება;
• ქართველ და უცხოელ მკვლევართა მიღწევების გაცნობა ფართო საზოგადოებისათვის;
• ახალგაზრდა მკვლევართა მოტივაციის ზრდა;
• სტუდენტებისა და სკოლის მოსწავლეების დაინტერესება სამეცნიერო კვლევებითა და ინოვაციებით;
• განათლების, მეცნიერებისა და კულტურის დაახლოება.
მეცნიერებისა და ინოვაციების კვირეულის ფარგლებში ტარდება რამდენიმე საერთაშორისო მასშტაბის ცენტრალური და 100-ზე მეტი პარალელური ღონისძიება. კერძოდ, კონფერენციები, უახლესი სამეცნიერო გამოცემებისა და პროექტების პრეზენტაციები და გამოფენები, სამეცნიერო-პოპულარული ლექცია-სემინარები, ტრენინგები, ვორკშოპები, ღია კარის დღეები, სამეცნიერო კაფეები, სახალისო მეცნიერება სკოლის მოსწავლეებისთვის და სხვ.
კვირეულში მონაწილეობს საქართველოს სახელმწიფო და კერძო უნივერსიტეტები, სამეცნიერო-კვლევითი ცენტრები, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია და საქართველოს სოფლის მეურნეობის აკადემია, საქართველოს ეროვნული მუზეუმი, მაიკროსოფტი - საქართველო, სან დიეგოს უნივერსიტეტი, შპრინგერის გამომცემლობა, მეცნიერების სფეროს უცხოელი წარმომადგენლები შემდეგი ქვეყნებიდან: აშშ, გერმანია, შვეიცარია და ცერნის ბირთვული კვლევების ევროპული ცენტრი მოძრავი გამოფენით „ცერნი დღეს“ და „LHC ინტერაქტიული გვირაბი“.
უკან |