ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის დელეგაცია, რომელსაც რექტორის მოადგილეები ინგა შამილიშვილი, ნათია წიკლაშვილი და იურიდიული ფაკულტეტის დეკანი ადამ მახარაძე წარმოადგენდნენ, ოფიციალური ვიზიტით უკრაინაში, ივანო-ფრანკოვსკის მეფე დანილო გალიცკის სახელობის სამართლის უნივერსიტეტში იმყოფებოდნენ. ვიზიტის ფარგლებში ხელი მოეწერა ორმხრივი თანამშრომლობის მემორანდუმს, რომელიც პროფესორ-მასწავლებელთა და სტუდენტთა მობილობას ითვალისწინებს. დაიგეგმა ერთობლივი სასწავლო და სამეცნიერო პროექტების განხორციელება.
ვიზიტის განმავლობაში, ბსუ-ს დელეგაცია საერთაშორისო სიმპოზიუმს დაესწრო. სიმპოზიუმი უკანონო მიგრაციისა და ადამინებით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) პრობლემებს მიეძღვნა. პროფესორმა ადამ მახარაძემ მოხსენება წაიკითხა თემაზე: ,,სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა ტრეფიკინგისათვის ქართული კანონმდებლობაში“.
ვიზიტის დროს ოფიციალური შეხვედრები გაიმართა სიმპოზიუმის სხვა მონაწილე უნივერსიტეტების წარმომადგენლებთანაც, სადაც მომავალი ურთიერთობების პერსპექტივები განიხილეს.
უკან |