„პოეზიის აფთიაქის“ კონკურსი - „პოეზიის ა(მ)ბები“

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში ილიაუნის „პოეზიის აფთიაქის“ კონკურსის -  „პოეზიის ა(მ)ბების“ პრეზენტაცია გაიმართა. პროექტის მიზანია, იდეის მეტაფორული კონცეპტუალიზაციის გზით, ახალგაზრდა შემოქმედების კრეატიული მოტივირება და შემოქმედებითი აქტივობის გამოვლენა. კონკურსში მონაწილეობის პირობები ახალგარზდებს კონკურსის ჟიურის წევრებმა:  ილიაუნის პროფესორმა, პოეტმა ცირა ბარბაქაძემ, პოეტმა პაატა შამუგიამ, მთარგმნელმა, პროფესორმა გია ჯოხაძემ და პროექტის კოორდინატორმა, ბსუ-ს, პროფესორმა მარინა გიორგაძემ გააცნო. პროექტის წარდგენის შემდეგ  პოეზიის საღამო გაიმართა.

კონკურსის მონაწილეებს ევალებათ განსაკუთრებული ემოციებისგან  „პოეზიის ა(მ)ბები“ მომზადება, რომელიც იმოქმედებს მკითხველზე და გამოიწვევს სასურველ ეფექტს. პოეზიის ა(მ)ბები უნდა დამზადდეს შემდეგი მიმართულებებით: ენდორფინ-ა(მ)ბები, პროტესტ-ა(მ)ბები, დითირა(მ)ბები, ცოცხალი ა(მ)ბები (ვიდეო-არტი) და საკაიფო ა(მ)ბები.

ენდორფინ-ა(მ)ბები

ამ ტიპის პოეზიის ა(მ)ბებმა მკითხველში უნდა გამოიწვიოს პოზიტიური ემოციები: სიხარული, სიყვარული, სიცილი, ხალისი, მოტივაცია, თანაგრძნობა, მადლიერება და ასე შემდეგ... რადგან ამ ემოციების შედეგად წარმოიქმნება ენდორფინები-ბედნიერების ჰორმონები, რომლებიც აძლიერებს იმუნურ სისტემას, ხელს უწყობს ჯანმრთელობის შენარჩუნებას და იწვევს ადამიანში ბედნიერების შეგრძნებას.

პროტესტ-ა(მ)ბები

პროტესტ-ა(მ)ბებია რაიმე უკმაყოფილების ენერგიულად გამოხატვა, რადიკალური დაპირისპირება, შეუპოვრობა, შეუგუებლობა... პოეზიაში ამ ტიპის ემოციის დაგროვება და გამოხატვა მკითხველში აღძრავს პროტესტის გრძნობასაც, რომელიც საბოლოოდ ტრანსფორმირდება პოზიტიურ ცვლილებებში.

დითირა(მ)ბები

ამ ტიპის პოეზიის ა(მ)ბებია: შექება, დიდება, ხოტბა, გალობა, შესხმა, ოდა, ჰიმნი  სამყაროს, ღმერთის, ადამიანის, საგნის, მოვლენის  მიმართ. მათი მიღების შემდეგ, მკითხველი ტოვებს სხეულის სადგომს და ხდება ეიფორიული, კოსმიური და აღმატებული, თავს გრძნობს ყოვლისშემძლედ.

ცოცხალი ა(მ)ბები (ვიდეო-არტი)

პოეზიის ცოცხალი  ა(მ)ბებია არა დაწერილი, არამედ განსაკუთრებული ემოციით შესრულებული საკუთარი ლექსები, რომლებიც იმდენად „ცოცხალი“ ემოციებითაა გადმოცემული, რომ მკითხველი ზედმეტი ძალისხმევის გარეშე განიცდის ამ ემოციური ბუკეტის ზეგავლენას, რის შედეგადაც მიძინებული და მკვდარი გრძნობები, განცდები, შეგრძნებები იწყებს გაცოცხლებას....

საკაიფო ა(მ)ბები

საკაიფო (იგივე საკაფიო) ა(მ)ბები, ანუ  კაფიები აუცილებლად ქალ-ვაჟის ემოციური ბუკეტისაგან დამზადებული კომპლექსური აბია, რომელიც განსაკუთრებულად მდიდარი ემოციებისაგან შედგება; ჩვენი აფთიაქისთვის განკუთვნილი საკაიფო ა(მ)ბები შეიძლება იყოს როგორც იუმორისტული, ასევე მძაფრი და პოლემიკური... ფორმატს და ემოციას ა(მ)ბების შემქმნელები ირჩევენ, მთავარი მოთხოვნაა, აბი დამზადდეს დუეტში.

საკაიფო ა(მ)ბები იუმორით, ემოციების მრავალფეროვნებით, რითმებით, განცდებით, გრძნობებით იწვევს შეყვარებულთა „გულის მოოხებას“, რის შედეგადაც მკითხველი  „კაიფობს“.

გამოიცემა კრებული „პოეზიის ა(მ)ბები“, რომელშიც შევა ჟიურის მიერ შერჩეული ლექსები. მოეწყობა წიგნის პრეზენტაცია და დაჯილდოება.

კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს ყველა სტუდენტს და ახალგაზრდას 30 წლამდე. ერთსა და იმავე მონაწილეს შეუძლია მონაწილეობა  მხოლოდ ორ ნომინაციაში;

ტექსტები უნდა გამოგზავნოთ  1-ლი აპრილიდან 7 მაისამდე ელექტრონულ მისამართზე: poetryclub@iliauni.edu.ge

7-დან 15 მაისამდე ჟიური შეარჩევს კრებულში დასაბეჭდ ლექსებს.

28 მაისს შედგება პოეზიის კრებულის - „პოეზიის ა(მ)ბები“ - პრეზენტაცია და ნომინაციაში გამარჯვებულების დაჯილდოება, რის შესახებაც გეცნობებათ წინასწარ.

დაწვრილებითი ინფორმაციისთვის: poetryclub@iliauni.edu.ge


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა