ნოე ჟორდანიას შვილიშვილის ქრისტინე ფაღავა ბულეზის წიგნის – „ერთი უჩვეულო ოჯახი“ – წარდგინება

სურათი

დღეს, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა ნოე ჟორდანიას შვილიშვილის, ქრისტინე ფაღავა ბულეზის მოგონებების წიგნის – „ერთი უჩვეულო ოჯახი“ – წარდგინება. ნოე ჟორდანიას შვილიშვილი, ქრისტინე ფაღავა ბულეზი, ბოლშევიკური რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის შემდეგ საფრანგეთში, ემიგრაციაში დაიბადა. აღიზარდა ქართულ გარემოში. ბაბუის ყურადღებით განებივრებულს თბილი, სასიამოვნო და ამასთანავე, მნიშვნელოვანი მოგონებები შემორჩა მასზე:

„ხალხი მას პრეზიდენტს ეძახის, მე კი – ბაბუას. ვიზრდები ცეკვით, პოლიტიკითა და, რაც პირადად მე მეხება, თამაშებით გარემოცულ სამყაროში და თანდათან ვხვდები, რომ ბაბუა თავისი დროის მნიშვნელოვან ნაწილს საქართველოს დამოუკიდებლობის ლეგიტიმური უფლების მოპოვებისათვის ბრძოლაში ხარჯავს. იმ უფლებისა, რომელსაც საბჭოთა რუსეთი, დამპყრობელი შეიარაღებული ხელისუფლება, ფეხქვეშ თელავს.  ყველაფერს ვერ ვხვდები, მაგრამ მთავარი აზრი მესმის... საფრანგეთში საქართველოს თავისუფლების დაბრუნების მოლოდინში ვცხოვრობთ. აი, მაშინ დავბრუნდებით! ხოლო მანამდე დიდი საქმეა გასაკეთებელი და ბაბუამ თავი უნდა გადადოს ამ უზარმაზარი მისიის შესასრულებლად“.

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის შვილიშვილი ცხოვრობს პარიზში. ფრანგულ ენაზე თარგმნა ნოე ჟორდანიას მემუარული წიგნი „ჩემი წარსული“ (Mon Passé) და პოლიტიკური ნაშრომები – „რა მოხდა“, „დემოკრატია“, „ნამდვილი და ყალბი კომუნიზმი“, არის ნოე ჟორდანიას ინსტიტუტის ვიცე-პრეზიდენტი. მისი აქტიური მონაწილეობით ინსტიტუტმა 2014 წელს თბილისსა და პარიზში მოაწყო კონფერენციები თემაზე „1924 წლის ეროვნული აჯანყება“. 1998-2010 წლებში იყო ლევილის მამულის მმართველი.

წიგნი გამომცემლობა „არტანუჯმა“ გამოსცა და დართული აქვს 1801-1953 წლების ისტორიულ მოვლენათა ქრონოლოგიური ნუსხა.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა