„ვეფხისტყაოსნისა“ და ქართული კულტურის დღეები თურქეთში

სურათი

21-26 აპრილს ტრაპიზონში მეორედ გაიმართა ტრადიციული საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალი, რომელშიც საქართველოს, თურქეთის, რუსეთის, ირანისა და აზერბაიჯანის მწერლებმა, პოეტებმა და ლიტერატურათმცოდნეებმა მიიღეს მონაწილეობა. ყოველ მონაწილე ქვეყანას ფესტივალის ერთი დღე დაეთმო. ქართული ენისა და ლიტერატურის დღეს ქალაქმა სურმენემ უმასპინძლა. ქართულმა დელეგაციამ, რომელშიც შედიოდნენ ქუთაისისა და ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტების წარმომადგენლები, სურმენეს კულტურის ცენტრში შეკრებილ საზოგადოებას გააცნეს ქართული დამწერლობის, ლიტერატურისა და ქართულ-აღმოსავლური კულტურულ-ლიტერატურული ურთიერთობების ისტორია. ბსუ პროფესორმა რამაზ ხალვაშმა წაიკითხა მოხსენება თემაზე: „შოთა რუსთაველი და მისი „ვეფხისტყაოსანი“.

ქართული კულტურის დღეები მასშტაბურად აღინიშნა დუზჯეს უნივერსიტეტში (თურქეთის რესპუბლიკა), სადაც 12-14 მაისს შოთა რუსთაველის 850 წლისთავისადმი მიძღვნილი საერთასორისო სიმპოზიუმი ჩატარდა. სიმპოზიუმი დუზჯეს უნივერსიტეტის რექტორის, ქართველ მუჰაჯირთა შთამომავლის, პროფესორ ნიგარდემირ ჯანჩაქარის გულმხურვალე თანადგომით, უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებისა და სტუდენტების აქტიური მონაწილეობით გაიმართა. სიმპოზიუმის ორგანიზებასა და მუშაობაში მონაწილეობას იღებდნენ სტამბოლის, დუზჯეს, ინეგოლის ქართული კულტურის ასოციაციები და თურქეთის სხვადასხვა კუთხეში მცხოვრები ქართველები. სიმპოზიუმის ფარგლებში მუშაობდა 9 სექცია, სადაც წარმოდგენილი იყო 40-მდე სამეცნიერო მოხსენება, რომლებიც ეძღვნებოდა შოთა რუსთაველის ბიოგრაფიას და თამარის ეპოქას, „ვეფხისტყაოსნის“ მხატვრულ და ენობრივ სამყაროს, პოემის თარგმანებს...

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან სიმპოზიუმში მონაწილეობდა პროფესორი რამაზ ხალვაში, რომელმაც „ვეფხისტყაოსნის“ ახალი, არჩილ ხალვაშისეული რუსული თარგმანი წარუდგინა საზოგადოებას და დუზჯეს უნვერსიტეტს „ვეფხისტყაოსნის“ ბილინგვური (ქართულ-რუსული) გამოცემა უსახსოვრა, რომელიც დასაბეჭდად ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში მომზადდა.

სიმპოზიუმის კულტურულ ღონისძიებათა პროგრამის ფარგლებში გაიმართა გამოფენები, დოკუმენტური ფილმების ჩვენება და კონცერტი. სიმპოზიუმის მონაწილეებს გულთბილი მასპინძლობა გაუწიეს დუზჯეს უნივერსიტეტმა და დუზჯეში მცხოვრებმა ქართველებმა. ფაქტობრივად, სიმპოზიუმის დღეები გასცდა სამეცნიერო ფორუმის ფარგლებს და ქართული კულტურის დღესასწაულად გადაიქცა. პროფესორ რამაზ ხალვაშის ინიციატივით, დიგიტალური ქართველოლოგიის საზაფხულო სკოლაში, რომლის გამართვასაც ბათუმის უნივერსიტეტი მიმდინარე წლის აგვისტოში გეგმავს, მონაწილეობას მიიღებენ თურქეთის უნივერსიტეტებში მოქმედი ქართული ენისა და ლიტერატურის საბაკალავრო პროგრამების სტუდენტები. ამჟამად ქართული ენისა და ლიტერატურის საბაკალავრო პროგრამას თურქეთის ოთხი უნივერსიტეტი ახორციელებს: დუზჯეს, არტაანის, რიზეს რეჯეფ ტაიფ ერდოღანისა და ყარსის კავკასიის უნივერსიტეტები.
 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა