უნივერსიტეტის სახალხო ქორეოგრაფიულ ანსამბლ ,,ტბეთის“ 60 წლის იუბილე აღინიშნა

სურათი

ხელოვნებისა და მუსიკის ცენტრში ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სახალხო ქორეოგრაფიულ ანსამბლ ,,ტბეთის“ 60 წლისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო გაიმართა. სხვადასხვა თაობის მოცეკვავეებმა შეასრულეს ქორეოგრაფ ზურაბ სვანაძის მიერ დადგმული ფოლკლორული ცეკვები: “აჭარული“, „ქართული“, „ფარიკაობა“,“ყაზბეგური“, ,,ქალთა ხორუმი“, ,,მოხეური“, ,,ქალ-ვაჟთა“, ,,აფხაზური“, „თუშური“, ,,მთიულური“. უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ალიოშა ბაკურიძემ ანსამბლის მნიშვნელობაზე ისაუბრა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აკადემიური და წარმომადგენლობითი საბჭოების გადაწყვეტილება გააცნო. ბსუ-ში ჩარიცხულ „ტბეთის“ მოცეკვავე აბიტურიენტსა და ორ წარჩინებულ, სოციალურად დაუცველ სტუდენტს დაეხმარება სწავლის საფასურის დაფარვაში. უნივერსიტეტი ანსამბლს საჩუქრად გადასცემს საცეკვაო კოსტიუმებს და დაუფინანსებს გასტროლებს უცხოეთში. ,,ტბეთში“ მოღვაწეობისთვის ქორეოგრაფებს: ზურაბ სვანაძეს, ლაშა გოგიტიძეს, მუსიკოსებსა და ანსამბლის ყველა წევრს დიპლომები გადაეცა.

ანსამბლი 1950-იან წლებში ცნობილმა ქორეოგრაფმა ალექსანდრე ჯიჯეიშვილმა დაარსა. „ტბეთს“ წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდნენ ცნობილი ქორეოგრაფები: გივი ჩიხლაძე, ვლადიმერ შალიკაშვილი, რევაზ ჭანიშვილი, ჯემალ ჩიჩუა, თამაზ ბეჟანიძე. მათ ტრადიციებს დღემდე ღირსეულად განაგრძობს ნიჭიერი, ახალგაზრდა ქორეოგრაფი ზურაბ სვანაძე.

,,ტბეთს“ უკავშირდება შემდეგი ცნობილი მოცეკვავეების სახელები: ჯუმბერ ლომთათიძე, ნოდარ და ნიაზ დევაძეები, ზაურ ლაზიშვილი, თამაზ ბეჟანიძე, ნონა ვარაზაშვილი, ნანული და მზია ნოღაიდელები, ცირა მამალაძე, ომარ კომახიძე, ზურაბ ბაღდადიშვილი, პავლე მოსესიანი და სხვები.

ქვეყნის უმაღლესი სასწავლებლების ანსამბლებს შორის ,,ტბეთი“ იმთავითვე ერთ-ერთ ფართომასშტაბიან და შემოქმედებითად სრულყოფილ კოლექტივად იქცა. ,,ტბეთი“ კონცერტებს მართავდა საქართველოსა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. მნიშვნელოვან წარმატებებს აღწევდა რესპუბლიკურ და საერთაშორისო ფესტივალებში, კონკურსებსა და ოლიმპიადებში.

არსებობის ნახევარსაუკუნოვან პერიოდში ანსამბლი მნიშვნელოვან ყურადღებას აქცევდა საცეკვაო ფოლკლორის სიწმინდის დაცვასა და საშემსრულებლო ტრადიციების შენარჩუნებას, რის გამოც ,,ტბეთს“ სახალხო ანსამბლის წოდება მიენიჭა. 2000 წელს კი შემოქმედებითი წარმატებებისათვის საქართველოს პრეზიდენტის საპატიო დიპლომით დააჯილდოვეს.

საიუბილეო ღონისძიებაში ასევე მონაწილეობას მიიღებს უნივერსიტეტის გოგონათა ვოკალური ანსამბლი.

საღამოს ანსამბლ ,,ტბეთის“ ძველი და ახალი თაობის მოცეკვავეები, ცნობილი ქორეოგრაფები, აღმასრულებელი, საკანონმდებლო ხელისუფლებისა და საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა