ახალი სასწავლო წელი საზეიმოდ გაიხსნა

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ახალი, 2017-2018 სასწავლო წელი საზეიმოდ გაიხსნა. სტუდენტებსა და პროფესორ მასწავლებლებს მნიშვნელოვანი დღე უნივერსიტეტის რექტორმა მერაბ ხალვაშმა, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ და აჭარის ა.რ. განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა ინგა შამილიშვილმა მიულოცეს. კომპანია ,,ჯეოსელმა“ და უნივერსიტეტმა 100%-იანი გრანტის მფლობელ და სხვა მაღალქულიან პირველკურსელ სტუდენტებს სამახსოვრო საჩუქრებს გადასცა. ბსუ-ს ეზოში ინოვაციურ ლაბორატორიაში სტუდენტების მიერ დამზადებული ნივთებისა და საუნივერსიტეტო ცხოვრების ამსახველი ფოტოების გამოფენა გაიხსნა. უნივერსიტეტისა და გამომცემლობის ,,წიგნები ბათუმში’’ ორგანიზებით, პირველი კორპუსის ფოიეში შეხვედრა გაიმართა მწერლებთან: გიორგი კეკელიძესთან და თამთა მელაშვილთან. პარალელურად მოეწყო გამომცემლობის „წიგნები ბათუმში’’ წიგნების გამოფენა-გაყიდვა.

2017-2018 სასწავლო წელს ბსუ-ში  1241 პირველკურსელი ჩაირიცხა, რომელთაგან სასწავლო გრანტი 87-მა მიიღო, ხოლო 10 უფასო სახელმწიფო საგანმანათლებლო პროგრამაზე 500 ახალგაზრდა ისწავლის. ამჟამად, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში 6 000  სტუდენტი სწავლობს.


ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი ახალ სასწავლო წელს სიახლეებით ხვდება. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ლეონიძის ქ.N15-ში ახალი, თანამედროვე სტანდარტების სტუდენტთა საერთო საცხოვრებლის და ქობულეთში ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების კვლევითი ინსტიტუტის ახალი ცენტრის მშენებლობას იწყებს. ახალი სასწავლო წლისათვის  ამოქმედდება უახლესი აპარატურით აღჭურვილი ზოგადი ბიოლოგიის ლაბორატორია და ორი ინ-ვიტრო ლაბორატორია საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტსა და ტექნოლოგიურ ფაკულტეტზე (აგრარული მიმართულება). გარდა ამისა, აგრარული მიმართულების სტუდენტებისათვის იხსნება სათბური, სადაც ახალგაზრდები სასწავლო პრაქტიკას გაივლიან. პარალელურად, რემონტდება ბიბლიოთეკა, იცვლება უნივერსიტეტის პირველი კორპუსის გათბობის სისტემა და ამოქმედდება კვების ახალი ობიექტი. უნივერსიტეტში განხორციელებული რეორგანიზაციის შედეგად, შეიქმნა სტუდენტთა კარიერული განვითარების, კულტურისა და სპორტის სამსახური, რომელიც გააუმჯობესებს სტუდენტურ სერვისს.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა