უნივერსიტეტში სამეცნიერო პროექტების შედეგების წარდგინება გაიმართა

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული სამეცნიერო პროექტების -  „დასავლეთ საქართველოში გავრცელებული კივის, ფეიჰოას, მოცვის და სხვა კენკროვნების ნაყოფის ქიმიური შედგენილობის შესწავლა მოკრეფის, შენახვის და შეფუთვის ოპტიმალური წესების დასადგენად“ და „ქართველ მუსლიმთა მატერიალური და სულიერი მემკვიდრეობა თურქეთში“ - შედეგების წარდგინება გაიმართა. პროექტში მონაწილე მკვლევრებმა და პროფესორ-მასწავლებლებმა სამწლიანი კვლევის შედეგად მოპოვებული სამეცნიერო მიღწევები შეაჯამეს და მათ მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

სამეცნიერო პროექტის „დასავლეთ საქართველოში გავრცელებული კივის, ფეიჰოას, მოცვის და სხვა კენკროვნების ნაყოფის ქიმიური შედგენილობის შესწავლა მოკრეფის, შენახვის და შეფუთვის ოპტიმალური წესების დასადგენად“ (პროექტის ნომერი - FR/335/10-160/14, პროექტის ხელმძღვანელი უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი ინდირა ჯაფარიძე) ფარგლებში კლასიკური და თანამედროვე მეთოდების (მაღალი და ულტრამაღალი წნევის ქრომატოგრაფირებით, ხილულ და უი არეში, რეფრაქტომეტრული ინდექსის, გრავიმეტრული და მას-სპექტრალური დეტექტორები, აირ-სითხური ქრომატოგრაფირება) გამოყენებით მკვლევრებმა მიიღეს უნიკალური  მონაცემები საკვლევ ობიექტებში ბიოლოგიურად აქტიური ნაერთების თვისობრივი და რაოდენობრივი შემცველობის შესახებ. პირველად ჩატარდა საქართველოში მოყვანილი პროექტით შერჩეულ მცენარეთა ნაყოფების მიზანმიმართული, კომპლექსური კვლევა IFU (International Federation of Fruit Juice Producers) მეთოდების გამოყენებით (მათ შორის მაღალი წნევის სითხური ქრომატოგრაფირებით). ასევე პირველად დადგინდა ნაყოფების ზრდისა და დამწიფების  პერიოდში ბიოლოგიურად აქტიური ნაერთების რაოდენობრივი და თვისობრივი შემცველობა.

პროექტის ფარგლებში, საქართველოს პირობებში პირველად ჩატარდა ნაყოფის შენახვის დროს მიმდინარე ცვლილებების სისტემური კვლევა მაღალი წნევის სითხური ქრომატოგრაფირებით (HPLC და IFU მეთოდებით). ნაყოფებში ნაერთთა ცვლილებების  კვლევების შედეგებიდან გამომდინარე შემუშავდა საქართველოში მოყვანილი ნაყოფისათვის შენახვის ოპტიმალური პირობები.

მიღებული შედეგებით შემუშავდა დასავლეთ საქართველოში კივის და ფეიჰოას ნაყოფის მოკრეფის, შენახვის და შეფუთვის წესები, რის საფუძველზეც შესაძლებელი გახდა მოსავლის რაციონალური გამოყენება და მისი საერთაშორისო სტანდარტების მოთხოვნების მიმართ შესაბამისობაში მოყვანა. დანაკარგების მაქსიმალურად შემცირება და შესაბამისად ამ ნედლეულის მწარმოებლებისთვის კომერციული მოგების გაზრდის შესაძლებლობის ჩვენება.

სამეცნიერო პროექტი ,,ქართველ მუსლიმთა მატერიალური და სულიერი მემკვიდრეობა თურქეთში“ (პროექტის ნომერი HE/21/1-10/13, სამეცნიერო ხელმძღვანელი ასოცირებული პროფესორი ზაზა შაშიკაძე) მიზნად ისახავდა ქართული მემკვიდრეობის უცნობი ძეგლების წარმოჩენას, რომელიც ქართველმა მუსლიმებმა შექმნეს XVII საუკუნიდან XX საუკუნის დასაწყისამდე და ამჟამად თურქეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე მდებარეობს.

გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან, მას შემდეგ, რაც შესაძლებელი გახდა თურქეთის ისტორიულ ქართულ ტერიტორიებზე საკვლევი სამუშაოს ჩატარება, არაერთი მეცნიერი, თუ სამეცნიერო ჯგუფი ატარებდა კვლევებს. თუმცა ისინი ძირითადად ძველი ქართული ქრისტიანული მატერიალური კულტურის ძეგლებით ინტერესდებოდნენ და  ეთნოლოგიური, ფოლკლორული თუ ენათმეცნიერული კუთხით ატარებდნენ კვლევებს. პროექტის ფარგლებში ჩატარებული კვლევებით მუსლიმური კულტურის ძეგლებია შესწავლილი და ამ მიმართულებით კვლევა მანამდე არ ჩატარებულა.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა