ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი - 100

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი უდიდესი სიყვარულითა და პატივისცემით ულოცავს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს 100 წლის იუბილეს. კავკასიაში პირველი უნივერსიტეტი, სადაც დაიწყო ქართული მეცნიერებისა და კულტურის ხელახალი აღორძინება, მალე იქცა განათლებისა და მეცნიერების მძლავრ კერად, რომელშიც ,,მომავალი თაობა მეცნიერ-მკვლევართა მოძღვრებითა და ხელმძღვანელობით უმაღლეს მეცნიერებას ითვისებს“ (ივანე ჯავახიშვილი).

თბილისის უნივერსიტეტის ბაზაზე აღმოცენდა და განვითარდა საქართველოს სხვა უმაღლესი სასწავლებლები, რომელთა შორისაა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი. მისი დიდი სახელმწიფოებრივი და ეროვნული მნიშვნელობა აჭარისათვის და მთელი საქართველოსათვის კარგად ესმოდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამაარსებელ ქართველთა მოწინავე საზოგადოების ჯგუფის მეთაურს ივანე ჯავახიშვილს, რომელიც აღნიშნავდა - ,,საქართველოში თუ იქნება მეორე უნივერსიტეტი, ის ბათუმში უნდა გაიხსნას“.

დიდია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წვლილი ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჩამოყალიბებასა და განვითარებაში.

ბათუმის სამასწავლებლო და პედაგოგიური ინსტიტუტების დაარსების პირველ წლებში თსუ-ს  პროფესორ-მასწავლებლები არამარტო აკადემიურ პროცესს წარმართავდნენ აქ, არამედ მონაწილეობდნენ საორგანიზაციო საკითხების გადაწყვეტაში, გვეხმარებოდნენ სასწავლო კურ- სების გეგმების შედგენაში, კონსულტაციებს უწევდნენ ახალგაზრდა ლექტორებს. ლექციების წასაკითხად, სახელმწიფო გამოცდების კომისიების თავმჯდომარეებად ჩვენთან ჩამოდიოდნენ ცნობილი უნივერსიტეტელი მოღვაწეები: სარგის კაკაბაძე, შალვა ნუცუბიძე, გიორგი ახვლედიანი, სიმონ ყაუხჩიშვილი, ალექსანდრე ჯავახიშვილი, კოტე ბაქრაძე, შოთა ძიძიგური და სხვები.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი წლების განმავლობაში გვერდში ედგა და დღესაც უდგას ჩვენს უნივერსიტეტს. ბევრი ჩვენი პროფესორი, მეცნიერ-მკვლევარი    თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულია. ჩვენი უნივერსიტეტის უფროსი თაობის პროფესორებს ახსოვთ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ცნობილი მეცნიერების შთამბეჭდავი ლექციები და მადლიერებით, სიყვარულით იგონებენ მათ: ნიკო ჭეიშვილს, პანტელეიმონ ბერაძეს, ვუკოლ ბერიძეს, ნიკოლოზ კანდელაკს, ანდრო ბეგიაშვილს, კონა გიგინეიშვილს, დიმიტრი მგელაძეს, გიორგი მელიქიშვილს, მარიკა ლორთქიფანიძეს ...

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი კიდევ ერთხელ ულოცავს სახელოვან იუბილეს თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის  სახელმწიფო უნივერსიტეტს და უსურვებს მას უფრო დიდ წარმატებებს ეროვნულ და საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცეში.

 

 

 

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა