უნივერსიტეტში პროფესორ ილია კეჭაყმაძის 85 წლის იუბილე აღინიშნა

სურათი

პროფესორი ილია კეჭაყმაძე დაიბადა 1929 წელს, ოზურგეთის რაიონის სოფელ ნაღობილევში. 1947 წელს დაამთავრა მერიის საშუალო სკოლა და იმავე წელს ჩაირიცხა სტალინის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფილოსოფია-ფსიქოლოგიის ფაკულტეტზე ფსიქოლოგიის სპეციალობით. 1952 წლის სექტემბერში მუშაობას იწყებს აჭარისწყლის პედაგოგიურ სასწავლებელში, ხოლო 1953 წლის სექტემბერიდან ბათუმის ვაჟთა №1, №6, და ქალთა №4 და №9 საშუალო სკოლებში ფსიქოლოგიისა და ლოგიკის მასწავლებლად. 1947 წლიდან პარალელურად ასწავლის ბავშვის ფსიქოლოგიასა და სკოლამდელთა პედაგოგიკას ბათუმის პედაგოგიურ სასწავლებელში.
1956 წლის 16 მაისიდან ილია კეჭაყმაძე ინიშნება შოთა რუსთაველის სახელობის ბათუმის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის პედაგოგიკა-ფსიქოლოგიის კათედრის უფროს ლაბორანტად. 1959 წლიდან არის პედაგოგიკა-ფსიქოლოგიის (1990 წლიდან ფსიქოლოგიის) კათედრის მასწავლებელი, უფროსი მასწავლებელი და დოცენტი. ხელმძღვანელობს პედაგოგიურ პრაქტიკას სკოლებში და საბავშვო ბაღებში, ეხმარება სტუდენტებს საკურსო ნაშრომების შესრულებაში, ამზადებს სტუდენტებს სამეცნიერო კონფერენციებში მონაწილეობისთვის, არის კათედრასთან არსებული სტუდენტთა სამეცნიერო წრის მეცნიერ-ხელმძღვანელი.
მრავალი წლის განმავლობაში იყო ფსიქოლოგიის კათედრის გამგის მოადგილე საზოგადოებრივ საწყისებზე, კათედრის გამგის მოვალეობის შემსრულებელი, ხშირად ასრულებდა საზოგადოებრივ დავალებებს, მუშაობდა პროფკავშირულ თანამდებობებზე, აქტიურად მონაწილეობდა აჭარის განათლების სამინისტროს მედიკო-პედაგოგიური კომისიის მუშაობაში.
ილია კეჭაყმაძე ავტორია რამდენიმე ათეული სამეცნიერო ნაშრომისა, მუშაობდა დაწყებითი სკოლის მოსწავლეთა მიერ ტექნიკური ცნების დაუფლებისა და ექვსი წლის ბავშვების სასკოლო სწავლების ფსიქოლოგიური მზაობის საკითხებზე. 1980-90-იან წლებში მეცნიერის კვლევის ობიექტი გახდა სახალხო განათლების სისტემაში ფსიქოლოგიური სამსახურის ისტორიის, მდგომარეობისა და პერსპექტივის შესახებ არსებული მდგომარეობა. ბატონ ილიას ასევე გამოქვეყნებული აქვს მასალები ქართული ფსიქოლოგიის ისტორიიდან პროფესორ ბარნაბ ხაჭაპურიძისა და დოცენტ აგია ართილაყვას სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის და მათი პიროვნების ფსიქოლოგიური დახასიათების შესახებ. უახლოესი ნაშრომი მიძღვნილია დიმიტრი უზნაძის ფსიქოლოგთა საერთაშორისო კონგრესებში მონაწილეობის საკითხისადმი. მკვლევარი ასევე მუშაობს სკოლის ფსიქოლოგიური სამსახურის საკითხებზე. პროფესორ ილია კეჭაყმაძის მეცნიერული და პედაგოგიური გამოცდილების ამსახველი მასალები იბეჭდება ადგილობრივ და საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალ-გაზეთებში.
 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა