
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსი თამარ დუნდუა, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ევროპეისტიკის დარგობრივი დეპარტამენტის ასისტენტ-პროფესორი შოთა როდინაძე და სტუდენტთა კარიერული განვითარების, კულტურისა და სპორტის დეპარტამენტის, კულტურისა და სპორტის განყოფილების უფროსი ზაზა ბერიძე „Erasmus+“-ის აკადემიური და ადმინისტრაციული მობილობის პროგრამის ფარგლებში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდნენ ბიალისტოკის უნივერსიტეტში (პოლონეთი).
ვიზიტის ფარგლებში, ბსუ-ს წარმომადგენლებმა მონაწილეობა მიიღეს უნივერსიტეტში გამართულ საერთაშორისო სამეცნიერო კვირეულში, რომლის მთავარი თემა იყო „ინტერნაციონალიზაცია, ინკლუზია და გლობალური პარტნიორობა უმაღლეს განათლებაში“.
ღონისძიების ფარგლებში განხილულ იქნა ინტერნაციონალიზაციის მნიშვნელობა, როგორც თანამედროვე უნივერსიტეტის განვითარების, ინკლუზიური აკადემიური გარემოს ფორმირებისა და საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი წინაპირობა. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო აკადემიური მობილობის პროგრამებს, საერთაშორისო პარტნიორობების განვითარებას, ინტერკულტურული კომპეტენციების გაძლიერებას, გენდერული თანასწორობის ხელშეწყობასა და კეთილდღეობის საკითხებს უმაღლესი განათლების სივრცეში.
სამეცნიერო კვირეულის პროგრამა ასევე მოიცავდა ორდღიან გასვლით ღონისძიებას ბიალისტოკის უნივერსიტეტის ფილიალში, ვილნიუსში (ლიეტუვა), სადაც მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ გაცნობოდნენ უნივერსიტეტის საერთაშორისო საქმიანობის პრაქტიკულ ასპექტებსა და რეგიონული თანამშრომლობის წარმატებულ მოდელებს.
ვიზიტი გამოირჩეოდა მაღალი აკადემიური და პრაქტიკული მნიშვნელობით. კვირეულის ფარგლებში გაიმართა არაერთი ორმხრივი შეხვედრა და პროფესიული დისკუსია, „Erasmus+“-ის პროგრამის ფარგლებში არსებული და სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობების, ასევე უმაღლესი განათლების ინტერნაციონალიზაციის მხარდამჭერი სხვა ევროპული ინიციატივების შესახებ. განხილულ საკითხებს შორის იყო KA2-ის ფარგლებში ერთობლივი პროექტების განხორციელება, შერეული ინტენსიური პროგრამების განვითარება და ევროპული სოლიდარობის კორპუსის ფარგლებში თანამშრომლობის პერსპექტივები.
ვიზიტმა ხელი შეუწყო ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ბიალისტოკის უნივერსიტეტს შორის პარტნიორული ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებას, საერთაშორისო ქსელების გაფართოებასა და ახალი ერთობლივი ინიციატივების დაგეგმვას.