სტუდენტთა კარიერული განვითარების, სპორტისა და კულტურის სამსახური

სამსახურის შესახებ

სტუდენტთა მხარდაჭერისა და მომსახურების სამსახურის ძირითად ფუნქციებს წარმოადგენს: სტუდენტთა საკონსულტაციო მომსახურება, სტუდენტური სასწავლო, სამეცნიერო, კულტურული და სხვა პროექტების განხორციელების ხელშეწყობა, დასაქმების ბაზრის კვლევებისა და სტუდენტთა დასაქმების ხელშეწყობის ღონისძიებების განხორციელება, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე სტუდენტებისათვის დახმარება უნივერსიტეტის საერთო ცხოვრებაში ინტეგრირებისა და მათი პრობლემების მოგვარების მიზნით, სტუდენტებისათვის პერიოდულად სპეციალურ სასწავლო და აკადემიურ საკითხებთან დაკავშირებული ტრენინგების გამართვა, სტუდენტთა მხარდაჭერის მიზნით სოციალური პროექტის მომზადება და განხორციელება.

სამსახური ადმინისტრაციასთან შეთანხმებით, უნივერიტეტის წარმატებული, სოციალურად დაუცველი, ობოლი, დევნილი და სხვა კატეგორიის სტუდენტებისათვის ყოველწლიურად ახორციელებს სასწავლო სოციალურ პროგრამას, ,,შეღავათები სწავლის საფასურში“. სამსახური ორგანიზებას უწევს სტუდენტური დასაქმების პროგრამებს, უზრუნველყოფს სასწავლო სფეროში მიმდინარე სხვადასხვა კონკურსების და პროგრამების შესახებ ინფორმაციის მოპოვებას და უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალისათვის მიწოდებას.

სამსახური აქტიურად თანამშრომლობს სტუდენტურ თვითმმართველობასთან და სხვა სტუდენტურ ორგანიზაციებთან, საინიციატივო ჯგუფებთან და სტუდენტურ პერიოდულ გამოცემებთან.

2008 წლიდან სტუდენტთა  მხარდაჭერისა და მომსახურების  სამსახურის შემადგენლობაშია კულტურისა და სპორტის ცენტრი.

უნივერსიტეტის არსებობა, მაღალკვალიფიციური პედაგოგიური კადრების მომზადება, მათი პიროვნებებად ფორმირება, ეროვნულ ფასეულობათა ჩამოყალიბება და მათი ინტეგრირება საერთაშორისო სივრცეში შეუძლებელია კულტურული ცხოვრების გარეშე.

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის კულტურულ-შემოქმედებითი ცხოვრება სათავეებს რამდენიმე ათეული წლის წინ იღებს. ჯერ კიდევ 30–იან წლებში, როცა პედაგოგიური სასწავლებელი იყო (შემდგომში პედაგოგიური ინსტიტუტი), ცნობილმა ქართველმა ქორეოგრაფმა, პედაგოგმა და ქართული ტანვარჯიშის ფუძემდებელმა – დავით ჯავრიშვილმა ცეკვა ,,ხორუმზე“ დაიწყო მუშაობა.

50–იან წლებში პედაგოგიურ ინსტიტუტში ჩამოყალიბდა ქართული ხალხური ცეკვისა და სიმღერის ანსამბლი, რომელიც წლების განმავლობაში იხვეწებოდა.

უკვე 70 –იანი წლებიდან უნივერსიტეტში ფუნქციონირებდა საესტრადო სიმღერების ანსამბლი ,,ზღვის ვარსკვლავები“ , რომლის ხელმძღვანელიც იყო ნოდარ ვარშანიძე.

80–იან წლებში ჩამოყალიბდა ხალხური საკრავების ანსამბლი, რომლის ხელმძღვანელი იყო ციალა ჩიჩუა.

1998 – 2008 წლებში არსებობდა ქალთა და ვაჟთა ვოკალური გუნდი – ხელმძღვანელი გულო ნოღაიდელი.

დღეისათვის, კულტურისა და სპორტის ცენტრი უზრუნველყოფს სხვადასხვა კულტურული ღონისძიებების ორგანიზებასა და ჩატარებას, ხელოვნების სხვადასხვა დარგში შესაბამისი სტუდენტური წრეებისა და ჯგუფების შექმნას, კულტურასა და ხელოვნებაში კონკურსების ორგანიზებას, უნივერსიტეტის ანსამბლებისა და შემოქმედებითი ჯგუფების საქმიანობის ხელშეწყობასა და მხარდაჭერას. ცენტრი ასევე ახორციელებს სპორტული ღონისძიებებისა და შეჯიბრებების ორგანიზებასა და გამართვას, სპორტის სხვადასხვა სახეობაში გუნდების შექმნასა და მომზადებას, სპორტული სასწავლო წრეების შექმნას.

ამჟამად კულტურისა და სპორტის ცენტრში ფუნქციონირებს შემდეგი წრეები:

–ქორეოგრაფიული ანსამბლი ,,ტბეთი“;

– საესტრადო სიმღერების წრე;

–თანამედროვე ცეკვების წრე;

–მინი ფეხბურთის ნაკრები;

–პლაჟის ფრენბურთის ნაკრები;

–სტუდენტური თეატრი ,,დასი“;

–მან–სან–კანის ნაკრები გუნდი ,,თეთრი გედი.“


 ანსამბლ ,,ტბეთს“ ათწლეულების მანძილზე ხელმძღვანელობდნენ ცნობილი ქორეოგრაფები და პედაგოგები: დავით ჯავრიშვილი, ალექსანდრე ჯიჯეიშვილი, გივი ჩიხლაძე, ნოდარ დევაძე, ჯემალ ჩიჩუა, თამაზ ბეჟანიძე, მიხეილ კილაძე, ვლადიმერ შალიკაშვილი, რევაზ ჭანიშვილი. ანსამბლის ქორეოგრაფიული ჯგუფის ძირითად ბირთვს წარმოადგენდნენ ნიჭიერი მოცეკვავეები: ჯუმბერ ლომთათიძე, ნოდარ და ნიაზ დევაძეები, ზაურ ლაზიშვილი, თამაზ ბეჟანიძე, ნონა ვარაზიშვილი, ნანული და მზია ნოღაიდელები, ცირა მამალაძე და სხვები.

ანსამბლი ,,ტბეთი“ არაერთი ფესტივალისა და კონკურსის გამარჯვებულია. იგი ყოველწლიურად ღებულობს მონაწილეობას როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ დაგეგმილ ღონისძიებებში და აქტიურადაა ჩართული უნივერსიტეტის კულტურულ ცხოვრებაში.

ანსამბლს ამჟამად ხელმძღვანელობს ცნობილი ქორეოგრაფი ზურაბ სვანაძე. უნივერისტეტის კულტურულ ისტორიას დღემდე ამდიდრებს მრავალფეროვანი შემოქმედებითი წრეები, რომლებიც სხვადასხვა დროს ფუნქციონირებდნენ და მუდამ რჩებოდნენ საზოგადოების ყურადღების ცენტრში.

1997 წლიდან უნივერსიტეტში შეიქმნა საესტრადო სიმღერების წრე. წრის ხელმძღვანელია გიული კუბლაშვილი. ვოკალური ჯგუფის მონაწილეებს საშუალება აქვთ პროფესიულ დონეზე შეისწავლონ სიმღერის ხელოვნება და მათი შემოქმედება გააცნონ არამარტო ბათუმის, არამედ მთელი საქართველოს ახალგაზრდობას. ამიტომაც იყო, რომ ვოკალური ჯგუფის არაერთი წევრი გახდა სატელევიზიო პროექტების წარმატებული მონაწილე – ,,ნუცას სკოლა“, ,,იმედის ტალღა“, ,,ჯეოსტარი“, რამდენიმე მათგანმა უნივერსიტეტის დასრულების შემდეგაც გააგრძელა აქტიური სასცენო მოღვაწეობა ისეთ ქალაქებში, როგორიცაა კიევი, მოსკოვი, ოდესა, ლონდონი, პრაღა.

უნივერსიტეტის ვოკალური ჯგუფი საშუალებას აძლევს ნიჭიერ სტუდენტებს სცენაზე ეზიარონ სიმღერის ხელოვნებას და გაიზარდონ შემოქმედებითად. ამის დასტურია ის, რომ უნივერსიტეტმა ამ რამდენიმე წლის განმავლობაში ბევრი ნიჭიერი მომღერალი აჩუქა ბათუმს და მთელ საქართველოს.

1989 – 1992 წლებში უნივერსიტეტში ფუნქციონირებს თეატრალური დასი, – მოღვაწეობდნენ გურამ აბესაძე, დათო ხინიკაძე, ლევან ღლონტი, კობა ფატური, თემურ კეჟერაძე, ვაჟა ბიბილეიშვილი, ზაზა სიხარულიძე. დაიდგა შემდეგი სპექტაკლები: ,,დარაბებს მიღმა გაზაფხულია“, ,,გადარჩენილი უკვდავება“.

2008–2010 წლებში დასს სათავეში ჩაუდგა რეჟისორი ოთარ ქათამაძე. ამ პერიოდში დაიდგა შემდეგი სპექტაკლები: ,,ღია შუშაბანდი“, ორი კუნძული შავ ზღვაში“, ,,უცხო ჩიტი“, ,,გველის მჭამელი“. 2009 წელს მოეწყო დასის გასტროლი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში, სადაც წარმატებით დაიდგა აღნიშნული სპექტაკლები.

2001–2004 წლებში შეიქმნა სამეჯლისო ცეკვების წრე, ხელმძღვანელი – ინგა საყვარელიძე.
1996 წ. ჩამოყალიბდა მან–სან–კანის პირველი საუნივერიტეტო ნაკრები – ხელმძღვანელი როინ დვალი.

კულტურისა და სპორტის ცენტრთან არსებულ სხვადასხვა სახის წრეებში უნივერსიტეტის სტუდენტებს შეუძლიათ თავისუფლად გაერთიანდნენ (ყოველგვარი დამატებითი გადასახადის გარეშე) და მიიღონ მონაწილეობა საუნივერსიტეტო ღონისძიებებში, ფესტივალებსა და სპორტულ ტურნირებში.

დაარსებიდან დღემდე სტუდენტთა მხარდაჭერისა და მომსახურების სამსახურმა არაერთი კულტურულ-შემოქმედებითი და შემეცნებითი სახის ღონისძიებასა და პროექტს ჩაუდგა სათავეში და წარმატებით განახორციელა.

სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტთან არსებული ფოტო-ვიდეო სტუდიასთან ერთად სტუდენტთა მხარდაჭერისა და მომსახურების სამსახურმა განახორციელა საკმაოდ საინტერესო და მნიშვნელოვანი პროექტი ,,სტუდენტის თვალით დანახული რუსული აგრესიის შეედეგები“, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ჟურნალისტიკის სცეციალობის სტუდენტებმა. ფოტო და ვიდეო ფირზე აღიბეჭდა ქალაქ გორში რუსეთის აგრესიის შედეგად დარჩენილი კვალი. პროექტის შედეგები წარმოდგენილი იყო ფოტო-გამოფენისა და ფილმის სახით. ფოტო–გამოფენა და პროექტის ფარგლებში მომზადებული ფილმის ჩვენება მოეწყო თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და თბილისის სახელწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში. პროექტი მნიშვნელოვანი იყო, როგორც ეროვნული ღირებულების თვალსაზრისით, ასევე იმ მხრივაც, რომ ეს ერთგვარად იყო გასვლითი სასწავლო პრაქტიკაც სტუდენტებისთვის.

სამსახურის მხარდაჭერით ამავე უნივერსიტეტის სტუდენტები მონაწილეობდნენ აჭარის სპორტის ზამთრის სახეობათა ფედერაციის მიერ სოფ. გომარდულში სამთო–სათხილამურო ბაზაზე ჩატარებულ ღონისძიებაში, რომელშიც მოიპოვეს მეორე და მესამე ხარისხის პრიზები.

სტუდენტთა მომსახურებისა და მხარდაჭერის სამსახურის ორგანიზებით შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები 2009 წელს მონაწილეობდნენ ტრადიციული ხელოვნების სტუდენტურ ფესტივალში – “ერის ხმა 2009“, სადაც ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს გადაეცა სიგელი აღნიშნულ ფესტივალში წარმატებული მონაწილეობისთვის.

სტუდენტთა მხარდაჭერისა და მომსახურების სამსახური პერიოდულად აგრძელებს კულტურული, სპორტული თუ შემოქმედებითი ღონისძიებების განხორციელებას.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
ნინოშვილის/რუსთაველის ქ. 35/32
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა