2018-2019 სასწავლო წლიდან ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში პლაგიატის აღმომჩენი პროგრამა Turnitin-ი ამოქმედდება. პროგრამის დანერგვა ხელს შეუწყობს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში როგორც პლაგიატის შემთხვევების გამოვლენას, აღმოფხვრასა და პრევენციას, ასევე სწავლა-სწავლებისა და ხარისხის განვითარებას აკადემიური კეთილსინდისიერების პრინციპების დაცვით. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა ბსუ-ს აკადემიური წერის სასწავლო კურსის პროფესორ-მასწავლებლებისთვის Turnitin-ის თემაზე ტრენინგი ჩაატარეს და მსმენელებს პროგრამის გამოყენების დეტალები გააცნეს. სწავლებას სისტემატიური ხასიათი ექნება და მის გავლას პილოტირებაში ჩართული ყველა სასწავლო კურსის პროფესორ-მასწავლებელი ეტაპობრივად შეძლებს.
პროგრამა ,,ERASMUS“+–ის პროექტის ,,აკადემიური კეთილსინდისიერება ხარისხიანი სწავლისა და სწავლებისათვის ქართულ უმაღლეს საგანმანათლებო დაწესებულებებში“ ფარგლებში პროექტის კოორდინატორმა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა შეიძინა. ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტისათვის მიმდინარე სასწავლო წელს 2000 ლიცენზიაა შეძენილი, მომავალი სასწავლო წლისთვის კი ლიცენზიების რაოდენობის გაორმაგებაა დაგეგმილი.
პროგრამის პილოტირება პროექტის პარტნიორ საქართველოს 12 უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში 2018-2019 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრიდან იწყება.
უკან |