3-5 მაისს, ბელგიის ქალაქ გენტში, ლუვენის კათოლიკური უნივერსიტეტის ტექნოლოგიურ კამპუსში შედგა სასწავლო ვიზიტი „ერაზმუს+“-ის საგრანტო პროექტის „საქართველოსა და უკრაინის უსდ-ების როლის გაძლიერება ინდუსტრიულ ტრანსფორმაციაში ინდუსტრიული პარადიგმა 4.0-ის მეშვეობით - HEIn4“ ფარგლებში. ბათუმის უნივერსიტეტიდან ვიზიტში მონაწილეობდა პროექტის მენეჯერი და მკლევარი, ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ლელა თურმანიძე, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელი, პროფესორი ვლადიმერ ღლონტი და მკვლევარი, ასოცირებული პროფესორი ნანა მაზმიშვილი.
ვიზიტი ითვალისწინებდა პარადიგმა 4.0 კონცეფციის განვითარებისთვის ევროპული უნივერსიტეტების გამოცდილების გაზიარებას. შეხვედრაზე წარმოდგენილი იყო საფრანგეთის, ბელგიის და გერმანიის უნივერსიტეტების წარმატებული პრაქტიკა საგანმანათლებლო პროგრამებში ინდუსტრია 4.0 კონცეფციის ინტეგრირების, მრეწველობის განვითარებაში უნივერსიტეტების როლისა და პარტნიორი უნივერსიტეტების წარმატებული პროექტების შესახებ.
ვიზიტის ფარგლებში მონაწილეებს საშუალება მიეცათ, დაეთვალიერებინათ ვოლვოს ქარხანა, დასწრებოდნენ ქარხნის წარმომადგენლების მიერ ორგანიზებულ სემინარს წარმატებული მენეჯმენტის და გუნდის მართვის საკითხებზე.
პროექტის კოორდინატორია ლუვენის კათოლიკური უნივერსიტეტი. საქართველოდან პროექტში ჩართულია ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი და საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების ასოციაცია (GITA).
უკან |