ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური

ბსუ-ში აკადემიური პერსონალისთვის ტრენინგ-მოდულების ციკლი წარმატებით დასრულდა

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში წარმატებით ჩატარდა აკადემიური, სამეცნიერო და მოწვეული პერსონალისთვის განკუთვნილი ტრენინგ-მოდულების ახალი ციკლი, რომელიც უმაღლეს განათლებაში სწავლებისა და შეფასების თანამედროვე მიდგომებს, საგანმანათლებლო პროგრამების ხარისხის უზრუნველყოფას, ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტების პასუხისმგებლიან გამოყენებას და საგრანტო პროექტების მომზადებას მოიცავდა. ტრენინგების მიზანი იყო პროფესორ-მასწავლებლების პროფესიული განვითარების მხარდაჭერა და უნივერსიტეტში სწავლა-სწავლების ხარისხის კიდევ უფრო გაძლიერება.

ტრენინგების ფარგლებში გაიმართა თემატურად ერთმანეთთან დაკავშირებული შეხვედრები, რომლებიც შეეხებოდა ხელოვნური ინტელექტის პასუხისმგებლიან გამოყენებას უმაღლეს განათლებაში, საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის სტანდარტებთან შესაბამისობას, სწავლების აქტიურ მეთოდებს, სწავლის შედეგების ვალიდურობასა და გაზომვადობას, ასევე საგრანტო განაცხადის მომზადების ძირითად საფეხურებსა და ეფექტიან სტრატეგიებს. თითოეული შეხვედრა წარიმართა ინტერაქტიულ ფორმატში (დისკუსიები, ჯგუფური მუშაობა, პრაქტიკული სავარჯიშოები), რაც მონაწილეებს შესაძლებლობას აძლევდა, მიღებული ცოდნა რეალურ აკადემიურ კონტექსტში გაეზიარებინათ და პრაქტიკაში გამოეცადათ.

ტრენინგების ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო პრაქტიკულ კომპონენტს: აკრედიტაციისთვის პროგრამების მომზადებისას მონაწილეებმა განიხილეს სტანდარტებთან შესაბამისობის ლოგიკა და გავრცელებული გამოწვევები; აქტიური სწავლების მოდულში განხილული იქნა მეთოდების შერჩევა სხვადასხვა აუდიტორიისთვის, ჩართულობის მართვის ტექნიკები და შეფასების ინსტრუმენტებთან კავშირი; საგრანტო განაცხადის წერის ტრენინგზე ფოკუსი გაკეთდა იდეის ფორმულირებაზე, მიზნებისა და შედეგების ლოგიკურ ჯაჭვზე, საქმიანობათა დაგეგმვასა და არგუმენტაციის გამყარებაზე; ხოლო სწავლის შედეგების ვალიდურობისა და გაზომვადობის ნაწილში მონაწილეებმა იმუშავეს შედეგების სწორ ფორმულირებაზე, ინდიკატორების შერჩევაზე და შეფასების მეთოდებთან მისადაგებაზე.

მონაწილეთა უკუკავშირი განსაკუთრებით პოზიტიური იყო. შეფასებებში აღინიშნა, რომ ტრენინგებმა „გაამარტივა სტანდარტების წაკითხვა პრაქტიკული კუთხით“, „მოცემული ინსტრუმენტები პირდაპირ გამოყენებადია სილაბუსისა და პროგრამის განახლების პროცესში“, ხოლო ინტერაქციულმა მუშაობამ „გააძლიერა გამოცდილების გაზიარება სხვადასხვა ფაკულტეტს შორის“. მონაწილეთა ნაწილის შეფასებით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი აღმოჩნდა ხელოვნური ინტელექტის გამოყენების ეთიკურ ჩარჩოებზე ერთიანი ხედვის ჩამოყალიბება და პასუხისმგებლიანი პრაქტიკის მაგალითების განხილვა.

ტრენინგების დასრულების შემდეგ მონაწილეებს გადაეცათ შესაბამისი სერტიფიკატები.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა