გარემოსთან ადამიანის ადაპტაციის მექანიმები საუკუნეების განმავლობაში ყალიბდებოდა და ერგებოდა კონკრეტულ საცხოვრებელ პირობებს. ეს მექანიზმები ემპირიულ ცოდნასა და ისტორიულ გამოცდილებას ეფუძნებოდა და აუცილებელი იყო არსებულ პირობებში ადამიანების სიცოცხლის შენარჩუნებისათვის. XXI საუკუნეში, ძალზე გართულებული ეკოლოგიური მდგომარეობის პირობებში, თანამედროვე საზოგადოებას ესაჭიროება იმ ჭეშმარიტების გააზრება, რომ ეკოლოგიური წონასწორობის დარღვევამ, ბუნებისა და ადამიანის ურთიერთობებში ბზარის გაჩენამ შესაძლოა კაცობრიობა თვითგანადგურებამდეც მიიყვანოს და საჭიროა სათანადო ნაბიჯების გადადგმა ბიოსფეროს გადასარჩენად, იმ მდიდარი ეთნოეკოლოგიური გამოცდილების გაზიარება, რაც მრავალ თაობას გარემოსთან ადაპტაციის ხანგრძლივ ისტო-რი¬ულ პროცესში ჩამოუყალიბდა.
საუკუნეების განმავლობაში ქართველმა ხალხმა გარემოსთან ურთიერთობის რაციონალური ფორმები, გარემო ფაქტორებთან შეგუების, გარემო პირობების მაქსიმალურად გამოყენების ოპტიმალური სტრატეგია შეიმუშავა, რის წყალობითაც მიღწეული იქნა ბუნებისა და ადამიანის სიმბიოზი. საქართველოში საუკუნეების განმავლობაში საკმაოდ წარმატებით გა-მოიყენებოდა მეურნეობის წარმოების ტრადიციული წესები, მთელი რიგი ქართული ხალხური აგროტექნიკური ხერხები, რომლებიც შემუშავდა მრავალსაუკუნოვანი გამოცდილების საფუძველზე. მაგალითად, აჭარაში, მცირემიწიანობის პირობებში მიწათმოქმედების კულტურის ამაღლებისათვის, მოსავლიანობის გადიდებისა და მიწათმოქმედების რაციონალური წარმოებისათვის მიმართავდნენ მთელ რიგ ღონისძიებებს, როგორიცაა: ახოს აღება, დიდი ხნით ნა-მუშევარი მიწების დასვენება, მინდვრის კულტურათა მონაცვლეობით და შერევით თესვა, მიწების განოყიერება-მორწყვა, ნიადაგების ხარისხიანი დამუშავების და დაცვის პრაქტიკული ხერხები და საშუალებები, ადგილობრივი ბუნებრივ-სამეურნეო პირობების პრაქტიკული ცოდნა და მისი გათვალისწინება.
მაგრამ, სამწუხაროდ, ბუნების დაცვის დახვეწილი მამა-პაპური ტრადიციები თანდათან და-იწყებას მიეცა და შეიქმნა არა მხოლოდ სამეურნეო დისკომფორტი, არამედ ეკოლოგიური პრობლემებიც. ადამიანსა და ბუნებას შორის ბალანსის დარღვევის გამო ბუნება თითქოს შურს იძიებს ადამიანზე სტიქიური უბედურებებით. ეს კიდევ ერთხელ ამტკიცებს იმ გამოცდილების შესწავლისა და გაზიარების აუცილებლობას, რაც ქართველ მეურნეს საუკუნეების განმავლობაში დაუგროვდა. ამ მიმართულებით კვლევას შემეცნებითთან ერთად პრაქტიკული მნიშვნელობაც აქვს. ასეთ კვლევებს შეუძლია გადაარჩინოს ბუნების დაცვის უძველესი წესები, მამა-პაპური ტრადიციები, შეიმუშავოს ეკოლოგიური ალტერნატივა, წამოჭრას ეკოლოგიური პრობლემები და გააკეთოს მათი პრაქტიკული გადაწყვეტის პროგნოზი. ანთროპოეკოლოგიურ კვლევებზე დაყრდნობით უნდა აღდგეს ნიადაგის დაცვის ტრადიციული ხერხები, სავარგულების სწორი ექსპლუატაცია. მშენებლობის ტაქტიკა ტრადიციულ ეკოლოგიურ ცოდნასა და კულტურაზე უნდა იყოს დაფუძნებული. ხალხური გამოცდილება გათვალისწინებული უნდა იყოს გზებისა და ხიდების მშენებლობისას, მდინარეების შესაძლებლობის გამოყენებისას. ბუნებრივი პირობების უკეთ გამოყენება, რეკომენდაციების შემუშავება ბუნებრივი ეკოსისტემების შენარჩუნებისათვის, - ესაა პრობლემები, რომელთა გადაჭრაშიც თავისი დიდი წვლილის შეტანა შეუძლიათ ეთნოლოგებს.
უკან |